თამთა ჩაჩანიძე
01.11.2023

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს, მეტიც, ფიქრობენ, რომ "ყველაფერია მოსალოდნელი". ამ საკითხით გაატიურებულია ოპოზიციის ნაწილიც, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბრალი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა და სასჯელი არ არის, მასზე პრეზიდენტი შეწყალებას ვერ გასცემს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, დღეის მდგომარეობით ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ამას მყარი სახე არ ექნება და ეს უფრო პოლიტიკური სვლა იქნება, ვიდრე სააკაშვილისთვის შედეგის მომტანი, ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ მოცემულ მომენტში ზურაბიშვილისგან შეწყალება ნაკლებადმოსალოდნელია, რადგან დასავლეთიდან ისეთი ზეწოლა არაა, როგორც ადრე იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება სთხოვა „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გამაოგნებელი არაკვალიფიციურობა უწოდა გვარამიას მოწოდებას, რადგან, ელისაშვილის თქმით, შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება და ასე კი ზურაბიშვილს მოუწევს, რომ ყოველ კვირა იწყალოს მესამე პრეზიდენტი.

თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა თუ არა პოზიცია - „არა და არასდროს", ამ დროისთის უცნობია.

მიხეილ სააკაშვილის ბოლო სასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს გაიმართა, მას ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, იგი უკრაინის მოაქალაქეა და საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის გარდა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე - 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ „ვივამედშია".

რა მდგომარეობაშია სააკაშვილი და ვინ ითხოვს მის შეწყალებას

1-ელ ნოემბერს კი „ვივამედის სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ დღეისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და „ასე თუ ისე ითვალისწინებს" კლინიკის ექიმების რეკომენდაციებს.

„დღეისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია სასიცოცხლო პარამეტრები, იგივე ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, იგივე რესპირატორული მაჩვენებლები და ზოგადი მდგომარეობის მხრივაც გვაქვს უკეთესობა.

„პაციენტი გახდა უფრო აქტიური, შედარებით მეტს მოძრაობს და ასე თუ ისე ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს. თუმცა, სრულად მაინც არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. განსაკუთრებით კვების კომპონენტში. პაციენტი ითვისებს მიღებულ საკვებს. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მიიღოს მეტი ცილის შემცველი პროდუქტები, ხორცეული პროდუქტები, რაზეც პაციენტი თავს იკავებს", - განაცხადა ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას მიაჩნია, რომ ზურაბიშვილს აქვს შეწყალების უფლება და გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ.

„პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ალბათ გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. მე არ მიმაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ისეთი დანაშაული აქვს, რომ შესაწყალებელი იყოს. ნიკა გვარამია შეიწყალეს, მაგრამ არც ნიკას უთხოვია შემიწყალეთო, მაგრამ შეიწყალა პრეზიდენტმა", - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეარბილოს საკუთარი პოზიცია „არა და არასოდეს" - გიული ალასანია პასუხობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია".

„მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და სთხოვა, რომ საკაშვილი შეიწყალოს. ნიკა გვარამიას თქმით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მყისიერად მოიხსნება.

„სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად - არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ ადამიანის სიცოცხლე, კვდება-არ კვდება - არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ა.შ.

„ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება" ამას ვერ იზამს, რადგან არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მან მიიღო. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს" და სააკაშვილი გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეგრევე მოიხსნება, მყისიერად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ნაცმოძრაობაც" მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

რას ამბობს ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება

პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარი ჩემთვის მარტივი არ იქნება. მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები მსჯავრდადებულ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - „არა და არასდროს", - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, შესაძლოა, თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს.

„პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარი ჩემთვის მარტივი არ იქნება. მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები მსჯავრდადებულ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - „არა და არასდროს". რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ამასთან დაკავშირებით, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, მას პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არ აქვს, არ შეუძლია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე იყოს.

„შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, სადაც ამბობენ რომ მათ პოლიტიკური ლიდერი ჰყავთ მიხეილ სააკაშვილის სახით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითია. აქ ჩართულია მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სხვა ყველა, ვისაც რეალურად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" სახით, უბრალოდ ამ ადამიანების მარიონეტები არიან", - განაცხადა ბრეგაძემ.

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კიდევ ერთხელ უღალატოს ამომრჩეველს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, შესაძლოა, თუ არა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი წითელ ხაზებს თანდათან კვეთს.

„რაც შეეხება გვარამიას და სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ ზურაბიშვილისგან ზოგადად არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს, არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე.

