ელზა პაპოშვილი
21.03.2023

არსებობს თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირიპირების საფრთხე? 7-9 მარტის მოვლენების შენდეგ, პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრშიც მკვეთრად გაიზარდა და თანდათან საზოგადოების ფართო ფენებსაც მოედო. საზოგადოებამ პრაქტიკულად ორ მტრულ ბანაკად დაიწყო დაყოფა. ბულინგი, შეურაცხყოფა, მუქარა, ირალიყების მიკერება და დამცირება რამდენიმე კვირაა სოციალურ ქსელში მასშტაბურ სახეს იღებს. 

ამაში კი ორივე მხარეა ჩართული. თავდასხმები ხდება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მათ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე, ასევე ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის მქონე საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე და ოპოზიიცის მომხრეებზე.

ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები თავის ოპონენტებს „ლიბერალურ“ ფაშიზმში ადანაშაულებენ. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ  მათ წინააღმდეგ ე.წ. ტროლები და ბოტები აამუშავა. გარდა ამისა, განათლების მინისტრის შეცვლას ისინი უმაღლეს სასწავლებლებშ რეპრესიებისა და ერთგვარი წმენდის დაწყების ნიშნად მიიჩნევენ.

ანალიტიკოსების აზრით, ვითარება ჯერჯერობით საგაგნგაშო არ არის, მაგრამ უკვე საკმაოდ სერიოზულია. ამ ტენდენციის შეჩერება კი ისევ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რომელმაც პოლიტიკოსებს უნდა აჩვენოს, რომ პოლიტიკური ბრძოლის ასეთი მეთოდები მისთვის მიუღებელია.

ურთიერთბრალდებების, ბულინგისა და თავდასხმების ქრონიკა

საზოგადოებაში გაჩენილი ბზარის, ბულინგისა და ამის შესაძლო შედეგების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის, დათო ტურაშვილის შემთხვევა იყო. ტურაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ ე.წ. „აგენტები კანონზე“ უარყოფითი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების შემდეგ, მასზე ტორლებმა და ბოტებმა მასობრივი თავდასხმა დაიწყეს. შეთითხნული და დამონტაჟებული ვიდეო კადრებით აჩვენეს, რომ თითქოს ის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა. 

მწერალი ამბობს, რომ მასზე მასობრივი დეზინფფორმაციის არნახული შეტევა დაიწყო. 19 მარტს კი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა. მას საავადმყოფოში გადაყვანა და რამდენიმე დღიანი მკურნალობა დასჭირდა.   

„3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით. რა მუხლით დაიჭირეს, იცით? საფრანგეთის აგენტობის. 

„ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და „ნასედკები“ დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს - წითელსო“, - განაცხადა ტურაშვილმა. 

ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე 7-8 მარტის აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სალომე კენჭიაშვილისთვის მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის გამო აცხადებს, რომ ბულინგის და შეტევის მსხვერპლი გახდა. მას სოციალურ ქსელში თავს დაესხნენ  და შეურაცხყოფას აყენებენ.    

მეორეს მხრივ, „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში შუა ლექციის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ლექციის ჩაშლა სცადეს. კობახიძის მისამართით სტუდენტების ნაწილმა გარკვეული პერფომანსიც მოაწყო, სადაც მისი წიგნები დაწვეს და განაცხადეს, რომ მას ლექციების კითხვის უფლება არ აქვს.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა.

„ჩვენ არ გავჩერდებით - ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ კი გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ამგვარი ფაქტების მოყვანა კიდევ მრავლად შეიძლება. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს პროცესი უკვე საკმაოდ ღრმადაა წასული და ხშირ შემთხვევაში უკვე რიგით მოქალაქეებს შორის ხდება დაპირისპირება პოლიტიკური პოზიციების გამო, საბედნიეროდ მხოლოდ სიტყვიერი.

„საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ დაპირისპირების ეს ხერხები მისთვის მიუღებელია“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ ქვეყანაში პოლარიზაციის ტემპერატურამ კიდევ უფრო იმატა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც ჩნდება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლების და ოპოზიციის გულშემატკივრები ქუჩაში გამოვლენ და ერთმანეთს გადაეყრებიან. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე  საბედნიეროდ ფიზიკურ დაპირიპირებას ორივე მხარე ერიდება, მაგრამ რისკები არსებობს. ამიტომ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ეს რისკები უნდა გაანალიზონ  და ცეცხლზე ნავთის დასხმა შეწყვიტონ.

