თამთა ჩაჩანიძე
06.12.2022

ჩრდილოეთ ოსეთის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ალანის“ წევრების თბილისში ვიზიტს და ოსური ცეკვის მასტერკლასებს ცხინვალის უკმაყოფილება მოჰყვა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებამ „ალანის“ ვიზიტი დაგმო, მთავარ მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საუბარია კონტაქტებზე იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც ჰქვია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და რომელიც, მათი თქმით, არაკანონიერია.

როგორც ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, ამავე ანსამბლმა მისი მინისტრობის დროსაც ჩაატარა ფილარმონიაში კონცერტი და ამას მაშინაც ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა. ზაქარეიშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მაინც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციაა და სჯობს ოფიციალური თბილისი მისი არსებობის მიზანშეწონილობაზე დაფიქრდეს.

ამასთან, როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ზოგადად საქართველოსა და ქართველებისადმი ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მისივე თქმით, ცხინვალში აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ვლადიკავკაზი თბილისისადმი ლოიალურია. პოზიციებში ასეთი განსხვავება სოციალური ქსელების ოსურ სეგმენტში მიმდინარე დისკუსიაშიც ჩანს. გარდა ამისა, ამის შესახებ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს ცხინვალში - რომ „პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია“ და „სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ურთიერთობა გაწყვეტილია, ინტეგრაციის პროცესები არ დაწყებულა“.

ოსური ცეკვის სამდღიანი მასტერკლასი თბილისში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ომარ ხუბაევი, ვლადიკავკაზის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ალანის“ სოლიტები მაია ძაგოევა და ასლანბეგ გოგიჩაევი და მუსიკოსი ზარინა გუჩმაზოვა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თბილისში ვიზიტის შემდეგ ანსამბლი „ალანი“ ცხინვალს ეწვია. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და მას ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, დე ფაქტო კულტურის მინისტრი და რუსეთის „ელჩი“ ესწრებოდნენ. 

არადა მანამდე ერთი დღით ადრე, თბილისის „სკანდალური მასტერკლასი“ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ეროვნული პოლიტიკის, კულტურისა და რელიგიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. როგორც ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარე ამირან დიაკონოვმა განაცხადა, საუბარია კონტაქტებზე იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ჰქვია და რომელიც, მისი თქმით, არალეგალურია. ამიტომ, მისი აზრით, მომხდარის საჭიროა სამართლებრივი შეფასება.

„მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა სახელმწიფო ანსამბლ „ალანის“ მოცეკვავეების საქართველოში ვიზიტზე. კერძოდ, ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ვიზიტთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთ დროს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების ხელყოფის, ტერორიზმისა და სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლების მიხედვით. ეს სისხლის სამართლის საქმე რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის იურისდიქციაშია და იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად გავეცნოთ სიტუაციას, აუცილებელია მათი მოწვევა. მიმაჩნია, რომ ამ ე.წ. „დროებით ადმინისტრაციასთან“ ვიზიტები სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებისა და პროკურატურის ყურადღების ობიექტი უნდა იყოს", - თქვა ამირან დიაკონოვმა.

ამირან დიაკონოვმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შესთავაზო, რომ გაიმართოს ერთობლივი შეხვედრა კგბ-ს და პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით.

სხდომაზე მყოფმა დე ფაქტო კულტურის მინისტრმა რადა ძაგოევამ კი განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ერთჯერადი აქცია იყო და გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობამ მიიღო. რაც შეეხება ანსამბლის კონცერტს ცხინვალში, დე ფაქტო მინისტრის თქმით, ის დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მისი გაუქმება მიზანშეწონილი არ იყო რამდენიმე მოცეკვავის თბილისში მოგზაურობის გამო.

„დიახ, „ალანის“ არაერთი მოცეკვავე  საქართველოში იყო, რაც არასწორია. პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ურთიერთობა გაწყვეტილია, ინტეგრაციის პროცესები არ დაწყებულა. ჩვენმა სტრუქტურებმა ყველა ეს საკითხი ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განიხილონ. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა, მაგრამ ამის მეტი არაფერი გაკეთდება, არანაირი ზომები არ იქნება მიღებული“, - განაცხადა რადა ძიგოევამ. 

