თამთა ჩაჩანიძე
03.11.2023

მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. შედარებისთვის, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი და 2024 წელს იქნება უკვე 8500 დოლარი.

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა მოსახლეობას რამდენიმე ინიციატივა და მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, მათ შორის ის, რომ საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი 2024 წელსაც, ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული. 2024 წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება - სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით მოემატებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024-2025 წლებში განხორციელდება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ეტაპობრივად, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი. პროგრამის განსახორციელებლად, ჯამურად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი.

2024 წელს, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 800 მილიონი ლარი იქნება. საიდანაც 50 მილიონი მიიმართება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ხოლო 70 მილიონამდე აეროპორტების ინფრასტრუქტურისთვის (ქუთაისი, თელავი, ვაზიანი). ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება კი მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.

2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პარლამენტს გადავუგზავნოთ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამის შემდეგ ის წარვუდგინეთ პარლამენტს სექტემბრის ბოლოს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავაგრძელეთ მუშაობა თითოეულ სამინისტროსთან, ასევე გვქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან, ყველასთან დეტალურად გავიარეთ ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, შემდეგ ვიმუშავეთ და ახლა წარმოვადგენთ მეორე ვარიანტს.

„მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს გვექნება 2,5% და შემდგომ წლებში ასევე კიდევ შემცირდება, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2 %-ს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სულ რაღაც სამი წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოვახერხეთ ძალიან მალე, მოკლე პერიოდში.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ ასეთი კონსერვატიული დაგეგმვის პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი - მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. შედარებისთვის, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში. 85 მილიარდი იქნება 2024 წელს და 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამგვარი ტემპით ზრდის შემთხვევაში 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს.

„ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მშპ იყო 50 მილიარდი ლარი, ანუ კიდევ ვიმეორებ, რომ 30-მილიარდიანი ზრდა გვაქვს სამ წელიწადში დაახლოებით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი, და 2024 წელს გვექნება უკვე 8500 დოლარი. ასეთი ზრდა გვაქვს სულ რაღაც სამ წელიწადში. ამგვარი ტემპით ზრდის შემთხვევაში 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს. ეს ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია. იცით, რომ ჩვენ 2030 წლისთვის ვპროგნოზირებდით 10 000 დოლარს და ნახეთ, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში დიდი ნახტომი გავაკეთეთ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის პენსიების ზრდა.

„ზემოაღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტშიც არ იცვლება. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენი 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის პენსიების ზრდა. შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70 წელს ზემოთ პენსია უკვე 500 ლარამდე იქნება. თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელს ქვემოთ პენსია. ასევე საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც. 10%-იანი ზრდა არის ჩადებული და მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო სამ წელიწადში 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს 400 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება.

მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები. ჩვენ ჩვენს მეგობრებთანაც გვქონდა ამის თაობაზე საუბარი პარლამენტში, საინტერესო მოსაზრებებიც გაგვიზიარეს, ბევრი რეკომენდაცია და რჩევა გავიზიარეთ და გავითვალისწინეთ", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ გააანალიზა საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები და გამოიკვეთა, რომ 2024 წელს შესაძლებელია დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო/საფინანსო სექტორიდან. მთავრობის მეთაური სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება.

ამასთან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ დამატებით 160 მილიონი ლარი გამოეყო განათლების და მეცნიერების სამინისტროს. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, დამატებით გამოეყოფა 65 მლნ ლარი და ჯამური ბიუჯეტი იქნება 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი.

„ახლა რაც შეეხება ახალ პროექტებს და ინიციატივებს, რომელიც მინდა გავაცნო საზოგადოებას. გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს, პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. ეს არის დაახლოებით 400 000 პენსიონერი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ პენსიონერებს გავუზარდეთ პენსია და 500 ლარამდე - 110 ლარი იყო 2012 წელს და გახდა 500 ლარამდე, ასევე - ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყება ონკოლოგიურ პაციენტთა ადრეული კვლევების დაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

„რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურას აქვს დაგეგმილი, დაიწყება ონკოლოგიურ პაციენტთა ადრეული კვლევების დაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებულ საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდილი, რაც ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ", - განაცხადა მან.

პრემიერმა კიდევ ერთი სიახლე გააჟღერა, რომელიც მნიშვნელოვანია ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის, არის ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიისა და ეს გაიზრდება 1000 ლარამდე. ასევე - საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. პრემიერმა მადლიერება მინდა გამოვხატო ძალოვანი უწყებების მიმართ და უთხრა, რომ მტავრობის სურვილია პენსია ეტაპობრივად გავზარდოთ შემოსავლის მიხედვით.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია.

„მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-ამდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ჰყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ათასამდე ასეთ ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება მაქსიმუმ ორ-წლიანი პროგრამა. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯამურად დაიხარჯება, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგ მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყვნენ მიტოვებული", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და ჯამში 800 მილიონ ლარამდე იქნება ბიუჯეტი.

„დამატებით 70 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული ეკონომიკის სამინისტროსთვის აეროპორტების მშენებლობისთვის. ეს არის ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე თელავისა და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, მათ შორის კვლევების დასრულება და ა.შ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა კიდე 50 მილიონი ლარი, მაგრამ ჯამურად ბიუჯეტი იქნება 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი.

„შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 700 მილიონ ლარით, 419%-ით არის გაზრდილი ბატონი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი, 2012 წელს იყო 2 მილიარდ 700 მილიონი ლარით ნაკლები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ზრდა არის. ეს ყველაფერი ჩანს და ხედავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მშენებლობა გაჩაღებული, იქნება ეს გზები, ხიდები, ავტობანები თუ მაგისტრალები და ა.შ. ყველა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლება, კურორტების, ასე ვთქვათ, განახლება და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2024 წელს, 10 ქალაქში ჩვენ დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს, 10 ტურისტული ქალაქი გამოვყავით: ბორჯომი, ყაზბეგი, მესტია, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება 2024 წელს. ასევე დასრულდება მთავარი მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე და მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხებს, დამატებით 110 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„თბილისსა და რეგიონებში, რაც შეეხება პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხებს, დამატებით 110 მილიონი ლარი გამოიყოფა და რეგიონებისთვის ჩვენ ახლა ჯამში გვაქვს გათვალისწინებული 450 მილიონი ლარი, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება კიდევ დავამატოთ, 500 მილიონ ლარამდე ვფიქრობთ დამატებით გაზრდას, მაგრამ ამ ეტაპზე 450 მილიონი ლარი მიემართება რეგიონებში, რომელიც გადანაწილდება მუნიციპალიტეტებზე და ისინი დაიწყებენ საინტერესო პროექტების განხორციელებას.

„ზრდა არის გათვალისწინებული თბილისშიც. თბილისის ბიუჯეტი, მინდა შედარებისთვის გითხრათ, 2012 წელს იყო საკმაოდ დაბალი. 2024 წლიდან თბილისის მთლიანი ბიუჯეტი იქნება მილიარდ 875 მილიონი ლარი და შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს არის მილიარდ 190 მილიონამდე, ანუ 173 %-იანი ზრდა თბილისის შემთხვევაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტური მატებაა", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, პრემიერის თქმით, თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა ჯამურად დაფინანსება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

„ვიცით, რომ თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია - ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს. სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდას და ბოლოს, ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო. დამატებით 25 მლნ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით 1 თვე, ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×