„კარგი ისაა, რომ ამ ეტაპზე ეს დაპირისპირება სოციალურ ქსელებს არ სცდება და ფიზიკური დაპირისპირების სახეს არ იღებს. მაგრამ იმას, რასაც თვალს ვადევნებთ, არცთუ კარგი შედეგების მოტანა შეუძლია. 

„სიტყვიერი დაპირისპირების შემცირება  ყველაზე კარგად თავად საზოგადოებას შეუძლია. თუკი პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ დაპირისპირების ხერხები, რომელსაც თვალს ვადევნებთ, საზოგადოებისთვის მიუღებელია, ეს პროცესები შემცირდება. აქ ორივე მხარეს ვგულისხმობ - თავდასხმებს როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე. ზუსტად იგივე ხდება ორივე მათგანის მომხრე პირებზეც, იქნებიან ეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, თუ უბრალოდ ლექტორები, მასწავლებლები და სხვა დარგის წარმომადგენლები. 

„ჩვენ ვნახეთ თავდასხმა, შეურაცხყოფა, ბულინგი, წიგნების დაწვა ირაკლი კობახიძის მისამართით. ასევე ვნახეთ მწერალ დავით ტურაშვილის მისამართითაც. ორივე მხარე ამაში აქტიურად არის ჩართული. საზოგადოება თუკი ამ ყველაფერს დაგმობს, მაშინ მას განვრცობითი სახე აღარ ექნება. აქ არ უნდა იყოს შერჩევითი. როგორც ოპოზიციის მომხრე ადამიანების ბულინგი, დამცირება და იარლიყების მიწებება არ მოგვწონს, იგივე ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მიმართაც უნდა გამოვთქვათ. ამ შემთხვევაში შემცირდება პოლარიზაცია. სხვაგვარად ეს კიდევ უფრო  მოიმატებს და მერე უკვე ქუჩაში დაპირისპირების და სამოქალაქო მღელვარების საფრთხისს წინაშე დავდგებით“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, როცა დეპუტატები პარლამენტში ერთმანეთს ძველბიჭურად ექცეოდნენ და აღმოაჩინეს, რომ ეს საზოგადოებას არ მოსწონს და ორივე მხარის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდა, ამის შემდეგ ეს ძველბიჭობა პარლამენტში შეწყდა. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ სიძულვილის ენის მიმართ საზოგადოების პოზიცია ანალოგიურად მკაფიო უნდა იყოს.   

„ხელისუფლების და ოპოზიციის მოვალეობა ახლა ის უნდა იყოს, რომ ამ ანთებულ ცეცხლს, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა და კიდევ უფრო გაღვივდა, ფიჩხი კი არ  შეუკეთონ, წყალი დაასხან და ჩააქრონ. ხელისუფლება და ოპოზიცია საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემი თავად უნდა გახდეს. საზოგადოება მათ უყურებს და მათთვის პოლიტიკოსები მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ კი საპირისპირო პროცესს ვადევნებთ თვალს და ეს უფრო მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

7-9 მარტის მოვლენები, როგორც ბიძგი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქართველოში სიძულვილის ენა, დამუნათება, ე.წ. ბულინგი 7-8 მარტის შემდეგ არ დაწყებულა, უბრალოდ ახლა ამას უფორ მძიმე სახე მიეცა და ისედაც პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო გაიხლიჩა.  

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად რადიკალური ოპოზიციური მედიიდან სიძულვილის, შეურაცხყოფის, ტყუილის და ცილისწამების ენა ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. განსაკუთრებით ეს სოციალურ ქსელებეში იგრძნობა. ხელისუფლების ოჯახის წევრებზე, მათ ახლობლებზე წარმოუდგენელი თავდასხმა ხდება. 7-8 მარტის მოვლენებმა მისცა ბიძგი, რომ ეს ყველაფერი რეალურ ენერგიაში გადასულიყო. 

„ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან შეშფოთებაც კი ცალმხრივია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რატომღაც არ არიან ობიექტურები, როდესაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და დამუნათების მსხვერპლი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის  წევრები ხდებიინ. ნებისმიერი ადამიანის დამუნათება და მუქარა დაგმობილი უნდა იყოს, როგორც შინ, ასევე მის გარეთ. 

„სამწუხაროდ, დეპოლარიზაციის ვერცერთ ნიშანწყალს ვერ ვხედავ, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ. საქართველოს მოსახლეობის  უდიდესი ნაწილი, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი, ამის მომხრე არ არის. ბევრ მათგანს 90-იანი წლების შავბნელი დრო უნახავს და კარგად იციან ქვეყანას ასეთი დაპირისპირება სადამდე მიიყვანს. ამას აღარ გაიმეორებს, რაც არ უნდა მოწოდებები იყოს“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×