ე.წ. დეპუტატმა ალან ტადტაევმა კი დაამატა, რომ საქართველოსთვის დასავლეთის ქვეყნები „ზღაპრულ თანხებს გამოყოფენ, რათა რბილი ძალის მეშვეობით საქართველომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაიბრუნოს“. 

„მე ასე ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის არისტების ეს ვიზიტი საქართველოში ამ ფინანსური კომპონენტის გარეშე არ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებმა მიიღეს გარკვეული ფინანსური სარგებელი ამ მასტერკლასების ჩასატარებლად. უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ მსგავს გამოვლინებებთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ ვიღაცისთვის ფული არის ყველაფერი“, - განაცხადა ტადტაევმა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით 2007 წლის მაისში შეიქმნა. მისი დაარსების დღიდან მისი ლიდერი იყო დიმიტრი სანაკოევი. სანაკოევმა გადადგომის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის ოქტომბერში გააკეთა. ადმინისტრაციის ახალი უფროსი თამაზ ბესტაევი გახდა.

„ცხინვალისთვის მიუღებელია, რომ ვლადიკავკაზი თბილისის მიმართ ლოიალურია“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მაინც ამ ღონისძიებაში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მონაწილეობაა.

„ეს ანსამბლი თბილისში ადრეც იყო ჩამოსული და როცა სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, ფილარმონიაში დიდი კონცერტი ჩაატარეს. მაშინაც დიდი უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა. ვისაც მოსწონს, ისინი ჩუმად არიან და მიაჩნია, რომ ტრაგედია არაა. ვისაც არ მოსწონს, ისინი ხმაურობენ და ეს ხმაური ნაკლებად იყო ჩრდილოეთ ოსეთში. 

„ცხინვალისთვის მიუღებელია, რომ ვლადიკავკაზი თბილისის მიმართ ლოიალურია და ეს აღიზიანებთ. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი კი ის იყო, რომ ეს ჩამოსვლა თილისში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტრუქტურის მიერ იყო ორგანიზებული. უფრო მეტად ამას უსვამენ ხაზს, რომ ეს ორგანიზმი არის უკანონო და მათთან კონტაქტი არ შეიძლება.

„კარგია, რომ მაინც ჩამოდიან და თბილისთან თანამშრომლობას განაგრძობენ მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში წინააღმდეგი არიან. მაგრამ ამაზე მეტად მგონია, რომ მაინც სჯობს თბილისი დაფიქრდეს რამდენად ურჩევნია გამტარად ეს ავტონომიური ოლქის წარმომადგენლობა იყოს, რადგან გამაღიზიანებელი ფაქტორია. სჯობს პირდაპირი კონტაქტები იყოს თბილისსა და ვლადიკავკაზსს, თბილისსა და ცხინვალს შორის, ვიდრე სამშვიდობო პროცესებს რაღაც გამაღიზიანებელი ფაქტორები აფერხებდეს.

„ჩრდილოეთ ოსეთში თბილისზე ძირითადად დადებითი განწყობებია, აქ უფრო მეტი ადამიანისთვისაა მისაღები საქართველოსთან კონტაქტები. მათთან თბილისი უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსკოვი. საჭიროა სავაჭრო ურთიერთობები და კონტაქტები მყარი იყოს.  სამხრეთ ოსეთში განწყობები ძირითადად უარყოფითია, ცხინვალში მიაჩნიათ, რომ ვიდრე თბილისის მხრიდან ე.წ. საზღვრები არ იქნება აღიარებული, მანამდე ურთიერთობა მისასალმებელი არ უნდა იყოს.

„ჩრდილოეთ ოსეთის დაახლოებით  60%-ს თბილისთან ურთიერთობებს არც ცუდად აფასებს და არც კარგად, ამას არც განიცდის, სამხრეთ ოსეთში კი 80%-ს მაინც მიაჩნიათ, რომ თბილისთან ურთიერთობები არ შეიძლება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×