ნაზი ბერიძე
02.11.2023

რუსეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს. რატომ გადაწყვიტა აფხაზეთის დასჯა მოსკოვმა და რა ელის ოკუპირებულ რეგიონს, და რა შანსები უჩნდება საქართველოს აფხაზეთთან დაახლოების პოლიტიკის პერსპექტივაში, ამაზე „რეზონანსი" ექსპერტებს ესაუბრა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება, ანუ დაახლოებთ 38 მილიონი დოლარი.

მედიის ინფორმაციით, მანამდე, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4.05 მილიარდი რუბლი იყო. ეს ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით, დაახლოებით 4.8 მილიონი დოლარით მცირდება.

შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბუჯეტის შემცირებით მოსკოვმა აფხაზეთი დასაჯა, რაც საქართველოს ჯერ არ გამოუყენებია საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„ეს მოსალოდნელი იყო, რადგან აფხაზები დგანან ერთგვარ პოზაში, არ თმობენ გარკვეულ პოზიციებს იგივე აპარტ-ოტელების აპარტამენტების აშენებასთან დაკავშირებით, ანტირუსული განწყობებია საზოგადოებაში, ასე რომ სარგებლობენ საომარი ვითარებით და ამბობენ, რომ ფული აკლდებათ, აქედან გამომდინარე, მოსკოვი ამცირებს დაფინანსებას.

„აფხაზებმა შექმნეს მთელი ფორმატი იმისა რომ არ დაუთმონ თავისი ტერიტორიები რუსულ ორგანიზაციებს აპარტ-ოტელების აშენების საკითხზე, ამას მოჰყვა წინააღმდეგობები, გაიზარდა ანტირუსული განწყობები. ირიბად თუ პირდაპირ ეს მოხდა და ეს მოსკოვში არ მოსწონთ. მოსკოვში არის ტენდენცია, რომ აფხაზები უნდა დაისაჯონ.

„რას მოიგებს საქართველო ამ პრეცედენტით? ჩვენ თუ ასე ვიქნებით და არ ვიაქტიურებთ რბილი ძალის გამოყენების თვალსაზრისით, შედეგს აქედან ვერ მოვიმკით. ახლა ჩვენ არა ვართ აქტიურები," - თქვა მამუკა არეშიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის ქცევას ორგვარი ახსნა აქვს, თუმცა საქართველო ამით ვერ ისარგებლებს.

„საქართველოს ეს არანაირად არ ეხება იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ კუთხით... მაგრამ აქ ორი მომენტია, ერთი მხრივ მოსკოვს მართლა ფული არ ჰყოფნის, იძულებულია შეამციროს დაფინანსება ასეთი ტერიტორიების, როგორიც არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მეორე მხრივ უნდა. რომ მოგუდოს აფხაზეთი, აიძულოს რაღაცა ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად დათმოს ბიჭვინთა, აპარტ-ოტელების აშენება და უამრავი სხვა საკითხი. უნდათ აგრძნობინონ, რომ თუ აფხაზური საზოგადოება არ იქნება მოქნილი და დამთმობი, პრობლემები შეიძლება შეექმნას. ამიტომ უმცირებს დაფინანსებას და თან ეუბნება, რომ აფხაზებისთვის არ სცალია, ამასთან, თან დათმობებზე წასვლას აიძულებს," -აცხადებს ზაქარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×