ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ - 7 სექტემბერს კი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ეწვევა და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო პასუხამდე მსგავსი ვიზიტები სხვა ლიდერების მხრიდან კვლავ ვიხილოთ, თუმცა, დასძენენ, რომ გააჩნია ბორელი რა გზავნილს ჩამოიტანს.
საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ ვიზიტი ბორელს ამჟამინდელი უფლებამოსილებებით საშუალებას მისცემს განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, საქართველომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. 11-12 ოქტომბერს კი, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის მონაწილეობით თბილისში ერთობლივი სამიტი გაიმართება, სადაც სხვა თემებთან ერთად, საუბარი კანდიდატის სტატუსზეც იქნება.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით ერთობლივი სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საინვესტიციო პროგრამას, ასევე, სტიპენდიის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი.
„ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
საქართველოში ბორელის პირველი ვიზიტი კი ორდღიანი იქნება. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ის ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსაც.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში თბილისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აქტიურად სტუმრობდნენ, 16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია, 24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, 26-28 აპრილს კი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.
აღნიშნული ვიზიტებისას მინისტრებმა შეხვედრები გამართეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ისე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არაა გამორიცხული საბოლოო პასუხამდე მსგავსი ვიზიტები სხვა ევროპელი ლიდერების თუ ექსპერტების მხრიდან კიდევ ვიხილოთ, თუმცა, გააჩნია ჟოზეფ ბორელი რა გზავნილს ჩამოიტანს ევროპიდან.
„ბორელი უშუალოდ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას კურირებს და ალბათ კონკრეტული პასუხით ჩამოვა თუ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორედ ევროპული საბჭოა ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური ორგანო.
„რისთვის ჩამოდის ბორელი, ამაზე ორი სცენარია მოსალოდნელი - პირველი ვარიანტის მიხედვით, შესაძლოა კანდიდატის სტატუსის საკითხმა კიდევ გადაიწიოს, სავარაუდოდ გაზაფხულამდე, ან შემოდგომამდე (არჩევნებამდე). მეორე ვარიანტის მიხედვით, 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სამი სრულად შეასრულა და სავარაუდოდ დარჩენილი პუნქტების შესრულების კუთხით დაგვაკვალიანებს.
„იმპიჩმენტის საკითხი დაიძრა და არც ისაა გამორიცხული, რომ ბორელის ვიზიტი ამასთანაც იყოს დაკავშირებული, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, დეპოლარიზაცია კი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ამასთან, თუ სტატუსის თემა შემოდგომამდე გადაიწია, არჩევნები იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი თუ როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას.
„თუ ბორელი ჩამოვიდა იმ გზვანილით, რომ სტატუსის საკითხი გადაიწევს, არა მგონია, რომ ევროკავშირის ლიდერებისგან კიდევ ვინმე ჩამოვიდეს, უბრალოდ შორიდან დააკვირდებიან რას როგორ გავაკეთბთ. თუ პოზიტიური გზავნილით ჩამოვიდა, შესაძლოა საბოლოო პასუხამდე ევროკომიის წარმომადგენლები, ან ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქართულ მხარესთან იმუშავებენ თუ როგორ მოხდენს დარჩენილი პუნქტების შესრულება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა 12 პუნქტის შესრულება დინამიური იყოს.
„როცა საკვანძო სიტუაცია დგება, რომ ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა მოხდეს, მაშინ საქარველოში ექსტრავაგანტული პოლიტიკური ხელოვნური გამოწვევები იქმნება ხოლმე და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, იმპიჩმენტის გამოცხადება სწორად არ მიმაჩნია, რადგან ეს კარგად არ აისახება საბოლოო პასუხზე. თან იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე, ბორელის ვიზიტი ცნობილი არ იყო და ჩემთვის მაგალითად ეს ორი ვარიანტი უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბორელის 7-8 სექტემბრის ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
„ზუსტად არავინ იცის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო პასუხამდე ევროკავშირის ლიდერები კვლავ გვესტუმრებიან თუ არა, მაგრამ ფაქტი ის, რომ ბორელი ჩამოდის, ეს ოპტიმიზმის საფუძველია. მას შეეძლო, რომ არ ჩამოსულიყო, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნებოდა.
„ჩემი აზრით, ეს არის გარკვეულწილად შესაძლებლობა, რომ მან კიდევ ერთხელ ნახოს თუ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ქართული მხრიდან რა გაკეთდა და ასევე გარკვეული გზავნილები ჩამოიტანოს თუ ბოლო თვეებში ევროკავშირის მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს, რომელი საკითხებია მნიშვნელოვანი, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. ამ ვიზიტის დროს ეს მისი ძირითადი მისია იქნება",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".