თამთა ჩაჩანიძე
02.11.2023

თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა, ჯერ არ დამდგარი ბრალის გამო, დიდი ალბათობით შესაძლოა ისევ საპატიმროში შეაბრუნონ, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ სააკაშვილმა რამდენიმე საათი მაინც გარეთ გაატარა, ის სავარაუდოდ ეცდება, რომ „პოლიტიკური პროტესტის მუხტი ასწიოს".

„ოცნება" არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს. ოპოზიციის აზრი ორადაა გაყოფილი, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი ზურაბიშვილმა აუცილებლად უნდა გადადგას, ნაწილს კი მიაჩნია, რომ შეწყალებაზე საუბრები არასწორია, რადგან მიხეილ სააკაშვილის საქმეებიდან ორზე სასჯელი არ არის და როგორც კი ერთ საქმეზე შეიწყალებს პრეზიდენტი, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. და, თუ მაინცდამაინც ახლა მასზე ამნისტია გავრცელდა, ოპოზიციის ნაწილის აზრით, გამოდის, რომ „ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმესაათიანი თავისუფლების შემთხვევაშიც კი სააკაშვილი ეცდება, რომ პროტესტის მუხტი ასწიოს, თუმცა მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.

„თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი არაადეკვატურობა გამოავლინა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგჯერ გაილაშქრა, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა და მან გარეთ რამდენიმე სააათი გაატარა, თუ უცხოეთში არ გაიქცა, სავარაუდოდ ეცდება, რომ პოლიტიკური პროტესტის მუხტი ასწიოს, შექმნას საპროტესტო განწყობები, მაგრამ ის უკვე ორი წელია ჩამოსულია, ჯერ საპატიმროში იყო, მერე კლინიკაში და მისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი არსად არ ჩანს.

„ამასობაში ენმ-მ ორი ლიდერი გამოიცვალა და მხარდამჭერთა სოლიდარობის ორგანიზება ვერცერთმა ვერ შეძლო, ვერც „ვივამედთან" და ვერც რუსთავის ციხესთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახლა სააკაშვილი ბევრისთვის პოლიტიკურად არამომგებიანია. მისმა არაადეკვატურობამ, შარლატანობამ, რომ ხან შიმშილობდა, ხან კვდებოდა, ხან ხმებოდა, მისი ძლიერი მხარდამჭერებიც დაარწმუნა, რომ საქმე არასერიოზულ ადამიანთან აქვს.

„სააკაშვილი პოლიტიკაში წარუმატებლობის კომპენსირებას ცდილობს და კიევში ძმისა და ლიზა იასკოს მეშვეობით, მისი ღვინის მარნის გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. თუ სააკაშვილების ღვინის ბიზნესი წარმატებული იქნება, კარგი ინიციატივაა, შეუძლია საპყრობილის დატოვების შემდეგაც, ძმასთან ერთად ამას სათავეში ჩაუდგეს. მას საქართველოში შემოპარვამდე, უკრაინაში ცრუ წარმოდგენები შეუქმნეს და თავადაც აცნობერებს, რომ მის მხარდასაჭერად და ვითომ დასახსენელად ქუჩაში არანაირი ასი ათასი ადამიანი არ დგას. ეს მორიგი პოლიტიკური ბლეფი აღმოჩნდა.

„სააკაშვილი რაღაცასაც რომ შეეცადოს, ეს ძალიან ხანმოკლე პროტესტი იქნება და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ რამდენიმესაათიანი მისი გარეთ ყოფნა, უკან საპყრობილეში დაბრუნებით დასრულდება. მის წინააღმდეგ სხვა საქმეები მიდის, რომლებზეც ვერდიქტი არაა. უკვე გამოტანილ ვერდიქტზე შეწყალება შესაძლებელია და მიმდინარე პროცესებზე ვერანაირად. მას წინასწარი პატიმრობა დაეწევა, ეს რუსთვაელზე იქნება, აეროპორტის ტრასაზე თუ, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთნა" აცხადებს, რომ „ოცნებას" სააკაშვილი ციხეში აწყობს და შეწყალებასთან დაკავშირებული საუბრები მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ასეთი თემების აწევის შემთხვევაში, მოსახლეობაში რეალურ პრობლემებზე საუბარი ნაკლებად მიდის.

