თამთა ჩაჩანიძე
25.05.2023

ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ყოფილ თანაგუნდელს ხატია დეკანოიძეს უპირისპირდება და ეჭვობს, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებასა" და დეკანოიძეს შორის გარიგება იყოს. წითლიძე ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება" ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალებას მისცემს, ეს პოლიტიკური კორუფცია იქნება. „ოცნება" კი ამტკიცებს, რომ არავითარ გარიგებას ადგილი არა აქვს.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, „ოცნებას" დეკანოიძე-გოცირიძით არანაირი მოგება არა აქვს და წითლიძის ბრალდებაც გაუგებარია. ეს უფრო ერთმანეთთან ანგარიშის გასწორებას ჰგავს.

„მე მგონი ერთმანეთთან ასწორებენ ანგარიშებს, რეალური არის თუ არა წითლიძის განცხადება, ესეც გაუგებარი ბრალდებაა, რადგან რა მოგება შეიძლება ნახოს „ქართულმა ოცნებამ" ამათი (გოცირიძე-დეკანოიძის) გაერთიანებით, გაუგებარია. ეს უკვე ოპოზიციის „საოჯახო" საქმეებია", -განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანი წითლიძე ამბობს, რომ არავის არაფერს აბრალებს, თუმცა გარიგება თუ შედგა, ეს პოლიტიკური კორუფცია იქნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ინტერესში შედის, „ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს. კანონით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს, თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქცის, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ იგივე დაფინანსებით, რაც აქვს ფრაქციას.

„როდის შემდეგ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ" იზრუნოს ოპოზიციის კომფორტზე, რომ თვეში 10 ათასი ლარი დაფინანსება ჰქონდეს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინე თალაკვაძის და პაპუაშვილის კომენტარები და ასეთი კომენტარები რომ ჩემს ინიციატივაზე გაეკეთებინათ, უხერხულობას ვიგრძნობდი ნამდვილად, რადგან მათ გვითხრეს, რომ რეგლამენტში ეს ცვლილება დაჩქარებულად შემოიტანეს იმიტომ, რომ თურმე ხელს უწყობენ მრავალპარტიულ საქმიანობას. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, ბიუროზე დაჩქარებულად გადის ცვლილებები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ფრაქციიდან გარიცხულ ამ წევრებს შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და მიიღონ 10 ათასი ლარის დაფინანსება თვეში. რა აუცილებლობაა ამის?! მე წარმოვიდგინე ახლა თქვენი რეაქცია როგორი იქნებოდა, ანა წითლიძეს ან „ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრს ბიუროზე ეს ინიციატივა რომ დაეყენებინა, შემდეგ დაჩქარებულად მიეღო ბიუროს და პაპუაშვილს, თალაკვაძეს განცხადებები ეკეთებინათ, რომ თურმე ჩემი განცხადება არის დესტრუქციული და ცვლილებები საჭირო გახდა იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული.

„ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს უარი უთხრეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, შემდეგ მათ დააინიცირეს ცვლილება და კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა აუცილებლობა არსებობდა რომ ბიუროზე ეს ყოფილიყო დაჩქარებული წესით? მათ შეეძლოთ ეთქვათ და გადაეტანათ საშემოდგომოდ. რა, არ გადაუტანიათ? არ აკეთებს ამას „ქართული ოცნება", როცა მას სჭირდება? ბიურომდეც არ მისულა ჩვენი ინიციატივები, მათ შორის ისეთი, როგორიც ეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს, ამიტომ ჩნდება კითხვა და მე კიდე მგონია, რომ ქალბატონი ხატიას და რომანის ეს ინიციატივა მათსავე საწინააღმდეგოდ ძალიან კარგად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ" იმისთვის, რომ ამ ხუთ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, რომლის დაფინანსება თვეში ათი ათასია. ამიტომაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ცვლილებებს წაიკითხავს. დანარჩენი შეაფასოს საზოგადოებამ. მე ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს რეგლამენტში ეს ცვლილება მომეთხოვა და „ქართულ ოცნებას" მხარი დაეჭირა, პაპუაშვილს და თალაკვაძეს ეს კომენტარები ეკეთებინათ", - განაცხადა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი რომან გოცირიძე ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნუ აპელირებენ ბიუჯეტით, ბიუჯეტი ჩემზე უკეთესად არავინ იცის. მე, უბრალოდ, არ მინდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მეგობრები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს წელიწადში 2.1 მილიონი ლარი დაფინანსება, „ნაციონალური მოძრაობის" 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე, ეს არის ნახევარი მილიონი ლარი და აპარატში არის კიდევ ერთი ნახევარი მილიონი ლარის დახმარება, პარტიას ოთხი მანქანა ჰყავს. ამ 2.1 მილიონს თითქმის 1 მილიონი ლარი ემატება და იმით არგუმენტირებენ, რომ პარლამენტი დაზიანდება, რომ ჯგუფს ექნება (დაფინანსება). ჯობია, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით ფინანსებს ნუ ახსენებენ", - აღნიშნა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

ენმ-ს ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წითლიძის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ აღშფოთების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ შეიძლება ენმ-ს ფრაქცია დაიშალოს, „როგორც პარტია იშლება".

„ტალახის სროლაში არავის შევყვები ნამდვილად, არც „ნაციონალურ მოძრაობას" მათ შორის, და ყველას ვურჩევ, რომ საკუთარ ფრაქციაში დასვას კითხვები, საკუთარი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან და მათ შორის, საკუთარი ფრაქციის ყოფილ წევრებთან. ალბათ ამისი მიზეზი, რატომაც ახლა ასეთი აღშფოთებულები არიან, არის ის, რომ ენმ-ს ფრაქცია კიდევ შეიძლება დაიშალოს ისევე, როგორც იშლება პარტია", - ამბობს დეკანოიძე.

„ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ არავითარ გარიგებას ადგილი არ აქვს და არც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხია გადაწყვეტილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×