ნაზი ბერიძე
02.11.2023

„ნაციონალური მოძრაობის" ექსთავმჯდომარე, ნიკა მელია ისევ პარლამენტის ბოიკოტზე ალაპარაკდა და მთელ ოპოზიციას მანდატების დატოვებას ურჩევს. ამას არა მარტო უმრავლესობაში, არამედ ოპოზიციაში და მის თანაპარტიელებშიც კი დიდი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. „ოცნებაში" იმასაც ამბობენ, რომ ეს პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობააო.

„მინდა, ოპოზიციას, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ხალხს. პარტიის მხარდამჭერებს აინტერესებთ, კონკრეტულად, რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა" დღეს პარლამენტში?" - წერს მელია ფეისბუქში.

„იმის ფონზე, რომ არავითარი მუშაობა არ შედგა 12 პუნქტთან დაკავშირებით, 12 პუნქტიდან შესრულებულია მხოლოდ სამი, ევროკომისიის დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება, ანუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ვერაფერი გაკეთდება - ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები, ანუ იძულებითი დემოკრატიზაციის მცდელობა არ გამოვიდა; 2023 წლის იანვრიდან პარლამენტარებს აეკრძალათ სააკაშვილთან შესვლა. შესაბამისად, არც ამ უფლების გამოყენებისთვის ხართ მანდ; ოპოზიციას 50 ხმის არსებობის შემთხვევაში აქვს კომისიის შექმნის უფლება - ვხედავთ, ამასაც არ გაყენებინებენ. გამოდის, რომ პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის". მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს. „უცხოელები გვთხოვენ, ვიყოთ აქ" - არგუმენტი არ მიიღება. რას გთხოვენ, უფლებამოსილებას არ გაყენებინებენ, მაგრამ არა უშავს, აქ ისხედით მაინცო? კითხვა რიტორიკულია, თუმცა პასუხებს სიამოვნებით მოვისმენ", - წერს ნიკა მელია.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამას პროცესები ქუჩაში გადატანის მცდელობა უწოდა.

„მორიგ ჯერზეც მელიას არასწორი მსჯელობაა. არ მგონია, მელია ვერ ხვდებოდეს, რომ ეს არასწორი მსჯელობაა. ის ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას თუ მიმხრობას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული. როგორც ჩანს, ახლა ცდილობს, რომ სწორედ ამ კატეგორიის ელექტორატზე და მათ მიმხრობაზე იმუშაოს. დეპოლარიზაციის რეკომენდაცია გვაქვს მიღებული, სხვას თავი რომ დავანებოთ, ქვეყანას და ამ ფონზე ცდილობდნენ, რომ პარლამენტიდან გაიყვანონ ოპოზიცია და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა. ამას არამც და არამც საერთო არაფერი აქვს ცივილიზებულად პოლიტიკის კეთების პროცესთან", - განაცხადა სარჯველაძემ.

„მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარალემენტში. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა. ყველანაირი ფორმით შეგვიძლია წავახალისოთ მათი არშემოსვლა პარლამენტში, რაც ნაკლები ნაცი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დიდი ხანია, ნიკას მალიას ეს პოზიცია აქვს, მან პარლამენტი დატოვა, მის პოზიციას იმ ნაწილში ვიზიარებ, რომ უნდა იარონ და იმუშაონ, თუ დეპუტატის მანდატი აქვთ, დარბაზში უნდა იყვნენ და თავისი მოვალეობა შეასრულონ, განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„მეტყობა რამე, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც, ფაქტობრივად, კომიკურ ორგანიზაციად არის ჩამოყალიბებული და ორი წელია, რაღაც ბრაზილიურ სერიალს გვაყურებინებენ," - გამოეხმაურა მელიას გახარიას პარტია „საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნიკა მელიას უნდა, ოპოზიციამ დააფიქსიროს რადიკალური პოზიცია „ოცნებასთან" თანამშრომლობაზე, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მოწოდება მოწოდებად დარჩება.

„მე მგონია რომ ნიკა მელიას სურს, ვთქვათ, იმის მტკიცება და იმ პოზიციის დაცვა, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, რადგან 2020-ში არჩევნები გაყალბდა „ქართული ოცნების" მიერ და აქედან გამომდინარე, თითქოს ოპოზიცია არ უნდა იყოს პარლამენტში, სადაც „ქართულ ოცნებას" აქვს უმრავლესობა, რომ თითქოს ამ შემთხვევაში ჯობია, რომ უფრო რადიკალური პოზიცია დაფიქსირდეს ოპოზიციის მხრიდან, რომ ვთქვათ პარლამენტის ფარგლებში მათ არ ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან".

„მაგრამ მე არა მგონია, რომ ვინმე გავიდეს ახლა პარლამენტიდან როდესაც საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება 2024-ში. ეს ერთი და მეორე, ასე მგონია, ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოზიციაა, რომ მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნაც იყოს გამოყენებული," -განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნიკა მელიას დემარშები მხოლოდ საკუთარი პერსონის პიარ კამპანიას ემსახურება.

„მელიას მოწოდებით პარლამენტიდან არავინ არ გავა. მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრები. იმიტომ, რომ მელია მათთვის არ არის ის ავტორიტეტი რომლის მოწოდებასაც ისინი ანგარიშს გაუწევენ. ან კი რატომ უნდა გავიდნენ? იმიტომ, რომ მათ ეს არაფერს არ შემატებს, ხოლო დანაკარგები გაცილებით მეტი იქნება - ბოლოს და ბოლოს დაკარგავენ საპარლამენტო ტრიბუნას. მით უმეტეს მელიას მოწოდებითაც პარლამენტიდან არ გავლენ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც

„ეს არის ჩვეულებრივი პიარ-ილეთი, რომ მელიამ საკუთარი პერსონისადმი საზოგადოების ყურადღება მიიქციოს და მეტი არაფერი. ის ხედავს, რომ მისი დემარშები ნელ-ნელა უკვე ნაკლებად საინტერესო ხდება საზოგადოებისთვის და ცდილობს, მორიგ ჯერზე პუბლიკას თავი შეახსენოს," - განაცხადა, „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×