„ეჭვი მეპარება, რომ გარეთ გამოვიდეს. ამისთვის „ოცნება" ყველაფერს გააკეთებს. მის წინააღმდეგ სულ ცოტა ორი საქმე ჯერ კიდევ განიხილება. პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს იმ საქმეებზე, რაზეც უკვე მსჯავრი აქვს დადებული და მისი აღსრულება მიდის. თუმცაღა სულ ცოტა ორ საქმეში მგონია, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ის სხვა საქმეებში ამნისტრებულია, მაგრამ სხვა საქმეები ჯერ კიდევ დახურული არაა.

„თუ სააკაშვილს გარეთ მაინც გაუშვებენ, ის საქართველოს ვერ დატოვებს და სხვა საქმეებზე მაინც დააპატიმრებენ. ის თუ გარეთ იქნება, ხალხში პოლულარული არაა, მას გულმხურვალე მომხრეები რა თქმა უნდა ჰყავს, მაგრამ ბევრნი არ არიან და მას საზოგადოება ან სიბრალულით უყურებს, ან ირონიით. არა მგონია, რომ სააკაშვილის მომხრეები დღე და რამე ქუჩაში იყვნენ თავისი ბელადის დასაცავად.

„შესაძლოა ტემპერატურამ აიწიოს, მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება" მოიგებს - თემები სააკაშვილზე გადავა ისე, როგორც ზურაბიშვილზე იყო გადასული და არ იქნება ლაპარაკი სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, ეკონიმიკაზე და ილაპარაკებენ სააკაშვილზე. შეწყალების გარშემო ყბედობა „ოცნებას" ძალიან აწყობს და თუ საზოგადოებას ეს ურჩევნია, რომ ტელევიზორში სეირს უყუროს და მაცივარი ცარიელი ჰქონდეს, მაშინ საზოგადოება ყველაფრის ღირსია.

„ოცნებას" სააკაშვილი ციხეში უნდა - უთხრას ოპიზიციას, აი, თქვენი ბელადი ვინაა. ეს შუასაუკუნეობრივი დამოკიდებულებაა. სპექტაკლს გვიდგამენ და ესეც ამის ნაწილია, რითაც ილუზიას გვიქმნიან, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ. მათ ურჩევნიათ სააკაშვილი ციხეში იყოს და ამაზე იყოს ლაპარაკი. მეტიც, მგონია, რომ სააკაშილს არჩევნებამდე ციხეში აუცილებლად გადაიყვანენ, რადგან ხმაური აიწიოს, რომ ისევ მასზე იყოს ლაპარაკი და არა სხვა რაღაცეებზე.

„სააკაშვილი ციხეში ეს მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტია საზოგადოებას აჩვენოს თუ ოპოზიციის ლიდერი სადაა და ეგ საცოდავი რისი გამკეთებელია, როცა თავისი თავი ვერ გადაურჩენია და ციხეშია. სააკაშვილი ქუჩაში უკვე გამარჯვებულად ჩაითვლება, რომ წარმატებას მიაღწია. როცა უკრაინაში დააპატიმრეს, ავტომობილში იყო, მერე უცებ გამოვარდა და ბორკილებიანი ხელი ასწია - ის ასეთი ტიპია, მას ვიღაცას უნდა დაუმტკიცოს, რომ წარმატებულია, მაგრამ უკვე საზოგედოება უფრო და უფრო ირონიით და ცინიკურად უყურებს, ეს კი თავად არ ესმის.

„ყველა შუა საუკუნეების დონეზეა, სააკაშვილიც და „ოცნებაც" - ვინც ციხეში ზის, ის დამარცხებულია, ვინგ გარეთაა გამარჯვებული. შუასაუკუნეობრივ პოლიტიკურ ურთიერთობებში დაახლოებით ეს ტენდენციაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×