ია აბულაშვილი
23.03.2023

„ჩემი ინფორმაციით, 15 კაცი აპირებს, დატოვოს „ოცნება" და იგი უმრავლესობას კარგავს. ამიტომ მიდის მოლაპარაკება, რომ ეს ხალხი დაამშვიდონ. 12 წელია, ხელისუფლებაში ხარ და გინდა, კიდეც 16 წელი იყო. ასე არ ხდება, თანაც როცა კადრებიც არ გყავს," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.

„რეზონანსი": ცნობილი მოვლენების შემდეგ ოპოზიციაში კვლავ აქტუალურია ბოიკოტისა და ვადამდელი არჩევნების თემა. რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის ამ მოთხოვნებს იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის ლიდერები მოგვიწოდებენ, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია ჩაერთოს პროცესში.

იგორ კვესელავა: ჩემი ინფორმაციით, 15 კაცი აპირებს, დატოვოს „ოცნება." 15 კაცი თუ დატოვებს პარლამენტს, მაშინ „ოცნება" უმრავლესობას კარგავს. ამიტომ მიდის მოლაპარაკება, რომ ეს ხალხი დაამშვიდონ. 12 წელია, ხელისუფლებაში ხარ და გინდა, კიდეც 16 წელი იყო. ასე არ ხდება, თანაც როცა კადრებიც არ გყავს. დაბერდა „ოცნება" ისე, როგორც ოპოზიცია, ამიტომ ვამბობ, რომ საჭიროა ახალი ძალა.

ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გაააქტიურა ოპოზიცია და თითქმის მიძინებული ძალა გამოაღვიძა, მისცა იმის თქმის საშუალება, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენ გვიჭერს მხარსო. რაც შეეხება ბოიკოტს, ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ რას მისცემს ოპოზიციას, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ეს თემა ჯერ მხოლოდ შემოაგდო, მოსინჯა ნიადაგი და თუ დაინახავს, რომ მისთვის მომგებიანი არ არის, შეიძლება გადაიფიქროს კიდეც.

„რ": ვადამდელი არჩევნების ჩატარება რამდენად რეალურია?

ი.კ: ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც კი ამ მოცემულობაში ჩემთვის გაუგებარია. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ვერ მოიგებს, როგორც ვერ მოიგებს ხელისუფლება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომებზე კი იხეირებს ახალი ძალა, ამ ვითარებას გამოიყენებს, რომ აიღოს ძალაუფლება. ამის მაგალითები არის ისტორიაში. თებერვლის გადატრიალება სხვებმა მოახდინეს, მაგრამ ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკები.

„რ": ცვლილებაა პარლამენტშიც და მთავრობაშიც, ამ პროცესს როგორ შეაფასებდით?

ი.კ: განათლების მინისტრის შეცვლა საქმეს ვერ უშველის, განათლება რომ დანგრეულია, ეს ყველამ იცის. აუცილებელია სამთავრო ცვლილება. ერთი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მართლაც იბრძვის, ვერაფერს გააკეთებს. ჩვენი მთავრობა და პარლამენტი ცასა და დედამიწას შორის არის გაჩხერილი, სხვათა შორის ოპოზიციაც.

„რ": სააკაშვილის თემა კვლავ აქტუალურია, პოლონელი ექიმები მზად არიან, ჩამოვიდნენ საქართველოში, მაგრამ მთავრობა ყაბულს არ არისო, ამბობენ მიშას მომხრეები.

ი.კ: იმდენი თხარა ხელისუფლებამ, რომ მართლაც გამოთხარა სააკაშვილი. ამ დრომდე ვერავინ შეაბა ეჟვანი სააკაშვილის საქმეს. ვფიქრობ, რომ ვითარება არ უნდა გაამწვაონ, უნდა მოიძებნოს ბალანსი და გაუშვან. სააკაშვილი ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ თუ „ოცნება" ასე გააგრძელებს, შეიძლება ისევ უკან მოაბრუნონ ხელისუფლებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×