თამთა ჩაჩანიძე
23.01.2023

სამი ოპოზიციური პარტია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას" იწყებენ და 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით აქციას აანონსებენ. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ასეთ იდეას ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება და მარცხისთვისაა განწირული. ანალიტიკოსთა აზრი კი ორადაა გაყოფილი.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის" შექმნის იდეას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა ოპოზიციის გამოცოცხლების დასაწყისი იყოს.

„მგონია, რომ ეს მოძრაობა დანარჩენი პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გააქტიურებას ხელს შეუწყობს და გამოაცოცხლებს, მითუმეტეს იმ პროცესების ფონზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ „ნაცმოძრაობაში" ვითარდება.

„ჩემი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია გააქტიურებას აპირებს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ენმ-ში განვითარებული პროცესები ამავე პარტიის შემდგომ საქმიანობას გარკვეულწილად აფერხებს. ამ მოძრაობამ უფრო ფართო ხასიათი რომ მიიღოს, მასების მხარდაჭერას საჭიროებს, საქართველოში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც რუსეთს იცავენ.

„საინფორმაციო პოლიტიკაა ჩასატარებელი, რათა მოსახლეობას აუხსნან, რომ ოპოზიციას არანაირად ომი არ სურს, პირიქით, პროგრესზე არიან ორიენტირებულები, რატომ არის ცუდი „ქართული ოცნება" და რატომ არის ქვეყანაში დემოკრატია საჭირო და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით რა სარგებელს მოუტანს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძემ კი „ეროვნული მოძრაობის" შექმნის იდეას უტიფრობა უწოდა, აქციას კი „დიდი პოლიტიკური მკრეხელობა".

"რუბლებზე დამოკიდებულმა ელენე ხოშტარიამ და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძემ უტიფრად დაანონსეს ე.წ. ეროვნული მოძრაობის შექმნა. მათი ნულჯამოვანი ალიანსის წევრია ასევე ბოროტი კლოუნი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე.

"ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ფინანსები კვლავ გაჰყვება კანალიზაციას ირიბი და პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სუბიექტების არა თუ ფსევდო- ეროვნული მოძრაობის შექმნა, არამედ პოლიტიკაში ყოფნაც სირცხვილია ქართული პოლიტიკისთვის.

"უკრაინისადმი სოლიდარობის ნებისმიერი აქციაც დიდი პოლიტიკური „მკრეხელობაა" იმ სუბიექტებისგან, რომლებიც რუსეთის დესტრუქციული ინტერესების სასარგებლო იდიოტები არიან",- წერს გია აბაშიძე „ფეისბუქზე".

პარტია "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" ,"გირჩი მეტი თავისუფლება" სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად "განმათავისუფლებელ მოძრაობას" იწყებს. პირველი აქცია 24 თებერვალს დააანონსეს.„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი იწყებენ პროცესს, რომელიც „დიდ გამარჯვებამდე მივა".

„დღეს პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტული საზოგადოება თუ აკადემიური წრეები, ეროვნული მოძრაობის და უზენაესი საბჭოს წევრები ყველანი ერთად ვდგავართ და ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ - ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს სწორედ ის, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა, რომ ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამ არჩევანს გადახედოს. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას და გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა.

„ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ეს ჩვენზე ვერ იმუშავებს ვერც ერთ შემთხვევაში, ამიტომ გთავაზობთ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე, იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება არ გადაიხედება არასდროს და შევიკრიბოთ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს ვუთხრათ - როგორ მედგრადაც ყოველდღიურად თქვენთან ერთად იბრძვიან ჩვენი ბიჭები, ისე მედგრად ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენს გვერდით და ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება".

„ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ბიჭებო! მადლობა, რომ ასე მამაცად იცავთ ჩვენი ერის ინტერესებს ფრონტზე, რომელიც არის საქართველოს ფრონტი და არა უკრაინის ფრონტი. ფრონტზე, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს ფრონტი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე", - განაცხადა ვაშაძემ.

შეკრებილმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ აქცის რუსთაველის მოედანზე გაინმართება, 24 თებერვალი კი სიმბოლურად შეირჩა, რათა უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატონ.

„ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით.

„ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე", - თქვა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ კლასიკურ გიმნაზიასთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული - არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროპული კურსის მხარდასაჭერი აქცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიმართა, ხალხმრავალი იმიტომ, იყო, რომ პოლიტიკური ძალების მიერ არ იყო ორგანიზებული, არამედ ეს იყო ზოგადად ეროვნული სულისკვეთების გამოხატვა, რომლის თანაზიარიც, მისივე თქმით, იყო და არის ხელისუფლება. მათიკაშვილი აცხადებს, რომ წარმატებული ვერ იქნება იმ "პოლიტიკური დაჯგუფებების" გეგმები, რომლებიც საკუთარ დღის წესრიგს ტყუილზე აგებენ და არც ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ.

"უამრავი სპეკულაცია, ტყუილი და საკუთარი დღის წესრიგის ხალხის დღის წესრიგად გასაღების მცდელობა გვაქვს მოსმენილი და ნანახიც რადიკალური ოპოზიციისგან. ქართული საზოგადოებისთვის არახალია "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, ქაოსი შემოიტანონ და ქვეყნის განვითარების მდგრადი ტემპი შეაფერხონ.

„აქამდეც ყოფილა არაერთი ასეთი მცდელობა, მაგრამ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული, რეალურად ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით ამ პარტიების მხარდაჭერა ნულის ტოლია და იდეები, რომლებსაც ეს ბატონები აჟღერებენ, არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ არჩევანი, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას გულისხმობს, გაკეთებულია ძალიან დიდი ხნის წინ. სწორედ "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდგომ იქნა პირდაპირ დაფიქსირებული, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია სწორედ ევროპა და ევროკავშირია და ძალა, რომელმაც ამ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა, იყო "ნაციონალური მოძრაობა".

„ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი, ზოგიერთი პირი ისევ ცდილობს საკუთარი ტყუილები მოახვიოს საზოგადოებას თავს და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ძალებს, ასევე იმ ნებისმიერ პირს, ვისაც სურვილი აღმოაჩნდება, რომ ქვეყნის მდგრად, მშვიდ დემოკრატიულ სვლას ევროკავშირისკენ ხელი შეუშალოს.

„იმის გამო, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის ტყუილი და არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, საგარეო პოლიტიკური ვექტორი სწორედ "ქართული ოცნების" მიერ არის განსაზღვრული კონსტიტუციურ დონეზე, ამიტომ ასეთ ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება და ის მარცხისთვის არის განწირული,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×