ელზა პაპოშვილი
31.10.2023

რატომ გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი და რა არის მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება უკვე დარწმუნებით ამბობს, რომ ქვეყანას სტატუს მისცემენ? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას დასავლეთის შეცვლილ რიტორიკაზე მიუთითებენ და ამას რიგი მიზეზებით ხსნიან. მათი თქმით, ევროპაში ბოლო დროს რაღაცეების გადახედვა მოხდა; ჩვენს რეგიონშიც სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება და საქართველოს მიმართ სხვა დიდი მოთამაშეების, განსაკუთრებით კი ჩინეთის დაინტერესებამ, დასავლეთის პოზიციები შეცვალა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება მათ დააზიანებს, მაგრამ ამაშ თავადვე არიან დამნაშავე, რადგან ამ საკითხზე თავიდანვე არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. 

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ წლის ბოლოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი „ერთი ათად გაიზარდა“. სწორედ ეს არგუმენტი მოიყვანა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საშაბათს ჟურნალისტებთან იმაზე საუბრისას, თუ რატომ აღარ ჩქარობს „ოცნება“ „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით.

„ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ... თუმცა, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და ამას ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია. არ უარვყოფ ამას, მართლაც მიბმული იყო ამაზე“, - განაცხადა მდინარაძემ. 

რატომ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, რის გამოც დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას გადახედა. მისი აზრით, ამის ძირითადი მიზეზია ჩვენს რეგიონში და მის გარშემო მიმდინარე პროცესები. ასევე საქართველოს მიმართ ჩინეთის განსაკუთრებული ყურადღება, რამაც, დიდი ალბათობით, დასავლეთის ერთგვარი შიში გამოიწვია. ამიტომ, რიგი მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ კანდიდატის სტატუს მივიღებთ. 

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რის გამოც, ვფიქრობ, დასავლეთმა თავის პოზიციებს გადახედა. პირველ რიგში კი რეგიონში შემქნილი სიტუაციაა. ფაქტია, რომ ადრე უკრაინისა და მოლდოვის ფაქტორი, ასევე უკრაინის ომთან ჩვენი დამოკიდებულება და პოლიტიკა დასავლეთს აშფოთებდა. ახლა კი თამაშის წესები შეიცვალა. დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველოს მიმართ ჩინეთის დაინტერესება დიდია. ამიტომ შიში გაჩნდა, რომ საქართველო შესაძლოა დაკარგონ, თუკი მეორედ გვეტყვიან უარს. ასევე ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა და ყველა ხედავს, რომ ამაში რუსეთის ინტერესებიც არის.   

„საქართველოს დაკარგვისა და რუსეთის გავლენის გაძლიერების შეეშინდათ. ამიტომაც დასავლეთში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეცვალონ. სხვაგვარად რისკია, რომ საქართველოთი სხვა დიდი  მოთამაშეები დაინტერესდნენ და რეგიონში დასავლეთის გავლენა შესუსტდება. ასევე ნახეს, რომ თუ კანდიდატის სტატუს არ მოგცემენ, ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება. შესაძლოა გამოსვლებიც კი იყოს და აქაც პროცესების დაძაბვა არავის აწყობს და მითუმეტეს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის გაღვივება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.   

ანტიდასავლური განწყობების შიში   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავდაპირველად სტატუსის მოცემაზე უარი გვითხრა. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, ახლა ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდა და დასავლეთშიც მიხვდნენ, რომ თუ საქართველოს სტატუსზე ისევ უარს ეტყვიან, მაშინ მოსახლეობაში ანტიდასავლურ განწყობებს გააღვივებენ, ხოლო ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ისევ სათავისოდ გამოიყენებს.

„ახლა ბევრი რამ შეიცვალა და ლოგიკურია, რომ დასავლეთშიც რაღაცეებს აკვირდებიან და იაზრებენ. წინაზე, როცა უარი გვითხრეს, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ხალხმა ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად გაიგო და ამიტომ აგრესია წავიდა არა ხელისუფლების, არამედ დასავლეთის მისამართით. 

