ელზა პაპოშვილი
02.11.2023

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი გაიზარდა და დიდი ალბათობით პასუხი დადებითი იქნება. 8 ნოემბერს ევროკომისიამ დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს და  ევროპულ საბჭოს უნად უთხრას, დაუჭიროს თუ არა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. პასუხი კი საბლოოდ დეკემბერში იქნება ცნობილი.  

რა შეიძლება შეცვლილიყო, რის გამოც დასავლეთში ფიქრობენ, რომ საქართველოს სტატუსი უნდა მიენიჭოს? „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ბოლო დროს,  რადიკალურად შეიცვალა. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ახლა ევროკავშირში მიდის დისკუსია იმაზე, რა უფრო  მნიშვნელოვანია - ტექნიკური საკითხი,  12 პუნქტის შესრულების ხარისხი თუ გეოპოლიტიკური ფაქტორი. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ. ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ევროპა გახდება მოწყვლადი გარე თავდასხმის წინაშე.  

„საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროკავშირს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველო ამ გზაზე წარმატებას მიაღწევს,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობს.

მისი თქმით, საქართველო უკვე წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ახორციელებს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. დღეს არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ევროკავშირთან, ორმხრივ ფორმატში, ისე ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან და მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე გაფართოების პაკეტის მნიშვნელობასა და აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრაციის მიმართულებით ევროკავშირის როლზე იმსჯელეს.  

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ის, რომ გერმანიაში ასე ღიად მიმდინარეობს საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე, ნიშნავს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ორგანიზაცია ამ საკითხს.

 მისივე თქმით, ფაქტია, რომ დისკუსიაში კანდიდატი და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ზოგადად ეს სურათი, რომ ყველანი ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სერიოზულად განიხილავენ კანდიდატი ქვეყნების მოსაზრებებს. ეს ფორმატი საფუძველს უდებს ჩვენს თანაცხოვრებას, ახალი მომავლის შენებას, ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ქალბატონმა ანალენა ბერბოკმა თავის გამოსვლაში. ეს იქნება დასაწყისი ახალი დისკუსიების, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში ეს იყო გარკვეულწილად ტაბუდადებული თემა, რეალურად გაფართოება 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დიდი  ალბათობით საქართველოს ხელისუფლების განცხადებებში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი  მოლოდინი  გაჩნდა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ისინი კულუარულად იღებენ. ანაჯაფარიძის აზრით, როგორც ჩანს, ეს სიგნალები მოდის და ხელისუფლების პოზიციაც აქედან გამოდინარეობს.   

„ვფიქრობ, დასავლეთის პოზიცია ამ ერთი წლის განმავლობაში იმიტომ შეიცვალა, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია ბოლო დროს ძალიან გართულდა. რუსეთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად თავის გავლენები პოსტსაბჭოთა სივრცეზე აღადგინოს. ამიტომ  გეოპოლიტიკური კონტექსტის შესფასებიდან გამომდინარე, დასავლეთში მივიდნენ იმ დასაკვნამდე, რომ ტექნიკურ დეტალებზე ყუარდღების გამახვილებაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო  ევროპას არ დაშორდეს და რუსეთის ნადავლი არ აღმოჩნდეს. ასეთი განცდა და შიში ევროკავშირში არსებობს. ამიტომ ახლა მთავარია გადაწყვეტილების მიღების დროს, ვისი პოზიცია გადაწონის. მათ, ვინც უფრო რეკომენდაციების შესრულებას ანიჭებს მეტ მნიშვნელობას, თუ მათი, რომლებიც გეოპოლიტიკურ ფაქტორს წინ აყენებენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.   

თუმცა ამასთანავე ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც დიდ  ყურადღებას აქცევენ და დიდი ალბათობით,  სტატუსის მოცემა-არმოცემის დროს ამასაც გაითვალისწინებენ.    

„რა თქმა უნდა, დასავლეთში ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც ადევნებენ თვალს. ბოლო დროს ოპოზიციის ქცევებს დასავლეთში აკვირდებიან და აინტერესებთ,  რამდენად შესწევთ ხელისუფლების  ცვლილების უნარი. მახსენდება სამნიძე-დეკანოიძის განცხადებები, სადაც მათ თქვეს, რომ ოპოზიიცის ზოგიერთი წევრი ევოპარლამენტარებს მოუწოდებს, მოდი სტატუსის მინიჭება არჩევნების შემდეგ მოხდესო. ოპოზიიცის ნაწილში ფიქრობენ და ასევე დასავლეთშიც, რომ ამით შესაძლოა არჩევნების  წინ „ოცნების“ გაძლიერება მოხდეს. ევროპაშიც ვიღაცეები ფიქრობენ, რომ ამით  ხომ არ წავეხმარებით „ოცნებას“, რომ ხელისუფლება კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნონ. 

„ჩემი გადმოსახედიდან მათთვის მაინც გეოპოლიტიკური ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პოლიტიკური კონიუქტურა. „ოცნება“ შეიძლება მათ არ მოსწონთ  გარკვეული ნაბიჯების გამო, მაგრამ ის მაინც ჩამოყალიბებულ ანტიევროპულ ძალად არ აღიქმება. ეს რომ ასე იყოს, მაშინ დამოკიდებულება საერთოდ რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. ახლა ვადევნებთ ძალიან გააფთრებულ ბრძოლას კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და გავლენებისთვის. საქართველო ერთ-ერთი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და დასავლეთს ჩვენი დაკარგვა არ უნდა. ხედავენ,  რომ მცირე რისკის ქვეშაც არ უნდა დაგვაყენონ, რათა ამით რუსეთის გავლენების გაძლიერება არ მოხდეს. აქ რომ მაიდანის მსგავსი მოვლენები დაიწყოს, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა წინმსწრებად იმოქმედოს და აქ რაღაც გარკვეული სამხედრო აქცია განახორციელოს“, -ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×