თამთა ჩაჩანიძე
01.11.2023

მსოფლიო ორი დიდი ომის წინაშეა - გლობალურ დონეზე ვითარება განსაკუთრებით ისრაელ-ჰამასის" დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა, რამაც ანტისემიტურ გამოსვლებს და აგრესიული რიტორიკის ზრდას შეუწყო ხელი, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ვითარება ფეთქებადსაშიშია და საფრთხის წინაშე დგას მათ შორის საქართველო, მითუმეტეს, რომ სამხედრო დაპირისპირება ჩვენს სამეზობლოში მიდის.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში „დანთებული ხანძრებისა", საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს, რაზედაც ქვეყნის შიგნით ყველამ უნდა იზრუნოს, ეს მმართველი პარტიის მხარდამჭერი იქნება, თუ ოპოზიციის.

„გლობალური ომები სამწუხაროდ ყველაზე ნეგატიურად აისახება პლანეტის მასშტაბით, მათ შორის საქართველოზე, თან როდესაც მის ახლო სამეზობლოში ძალიან საშიში ომები მიდის. ბოლო შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ტერორისტული „ჰამასის" დაპირისპირება როდის დასრულდება.

„გარდა იმისა, რომ შესაძლოა უამრავი დევნილი გაჩნდეს, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეკონომიკურადაც ძალიან ცუდად აისახება, უწინარესად ვგულისხმობ საწვავის ფასებს და ა.შ. რაც ბუნებრივია, შემდგომ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების მომატების თვალსაზრისით.

„მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში „დანთებული ხანძრებისა" , საქართველო 2012 წლიდან მშვიდობას ინარჩუნებს, ეს ძალიან დასაფასებელია, რაზედაც ყველამ უნდა იმუშავოს, მმართველი პარტიის მხარდამჭერი იქნება თუ ოპოზიციის. რეგიონში სამშვიდობო ოაზისი კარგია, როგორც მშვიდობის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მსხვილი ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით.

„ადამიანთა ცხოვრებაში მშვიდობაზე უდიდესი სიკეთე არ არსებობს, ამიტომაც ეს ყველა მხრივ უნდა იყოს შენარჩუნებული. საქართველოში მარგინალების მხრიდან წაქეზება, მეორე ფრონტის გახსნა, არააქტუალური გახდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი რა არის, იმის მიუხედავად ვინ რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია.

„რევანშისტების ბოროტი თემა მილევადია, თუმცა, მათ მხარდაჭერას აძლევენ განსაკუთრებით უკრაინიდან ზელენსკის კორუმპირებული მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ეს საზოგადოების განწყობებზე არ მუშაობს და არავის სურს აქ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ უაზრო ომის წამოწყება, რომელიც არაფრისმომტანი იქნება. მთავარია, მშვიდობა, მშვიდობა და მშვიდობა",- განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მომავალი თვეები 2024 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგაც შიდა არეულობების თვალსაზრისით ფეთქებადსაშიში იქნება.

„ბოლო პერიოდში ნაცოპოზიციის პროტესტები ვნახეთ როგორი უბადრუკი გახდა და მხოლოდ რამდენიმე ათეული აქტივისტი მონაწილეობს, თუმცა, ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ რადიკალებს ძალიან მზაკვრული გეგმები აქვთ, რომ საქრთველოში არეულობა მოხდეს, სისხლი დაიღვაროს. ეს პირველად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომლის გამოძიება დღემდე მიდის. ეს რადიკალური ძალა მუდმივად ჩასაფრებული იქნება, რომ მანიპულაციით, დეზინფორმაციით, ხელოვნური პრობლემის შექმნით ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს.

„ვხედავთ, რომ მათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, მხოლოდ რევანშისტობით და შურისძიებით არიან დაკავებულები. მათი რიტორიკა და გზავნილები ზუსტად ასეთია. საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს, ჩვენი სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერი დესტრუქციულ მცდელობასაც კი ძირშივე აღკვეთენ.

„მომავალი თვეები 2024 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგაც, მშვიდი ცხოვრების საფუძველი არ იქნება. ზედმეტი ოპტიმიზმი არ მიყვარს და მირჩევნია უფრო ობიექტური რეალობის სურათი წარმოვაჩინო, რომ მოდუნება არ ღირს და რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა საჭირო. ყველა მხრიდან, განსაკუთრებით საზოგადოების წევრების მხრიდან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიმდინარე ომები საქართველოზე აისახება და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული გლობალურ დონეზე გაიმარჯვებს დემოკრატიული ძალები თუ ანტიდემოკრატიული.

„საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და რა თქმა უნდა ეს ომები და მისი შედეგები ჩვენზეც აისახება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გლობალურ დონეზე იმარჯვებენ დემოკრატიული თუ ანტიდემოკრატიული ძალები. რუსეთ-უკრაინის ომი, ეს მხოლოდ სახელწმიფოთა ომი კი არა, ეს ცივილიზაციათა და დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ძალებს შორის ომია. უკრაინას დასავლეთის დემოკრატიული სამყარო უმაგრებს ზურგს - ნატო-ევროკავშირი, რუსეთს კი ანტიდასავლური ალიანსი.

„იგივე ეხება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსაც, ვხედავთ, რომ „ჰამასის" ლიდერების რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მოსკოვმა ამ დაჯგუფების მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა. შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ანტისემიტური გამოსვლები კრემლის მართული იყოს. ეს კი რუსეთს აწყობდეს რამდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთი ყურადღებია გადატანაა უკრაინიდან.

„თუ დასავლეთი იმარჯვებს, იმარჯვებს დემკრატია და ეს შიდა პოლიტიკაზე იმოქმედებს, რადგან „ქართული ოცნების" პოზიციები დასუსტდება, შესაბამისად, უფრო მეტი პირობები შეიქმნება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოსცილდეს 2024 წელს. ღმერთმა არ ქნას და თუ რუსეთი იმარჯვებს, მოსკოვისთვის „ოცნება" მისაღებია და ამ შემთხვევაში ანტიდასავლური და ანტირროვნული ძალები ქვეყანაში უფრო გააქტიურდებიან",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×