„ყველამ კარგად იცის, რომ სტატუსის მიღება, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული და ამაზე გეოპოლიტიკური ფაქტორიც ახდენს გავლენას. თუკი საქართველოს თავის დროზე უკრაინის ომის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის გამო უთხრეს უარი, ახლა ხვდებიან, რომ ეს ომი დღეს და ხვალ არ დასრულდება. შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 

„ხელისუფლებამ ეს უარიც კი თავის თავზე მოირგო და ხალხს უთხრა - „მე კი არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ სტატუსს არ გვაძლევენ, დასავლეთია, რადგან ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ.“ ეს რიტორიკა ქართველ ხალხში მუშაობს, რადგან 2008 წლის ომის  ტრავმა მოსახლეობაში კვლავ არის. 

„ასევე დაინახეს, რომ ქვეყანაში ოპოზიციაც სუსტია. ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ. ვერც ხალხის ნდობით სარგებლობენ. ამიტომ დასავლეთმა პოზიციის ცვლილება გადაწყვიტა, რაც ძალიან კარგია. ამას ასევე ემატება ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტიც, რაც ფაქტია გავლენას ახდენს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

კანდიდატის სტატუსი და ოპოზიცია

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ თუკი კანდიდატის სტატუს მივიღებთ, ოპოზიციას ხელისუფლების პრორუსულობაზე აგებული მთელი პოლიტიკური პროპაგანდა დაეშლება. გარდა ამისა, ხელიდან გამოეცლებათ პრაქტიკულად ერთადერთი თემა, რომლის გრშემოც მეტნაკლებად მასშტაბური სახალხო პროტესტის ორგანიზება შეეძლოთ.

„რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ოპოზიციას არ სურს ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსის მიღება. მიზეზი ძალიან  მარტივი და ცხადია - მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ თემიდან ქუჩაში ხალხის გამოყვანას შეძლებდნენ და რადიკალურ პროცესებს ააგორებდნენ. იციან, რომ ხალხს მხოლოდ ამ თემის გარშემო გამოიყვანენ და მათ არცერთ სხვა დაძახილზე ქუჩაში არ გამოდიან. ეს ყველაფერი კი წყალში ეყრებათ. 

„ოპოზიცია საერთოდ გაბანკნოტდება, თუკი ქვეყანა სტატუსს მიიღებს. ამის შემდეგ მათ ერთ სიტყვასაც არავინ დაიჯერებს. ეს ძალიან კარგად იციან და ვნახეთ ოპოზიციის  სხვადასხვა ლიდერებმა როგორ დაიწყეს უკვე ურთიერთ ბრალდებები და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა. ამით ცდილობენ, რომ სხვა დღის წესრიგი შექმნან, რათა ამ თემამ ისინი საბოლოოდ არ გადათელოს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.  

ვახტანგ ძაბირაძე ასევე ფიქრობს, რომ ოპოზიციას არასწორი ტაქტიკა აქვს არჩეული და კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში ეს ტაქტიკა არ გამოადგებოდათ. 

„საქმე ისაა, რომ ჩვენია ოპოზიცია არასწორი ტაქტიკით მოქმდებეს. ის, რომ „ოცნება“ პრორუსულია და ა.შ., აღარ ჭრის. გასაგებია, რომ უკარინის ომის ფაქტორიც მნიშვნელოვანია და მხარდაჭერაც, მაგრამ ხალხისთვის მხოლოდ ეს პრობლემა არ არის მნიშვნელოვანი. 

„შევარდნაძე და სააკაშვილი ხალხმა ხელისუფლებიდან იმიტომ კი არ გაუშვა, რომ მათ პრორუსულობაში შეეპარათ ეჭვი. იმიტომ გაუშვეს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ადამიანის უფლებები საერთოდ უგულველყოფილი იყო და შევარდნაძის შემთხვევაში საეთოდ კორუფცია ჰყვავოდა და სისტემური პრობლემები იყო. ახლა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ რუსეთი არ არის პრობლემა. ხალხს ძალიან ბევრი რამ აწუხებს, რაზეც ოპოზიცია არ აპელირებს. ამიტომ არის, რომ კანდიდატის სტატუსის  მიღების შემთხვევაში „ოცნების“ პუტინთან „გარიგების“ ამბავი და ა.შ. სრულიად იშლება“,-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×