ელზა პაპოშვილი
07.03.2023

მოულოდნელად შეცვლილ გადაწყვეტილებასა და ე.წ. აგენტების კანონის დაჩქარებული წესით განხილვა მასშტაბური საპროტესტო აქცია, პოლიციასთან შეტაკება, პარლამენტის შიგნით ფიზიკური დაპირისპირება და დასავლელი პარტნიორების მკვეთრად ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ახალი პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს შეიცავს და მათთვის გაუგებარია, რატომ აიტკივა მმართველმა პარტიამ აუტკივარი თავი.

„ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის აგენტების“ საკითხზე მომზადებული ორი კანონპროექტი, არსებული გეგმის თანახმად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად 9 მარტს უნდა გასულიყო. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვა სამშაბათს 3 საათზე დაიწყო. ამის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლეოსბის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გახლდათ.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მობილიზებული ოპოზიციის აქტივისტები უკვე იშლებოდნენ, თუმცა, ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხელახალი მობილიზაცია გამოაცხადეს და დღის ბოლოს ბარლამენტთან უკვა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია იყო შეკრებილი.

თავად პარლამენტში კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა. 

საბოლოოდ, პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ პირველ ვერსიას -  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უყარა კენჭი და ჩავარდნის ზღვარზე გაიარა - კანონპროექტს ზუსტად 76-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი, რაც მინიმალური რაოდენობაა დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის არ განუხილავთ და, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა.

ვითარების უკიდურესი გამწვავება როგორც პარლამენტის შიგნით, ისე პარლამენტის შენობასთან, სწორედ კენჭისყრის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს ბლოკირებული ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტი და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ ძალით დაატოვებინეს ტერიტორია.

პარლამენტის წინ კი დაიწყო შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. დაუდასტორებელი ინფორმაციით, ათობით ადამიანი სასწრაფო დახმარებამ სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანა.

პარალელურად შსს-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა“.

საბოლოოოდ ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ხალხმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა და რესპუბლიკის მოედნისკენ გადაინაცვლა.

აშშ-ის საელჩოს განცხადება და „ოცნების“ პასუხი

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ საგანგებო განცხადება გააკეთა და ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც „შავი დღე საქართველოს დემოკრატიისათვის“.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - წერია ამერიკისს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის საპასუხოდ, სამშაბათს გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის „შავი დღეს არის რადიკალური ოპოზიციისათვის და მისი გულშემატკივრებისთვის“.

იწყება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ არ გამორიცხავს რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიცია კარგად ახერხებს ამ თემის პედალირებას.  

„სწორია თუ არა და არის თუ არა ეს კანონპროექტი რუსული, ამაზე დავა და დისკუსია შეიძლება, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ  შეიძლება მიიღო კარგი კანონი, მაგრამ მერე იქ ისეთი შესწორებები შეიტანო, როგორიც გაწყობს, რაც ამ კანონის ირგვლივ რუსეთმა გააკეთა. 

„არის მეორე მომენტი - როცა ნახე, რომ არასწორად გაგიგეს, ვერ ახერხებ ხალხის დარწმუნებას, ამ რეალობას ხომ ანგარიში უნა გაუწიო. კანონის ორივე ვერსია ქართულ სინამდვილეში ძალიან წამგებიანია.  ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც დიდი წნეხის ქვეშ ხვდები, მოდის დიდი წინააღმდეგობა. ასეთი წნეხის პირობებში საერთოდ ჯობს, რომ უკან დაიხიონ. 

„მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შესაძლოა კანონის უკან წაღების მიზეზი, ვენეციის კომისიის დასკვნა გახდეს. სხვა მხრივ ამ კანონის ირგვლივ არაა გამორიცხული,  ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყოს. 

„ბევრი რამ დამოკიდებულია არა რეალობაზე, არამედ ეს რეალობა ადამიანებს როგორ წარმოუდგენიათ. თუკი საზოგადოების მხრიდან ეს კანონი შეფასდა, როგორც კატასტროფა, ხელისუფლება უნდა ელოდოს, რომ ამაზე რეაქცია საკმაოდ მწვავე იქნება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.    

მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხალხის იმაში დარწმუნებას შეძლებს, რომ ეს ქვეყნის და მათი შვილების ევროპულ მომავალს ხელს შეუშლის, მაშინ მასშტაბური პროტესტი დაიწყება. როგორც საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქართველი ხალხი, მართალია, ოპოზიციას არ ენდობა და მის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი, მაგრამ თუ საქმე ევროპულ მომავალს ეხება, ვხედავთ როგორც რეაგირებენ. ამიტომ მისთვის გაუგებარია რატომ შეიძლება უღირდეს ხელისუფლებას ამხელა თავის ტკივილად ეს კანონი. მითუმეტეს, რომ, 2020 წლის პოლიტიკური კრიზისისგან განსხვავებით, დღეს თუ იგივე პორბლემა გაჩნდა, დასავლეთი „ოცნების“ მხარეს აღარ იქნება. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია. ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს შესაძლოა ის შემთხვევა აღმოჩნდეს, როცა მოსახლეობას რეალურად გაუჩნდეს იმის შიში, რომ „ოცნება“  მათ ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.     

„თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ოპოზიცია სუსტია და ამის ფონზე ხალხი გარეთ არ გამოვა, ცდება. მისი ქმედება ცეცხლთან თამაშს ჰგავს. ამ კანონის მიმართ განსაკუთრებული პროტესტი ახალგაზრდებშია. ამიტომ, თუკი მათთში საპროტესტო მუხტი დაიძრა, მაშინ მისი გაჩერება რთული იქნება. მითუმეტეს ხელისუფლება ყველა მხრიდან ზეწოლის  ქვეშ იმყოფება. 

„ვიცით დასავლეთს დამოკიდებულება და ელჩების პოზიციაც ვნახეთ. ამიტომ ამ პროცესს ასე ადვილად ვერ გადააგორებენ. მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთიდან საკმაოდ დიდი ზეწოლის  ქვეშ იმყოფება. ამიტომ მისთვის ეს ყველაფერი ასეთი მარტივი არ და ვერ იქნება. შესაძლოა ეს კანონი დასავლეთის შანტაჟისთვის სჭირდება. ვენეციის  კომისიაში გაგზავნოს, ამით დრო  მოიგოს და ქვეყაში პოლიტიკურად პროცესების ჩაცხრომას დაელოდოს. თუმცა სიტუაცია თუ აფეთქდა, არ მგონია მისი კონტროლი გაუადვილდეს. 

„ამიტომ ყველას უჩნდება კითხვა - რატომ იტკიებს ხელისუფლება აუტკივარ თავს. მე ისევ ის ვერსია მაქვს, რომ ის რუსეთიდან მძიმე ზეწოლის ქვეშ არის და თავის გადარჩენას  ცდილობს, რაც შესაძლოა ქვეყანაში პროცესების  აფეთქების ფასადაც კი დაუჯდეს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ შიგნით არიან დეპუტატები, რომლებისთვისაც ეს კანონპროექტი მიუღებელია. ამიტომ ჩიტაძე ვარაუდობს, რომ თუკი ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა, არაა გამორიცხული, „ოცნების“ ზოგიერთმა დეპუტატმა პარტია დატოვოს კიდეც და ხელისუფლებას გაემიჯნოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×