„თქვენ იცით, რომ მას თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა, მისგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, ვნახოთ, ეს მისი საქმეა, იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის სუვერენული უფლებამოსილებაა. თუმცა, „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს".

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ხელისუფლებას სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა თუ უნდა, შეწყალებაც არ იქნება ეფექტური, რადგან მათ სამართლებრივად შეუძლიათ, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქმეზე დაიწყონ და ციხეში ჩასვან. ამას ერთ-ერთი თეორიული სცენარით ვგულისხმობ. თუ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს „ქართულმა ოცნებამ" არ გააკეთა, ეს იქნება შეთანხმების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან", რაც „ქართული ოცნებისთვის" საარჩევნოდ პოზიტიურად იქნება გამოყენებული", - განაცხადა ლილუაშვილმა.

„მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გამაოგნებელი არაკვალიფიციურობა უწოდა გვარამიას მოწოდებას ზურაბიშვილისადმი, რომ სააკაშვილი შეიწყალოს, რადგან, ელისაშვილის თქმით, შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება და ასე კი ზურაბიშვილს მოუწევს, რომ ყოველ კვირა იწყალოს მესამე პრეზიდენტი.

„ეს იყო გამაოგნებელი არაკვალიფიციურობა იმ ადამიანისგან, რომელიც ერთ დროს მთავარი პროკურორი იყო. სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს ფიზიკურად ვერ შეიწყალებს, რადგან შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება.

„სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი ერთ საქმეზე შეიწყალებს, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია.

„წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? ეს ასე არ ხდება. ეს იყო ნიკა გვარამიას მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დარტყმა, სამართლებრივად კანონს ჩახედონ", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ამას მყარი სახე არ ექნება და ეს უფრო პოლიტიკური ჟესტი იქნება, ვიდრე სააკაშვილისთვის შედეგის მომტანი, თუმცა, აქვე დასძენს, რომ მოცემულ მომენტში ზურაბიშვილისგან შეწყალება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან უცხოელების მხრიდან ისეთი ზეწოლა არაა, როგორც ადრე იყო.

„ითქვა კიდეც, რომ შეწყალებას მყარი სახე არ ექნება, რადგან ბრალდებები, რომლებიც მერე წაეყენება სააკაშვილს, იმაზე შეწყალება აღარ გავრცელდება. შესაბამისად, ეს აქტი, საზოგადოების წინაშე უფრო პოლიტიკური ჟესტი იქნება, ვიდრე სააკაშვილისთვის შედეგისმომტანი. შესაძლოა შეწყალების მომეტში, სააკაშვილს ხელი მოჰკიდონ და უცხოეთში წაიყვანონ, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეიცვლება.

„ზურაბიშვილისგან მე საერთოდ არ ველოდი იმას, ბოლო დროს რა ნაბიჯებიც გადადგა, მათ ოჯახს ვიცნობდი, პატივს ვცემდი და ა.შ. მაგრამ ზურაბიშვილში ერთი თავისებურება იკვეთება, რომ ის უცხოელების პოზიციას უფრო დიდ ანგარიშს უწევს, ვიდრე ქართველი ამომრჩევლების. მისმა ამ განწყობამ შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს და უცხოელების აყოლიებამ ეს ნაბიჯი გადაადგმევინოს.

„თუმცაღა, უცხოეთიდან ისეთი ბეჯითი ზეწოლა არ ჩანს, როგორიც თუნდაც ადრე იყო, მთელს მსოფლიოში სიტუაცია ბევრი თვალსაზრისით იცვლება და საქართველოს შიდა საქმეების მიმართ დამოკიდებულებაც როგორც ჩანს, იცვლება იმ მხრივ, რომ ზედმეტი პრეტენზიულობა და აქცენტი ამ ტიპის ფიგურებზე, როგორიც სააკაშვილი და მისი ჯგუფია, მცირდება. ჯერჯერობით მეეჭვება, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი შიწყალოს. საერთოდ მოხდება თუ არა, ეგეც საეჭვოა.

„რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია სააკაშვილის შეწყალების თემით გააქტიურდა, რამეზე ხომ უნდა იაქტიურონ. ისინი არ რეაგირებენ ხელფასების, პენსიების და სხვა იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობის ყოველდღურობას ეხება და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რაც უცხოელების ყურადღებას იპყრობს და არა საქართველოს მოსახლეობის. პრიორიტეტების მასეთი დალაგებით კი ოპოზიცია და პრეზიდენტი ერთმანეთს ძალიან გვანან, რომ უცხოელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×