თამთა ჩაჩანიძე
27.03.2023

ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" აცხადებს", რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში მიაღწევს. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინი ჩიხშია შესული და სხვა გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ ბოლომდე იბრძოლოს და საბრძოლო მოქმედებები გაწელოს კიდეც, თუნდაც, ამ ომში რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეაკლას.

ამასთან მიიჩნევენ, რომ ახლა პუტინი დიდი დილემის წინაშეა და საქმე კარგად არ აქვს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით და არც ისაა გამორიცხული, რომ ბირთვულ იარაღზეც ხელი წაუცდეს.

„პუტინი, როგორც ჩანს, უარყოფს დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ დაარწმუნეს ის, რომ უნდა განიხილოს კონფლიქტის მოგვარების რაიმე კომპრომისი.

„პუტინი ფოკუსირებულია თავდაპირველი მიზნების გაჭიანურებული კონფლიქტის გზით მიღწევაზე, რომელშიც ის იმარჯვებს ძალის გამოყენებით უკრაინისთვის საკუთარი ნების მოხვევის ან დასავლეთის მიერ კიევის მიტოვების შემდეგ უკრაინის ნების გატეხვის გზით", - აღნიშნულია "ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ დაარწმუნოს პუტინი მისაღები პირობებით მოლაპარაკებების აუცილებლობაში.

„რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაგრძელება ბახმუტისა და ავდიივკას ირგვლივ, ისევე როგორც ლუგანსკის და დასავლეთ დონეცკის ფრონტის ხაზების გასწვრივ, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინი რჩება გაჭიანურებულ ომში გამარჯვების მიღწევის ერთგული, რომლის შედეგს, დიდწილად, ადგილზე არსებული სამხედრო რეალობები განსაზღვრავს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინას სამი ვარიანტი აქვს: შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რაც გამოიწვევს კატასტროფულ დამარცხებას; განაგრძოს შეზღუდული სამხედრო ოპერაციების ჩატარება მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს წაახალისებს პუტინს შემდგომი თავდასხმებისკენ; წამოიწყოს კონტრშეტევა, რათა დაარწმუნოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში, ან შექმნას ისეთი სამხედრო რეალობა, რომ კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა შეძლონ კონფლიქტის ეფექტურად გაყინვა პუტინის გადაწყვეტილების მიუხედავად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პუტინს „უკრაინასთან გაუვიდა", შეეცდება, რომ „საბჭოთა კავშირი 3" გეგმა განახორციელოს.

„ახლა მითუმეტეს, როცა ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, პუტინს უკან დასახევი გზა და სხვა გამოსავალი აღარ დარჩენია. მას ახლა სურს, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მეორე ვარიანტი ისაა, რომ პუტინს ახლა „საბჭოთა კავშირი 3"-ის შექმნა სურს.

„ადრე პუტინს „საბჭოთა კავშირი 2"-ის შექმნის იდეა ჰქონდა და ჩაუვარდა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნები უნდა შეეყვანა, თუმცა, ახლა მესამე გეგმაში სხვა ამბიციები აქვს და სხვა ქვეყნების შეყვანაც სურს, მაგალითად ირანი, მოლდოვა, საქართველო, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე, უკრაინის დამორჩილება სურს და ამის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ჩარევას არ მოერიდება.

„თუ პუტინს უკრაინასთან გაუვიდა, მერე შეეცდება, რომ „საბჭოთა კავშირი 3"-ის სცენარი განავითაროს. იდეის შესასრულებლად შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო, რომ ქვეყნები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს.

„პუტინი ახლა გეოპოლიტიკური დილემის წინაშეა. პრობლემები აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მას სხვა გამოსავალი აღარ აქვს, ბოლომდე ბრძოლის გარდა. პუტინის წაგებას კრემლის შიგნით მოქმედი პოლიტიკური კლანებიც ელოდებიან, მან ოპოზიციის განადგურება კი შეძლო და ახლა ვინც ჰყავს მოჩვენებითია, მაგრამ მას თავისი მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები ჰყავს. თუნდაც პრიგოჟნი, რომელსაც ერთი სული აქვთ, რომ პუტინი დაემხოს და სათავეში მოვიდნენ.

„კრემლში ძალოვნების, პრიგოჟინის და სხვა რამდენიმე დაჯგუფებაა, რომელთა შორის დაპირისპირებაა და მოვლენები როგორ განვითარდება, რუსეთ-უკრაინის ომის კონტურებზეა დამოკიდებული",-განაცხადა მან.

ამბობს, რომ თუ პუტინმა შეატყო, რომ ომში აგებს, არაა გამორიცხული, რომ ბირთვულ იარაღზეც წაუცდეს ხელი.

„როგორც ჩანს, ბირთვულ იარაღზე პუტინი მაღალი ალბათობით წავა, ახლა იგი დილემის წინაშეა. მას მენტალური პრობლემებიც აქვს და ამაზე შესაძლოა თავისუფლად წავიდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსტიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს პუტინს იმედი ჯერ კიდევ აქვს და მიზნებს ამიტომაც არ იცვლის, თუმცა, საბოლოოდ გეგმების შეცვლა მოუწევს.

„ვფიქრობ, რომ მომავალში პუტინის მიზნები შეიცვლება. დღეს იმიტომ არ იცვლება, რომ რუსეთმა 300 ათასი რეზერვის და 40 ათასამდე მსჯავრდებულის მობილიზაცია განახორციელა. ამ ძალების ფრონტზე გაგზავნას აპირებს. ამასთან, იმედი აქვს, რომ ირანი დრონებს მიაწვდის და ჩინეთთან შეიარაღების მიწოდებაზე შეთანხმდება.

„პუტინს იმედი ჯერ კიდევ აქვს, რომ უკრაინას სამხედროების რაოდენობით გამოფიტავს. რუსეთის ბიუჯეტმა 2023 წლიდან მნიშვნელოივანი რღვევა დაიწყო, მაგრამ მის განკარგულებაშია ე.წ. ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, სადაც დაახლოებით 90 მილიარდი დოლარია აკუმულირებული და სანამ ეს აქვთ, პუტინს რაღაცის იმედი აქვს იბრძვის და მერე ყველა რესურსი, რომ ამოეწურება ნელ-ნელა უკანდახევა მოუწევს.

„პუტინი ომს გაწელავს, თუნდაც ამაში რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეაწყვიტოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×