თამთა ჩაჩანიძე
04.09.2023

ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე არც საქართველოს პრეზიდენტს და არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ, ყველაფერი ექსკლუზიურად „ქართული ოცნების" დამსახურებაა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და განმარტა თუ რატომ უთხრა უარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტებზე. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ, რომ „საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს", გაუმართლებელი იქნებოდა მისი მხრიდან გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. მისი თქმით, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და თუ პრეზიდენტს მთავრობა უფლებამოსილებას მიანიჭებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს.

„კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. მე ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ვიზიტებზე. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, 12 რეკომენდაციას და ასევე, მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან.

„ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ სანდობაა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება", განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს ევროპაში ტურნეზე უარი უთხრა სრულიად გამართლებულია, დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევრორეკომენდაციებს ასრულებს, ამასთანავე რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, „ქართული ოცნების" სწორი და გონივრული პოლიტიკით მეორე ფრონტი იქნა თავიდან აცილებული.

„სამწუხაროა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი და ზოგადად კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული. აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო - მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს აღშფოთება, ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან ვინმეს პროტესტი?!

„ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის არის მარტივად ასახსნელი ფარისევლობა, ეს არის ტყუილი და დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, აი, ასეთი დამოკიდებულება, ვაჭრობა და ასეთი შანტაჟი - ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს, უახლოეს მომავალში კი ქვეყანაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის ვიზიტია დაგეგმილი, რომელიც უნდა გაეცნოს სიტუაციას თუ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში რა პროგრესი აქვს ქვეყანას.

„გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის პროცესში. გეტყვით, რომ 1 საათში გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც კიდევ ერთხელ განვიხილავთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე.

„ბოლოს, მინდა შევახსენო, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების" დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სეტყვამ კახელი ფერმერები მძიმე რეალობის წინაშე დააყენა, რასაც პრემიერი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არც ერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს".

პრემიერმა ისაუბრა აღნიშნულ სფეროში გასულ 10 წელთან შედარებით გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა და დღეს არის 2500, ასევე ვენახების ფართობები 10 წლის წინ მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს, ხოლო 10 წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება, გვექნება საინტერესო ინიციატივები და ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმაამავე სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ დაგეგმილია ისეთი მსხვილი პროექტების დაწყება, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტის პროექტირება და ჰესების მშენებლობა.

„იმის გამო, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაც, მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას. ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს მივმართავთ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ-2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი. მსხვილი პროექტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა, რომ დავიწყოთ.

„დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა გვინდა, რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ როგორიც არის ხუდონი, ასევე ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში, მემორანდუმი გაფორმებულია, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 ში განახლდება სამუშაოები ადგილზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი გეგმა, მეგობრებო. ამას სჭირდება შენარჩუნება მშვიდობის, სტაბილურობის, რასაც მოაქვს მეტი კეთილდღეობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის სხდომაზევე პრემიერმა აღნიშნა, ინიციატივაა, რომ თელავში ისტორიული აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი აშენდეს, პროექტირება წელსვე დაიწყება და მისი დიდი სურვილია, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი მომავალ გახაფხულ-ზაფხულში მიიღოს.

„მოგეხსენებათ, რომ თელავში ისტორიული აეროდრომი იყო და გვინდა, რომ ამ ადგილას ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი. მშენებლობას, პროექტირებას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს დაახლოებით. პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ჩვენ სრულად განვაახლებთ [აეროპორტს]. 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები.

„თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების განვითარება. ამ მიზნით მთავრობა რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას. ჯამში ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შარშან 4,5 მილიარდი დოლარი იყო, წელს კი მეტის მოლოდინია, მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი ისტორიულ მაქსიმუმთან არის მიახლოებული და გადაწყდა, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე გაგრძელდეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტის პროექტირება უკვე იწყება და 18 თვეში დასრულებული იქნება როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„ტურიზმი აქტიურად ვითარდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლები. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული.

„ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×