თამთა ჩაჩანიძე
21.09.2023

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი უნდა გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირში გვინდა და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, კითხვაზე იმოქმედებს თუ არა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება და მასთან დაკავშირებული მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში საქრათველოს კანდიდატის სტატუზე ევროკომისიამ შუალედური ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, დეკემბერში ევროპული საბჭო გადაწყვეტს, მოგვცემენ თუ არა სტატუსს. აშშ-მა კი ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე 15 სექტემბერს დაასანქცირა.

შემდგომ მოვლენებს რაც შეეხება, ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა სანქციების აღსრულების წესში, რის შედეგადაც სებ-მა აღარ დაავალდებულა კომერციული ბანკები, რომ ყოფილ გენპროკურორზე სანქციები გავრცელებულიყო. ეს კი ოპოზიციამ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში მოქმედმა არაერთმა მსხვილმა ბანკმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან.

20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, ოპოზიციამ აქციები დაანონსა. ამავე დღით გვიან ღამით იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უნდა გაუუქმდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი წინასწარ გამოხატა მზადყოფნა - ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაუყოვნებელ გაუქმებასთან დაკავშირებით. ის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებას ელოდა.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, ფარცხალაძესთან დაკავშრებული პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მსგავსი მოვლენები კვლავ მოსალოდნელია, თუმცა ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი უნდა გაითვალისწინოს და კანდიდატის სტატუსი მოგვცენ.

„ფარცხალაძის პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა, გრძელდება და მნიშვნელოვანია როგორ გაგრძელდება და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. რომ გითხრათ, რომ ქართველო საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო ის, რაც ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ მოხდა (ხელისუფლების ქმედებებს ვგულისხმობ), მართალი არ ვიქნები, ამას ველოდებოდოთ.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლება რაღაც გადამჭერელ ზომებს არ მიიღებდა. უფრო მეტად გარისკა, ვიდრე ველოდი. ვგულისხობ ეროვნული ბანკის მოქმედებებს, ჯერ დასანქცირებას და შემდეგ უარყოფას. ამის შემდეგ იმას, რომ ამ ერთ დღეში ფარცხალაძეს იმისი საშუალება მისცემდა, რომ საკუთარი აქტივები თავიდან მოეშორებინა და უსაფრთხო გაეხადა.

„პროცესს უნდა მივყვეთ და დაველოდოთ, ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება. თუ საკითხს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიუდგებიან, ჩვენი პარტნიორების პოზიცია ვიცით, რომ იქიდან სამი შერულებულია და დანარჩენი ცხრა ზოგი ნაწილობრივაა შესრულებული, ზოგი არა. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, თუმცა არა იქიდან გამომდინარე, ხელისუფლება რას აკეთებს.

„ჩემი აზრით, ხელისუფლება ცდილობს, რომ სტატუსი არ მივიღოთ და ამიტომაც ევროპელ პარტნიორებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და საზოგადოებამ ამაზე უნდა იმუშავოს. ამ მიმართულებით, ხელისუფლებისგან ახალ-ახალი სიურპრიზები ნამდვილად არაა გამორიცხული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გამოცხადებული სურვილი უნდა გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირსი გვინდა და სტატუსი მოგვანიჭონ",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რასაც შემდგომ ეს გამოიყენონ რევოლუციური სცენარისთვის.

"ერთადერთი რამ აინტერესებთ, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, იმისათვის, რომ ეს გამოიყენონ რევოლუციური სცენარისთვის. შარშან ხომ იგივე სცადეს ივნისში, ჩაუვარდათ, აქაც რა თქმა უნდა, ჩაუვარდებათ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. თქვენ მოისმინეთ სუს-ის განცხადება პროვოკაციებთან დაკავშირებით. ყველანაირ პროვოკაციაზე წავლენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან, კაცს მოკლავენ, ააფეთქებენ, ყველაფერს იზამენ, იმიტომ რომ მათთვის უკრაინიზაცია არის უკვე თვითმიზანი. რამენაირად გახვიონ ჩვენი ქვეყანა იმ ვითარებაში, რომელშიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა გახვეული. ჩვენ აგენტების გზას და მათ დავალებებს ვერ გავყვებით, ჩვენ უნდა გავყვეთ იმ ინტერესებს, რომლის გარშემოც ჩვენი მოსახლეობა უნდა იყოს გაერთიანებული," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×