თამთა ჩაჩანიძე
31.10.2023

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში" ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევას არ ჩქარობს. მმართველ პარტიაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები „ერთი ათად გაიზარდა" და ამის გამო „ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერავინ განახორციელებს". როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, „ოცნებას" 76 ხმის მოგროვების პრობლემა არ აქვს პარლამენტში და როცა იგრძნობს, რომ მსგავსი საფრთხე კვლავ არის, ვეტოს დაძლევენ, თუმცა ეს უფრო საგაზაფხულო სესიის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„ალბათ დარწმუნებული არიან, რომ 8 ნოემბერს ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე დადებით რეკომენდაციას გასცემს. შესაბამისად, ამ კანინის ახლა მიღების და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, „ოცნებას" არც აჩქარება სჭირდება და ამიტომაც ვფქირობ, რომ გადაავადებს.

„თუ შეხედავენ, რომ კანონში ეს ცვლილებები სჭირდებათ, ვეტოს დაძლევენ - 76 ხმის შეგროვების პრობლება „ოცნებას" არ აქვს. არ მგონია, რომ კანონის მიღება მთლად გადაიფიქრონ. ახლა ასეთი სიტუაციაა და ძალიან კარგია, რომ სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ეს ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ გადაფარავს. სტატუსი ამ კრიზისის ერთ-ერთი შემაგდენელი ნაიწლია და არა ერთადერთი.

„გართულებები მოსალოდნელი ისევ არის, ოღონდ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ჩქარობენ. თუ ევროკომისიამ კარგი დასკვნა დადო, შესაძლოა ვეტოს დაძლევაზე საუბრები უკვე დეკემბრისთვის განაახლონ, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის უნდა იქნას მიღებული. თუ ამ დროისთვისაც სიტუაცია ნორმალურად წავიდა, მაშინ ამ კანონს უკვე საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ, მაგრამ მიიღებენ აუცილებლად. ეს იქნება იმისთვის მზადება, რომ შესაძლოა გაზაფხულზე პრობლემები ისევ შეიქმნას", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

„შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში" ცვლილებები, რომლითაც აქციებზე კარვისა თუ სხვა კონსტრუქციების განთავსებაზე შეზღუდვები შემოდის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროექტს ვეტო დაადო.

ფრაქცია „ქართული ოცნების"თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და რევოლუციას ვერავინ განახორციელებს", ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა „საჩქარო აღარაა", მისი თქმით, „ვეტო მაინც დასაძლევია", რადგან არავინ იცის „მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ".

„ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის, თქვენც ამაში დარწმუნდით, როცა „კავნასის" ტრენინგები ვნახეთ, თუმცა, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და ამას ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია. არ უარვყოფ ამას, მართლაც მიბმული იყო ამაზე, რადგან ნახევარზე მეტი, რაც სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, დადასტურდა ერთ კვირაში.

„მეორე ნაწილი ვერ განხორციელდება საბედნიეროდ, რადგან ამის ძალაც არ აქვთ, სულ რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ რადგან დიდი მოლოდინია პოზიტიური გადაწყვეტილების, ამიტომ ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც არ არის, მაგრამ ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ, არავინ იცის. როცა იმაზეა საუბარი, რომ მაინც და მაინც კარვები უნდა დადგან და ააფეთქონ ადამიანები, ეს მგონი, ყველას „დასაპრევენცირებელია", არამხოლოდ ჩვენი, თქვენც გაქვთ ვალდებულება, ამის პრევენციაზე იფიქროთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×