რას მტკიცებულებებს წარადგენს „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ? იკვეთება თუ არა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა და სალომე ზურაბიშვილის გადაყენების შემთხვევაში გაიმართება თუ არა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, ის მხოლოდ საკუთარი სახელი მოქმდებს და არა როგორც სახელმწიფოს მეთაური. ამასთან, მისი პოზიცია არ ეწინაარმდეგება მთავრობის საერთო ინტერესს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეეცდება ევროპელი ლიდერები დაარწმუნოს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. მთავრობასას და მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამით პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და ამის გამო მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ.
ტურნეს ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საგულისხმო იყო შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის „პირად დამოკიდებულებას" ევროკავშირში საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით.
მისივე აზრით, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის გადაყენება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც „ქართულ ოცნებას" პარლამენტში ამისათვის საჭირო 100 ხმა არ აქვს. თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ახალ პრეზიდენტს 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
„რაც შეეხება მტკიცებულებების წარდგენას, თვითონ უნდა წარადგინონ, მოიფიქრონ და უნდა დაასაბუთონ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. ჯერჯერობით, რაც მოსმენილი გვაქვს, საუბარი ექნებათ საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტზე, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში. ამაზე იქნება საუბარი, რადგან მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა პრეზიდენტს და ამიტომ უფლება არ ჰქონდა ეს ვიზიტი განეხორციელებინაო. ალბათ ეს იქნება მათი არგუმენტი და აქ მტკიცებულება არ იქნება საჭირო.
„ახლა აქ სასამართლომ უნდა შეაფასოს პრეზიდენტის ეს მოქმედება, ანუ ეს ვიზიტი მართლაც არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა. ამასთან, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, ძირითადად მედიაში ან სოციალურ ქსელებში რაც იწერება, ამის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ კონსტიტუციონალისტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია.
„მათ შორის მეც ვთვლი, რომ არ დაურღვევია კონსტიტუცია. იმიტომ, რომ პრეზიდენტს ორი ვიზიტი ჰქონდა ჯერჯერობით, ორი შეხვედრა და ამ ვიზიტების დროს პრეზიდენტი მოქმედებდა თავისი პირადი სახელით და არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. ანუ ის ამ შემთხვევაში გამოხატავდა არა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების პოზიციას, არამედ თავის პირად დამოკიდებულებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს იყო მისი პირადი პოზიცია, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალურად გამოცხადებული მთავრობის პოზიციაც არ განსხვავდება ამისაგან, ვინაიდან, ოფიციალურად მთავრობასაც გამოცხადებული აქვს, რომ მათ სურთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.
„აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუტს, და ამ ინსტიტუტებში შედის პრეზიდენტიც, ავალდებულებს, მიიღონ ყველა ზომა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისათვის. ესეც გასათვალისწინებელია.
„ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯერ სარჩელის წარდგინებას. საკმარისია თუ არა მთავრობის უარი სარჩელისთვის? მთავრობის პოზიციაა, რომ რადგან ოფიციალური უარი ეთქვა პრეზიდენტს ამ ვიზიტების განსახორციელებლად, ამიტომ პრეზიდენტმა დაარღვიაო.
„როგორც გერმანიის პრეზიდენტმა, ასევე შარლ მიშელმა გამოაქვეყნეს ამ შეხვედრების ანგარიში. შარლ მიშელმა პირდაპირ მიუთითა, რომ ის აფასებს პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებას, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებას - ევროკავშირში საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით. აი, ეს პირადი დამოკიდებულება მიუთითებს იმაზე, რომ აქ პრეზიდენტის პირად პოზიციაზეა საუბარი და არა მისი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პოზიციაზე.
„ამდენად, ჩემი აზრით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ახორციელებდა არა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საუბრობდა არა სახელმწიფოსა და ხელისუფლების სახელით, არამედ საუბრობდა თავისი პირადი სახელით.
„პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის პარლამენტის ყველა წევრი, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და დარჩენილი რაც იქნება 300-მდე შესავსები, ეს იქნება საკრებულადან არჩეული წარმომადგენლები, საკრებულოებში პოლიტიკური
„2024 წელს საპარლამენტო არჩევენების შემდეგ გაიმართება ეს არჩევნები. ხოლო თუ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ" და პრეზიდენტი გადააყენა თანამდებობიდან, მაშინ გაიმართება რიგგარეშე არჩევნები და იქაც ეს არ იქნება პირდაპირი გზით არჩევნები, ეს იქნება ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ ჩატარებული.
„მე მგონია რიგგარეშე არჩევნების ალბათობა უაღრესად მცირეა. თუნდაც შეეცადოს „ქართული ოცნება" თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენებას, ის ვერ მოახერხებს პარლამენტში 100 ხმის მოგროვებას. მაგრამ თუ მაინც მოახერხეს პრეზიდენტის თანამდებობიდნ გადაყენება, რიგგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს პრეზიდენტის გადაყენებიდან 45 დღის ვადაში", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.