თამთა ჩაჩანიძე
06.11.2023

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალმა განცხადებამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ყველაფერი თავდაყირა დააყენა, იმასაც კი ამბობენ, რომ შესაძლოა მელიამ პარტიიდან წასვლა გადაიფიქროს. მანამდე ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ „ნაცმოძრაობის" დატოვება არ გამორიცხა, თუმცა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებდა. ყველაფერი კი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებიდან დაიწყო, რაც 1-ელ ნოემბერს სასამართლო პროცესზე თქვა.

სააკაშვილის ნათქვამმა, რომ „ შიგნით პარტიის ლანძღვას, სჯობს გავიდნენ და რაღაც თავისი აკეთონ" დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მას კონკრეტული სახელი არ დაუსახელებია, თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა იფიქრა, რომ ადრესატი თავად ენმ-ს ყოფილი თავდმჯომარეა, შემდეგ კი სააკაშვილმა „ფეისბუქზე" დაწერა, რომ მელია არ უგულისხმია და რომ მასზე „მაღალი წარმოდგენისაა.

ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ თუ ნიკა მელიამ პარტია დატოვა, ენმ-ს ელექტორატის გარკვეული ნაწილი მოაკლდება, თუმცა, დიდად მაინც არ შეეტყობა რეიტინგს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ფრაზა - „სჯობს გავიდეს", მელიას გარდა სხვას არავის არ ერგებოდა, რადგან მას ასეთი რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

მოვლენების ქრონოლოგია

მიხეილ სააკაშვილმა ხმაურიანი განცხადება 3 ნოემბერს სასამართლოზე „ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას გააკეთა, მისი თქმით, თუ ვინმე პარტიის შიგნით ადგილს ვერ პოულობს, „სჯობს გავიდეს", ვის მიუთითა სააკაშვილმა კონკრეტულად, არ დაუსახელებია, თუმცა, ეს მელიამ თავის თავზე მიიღო და საზოგადოების ნაწილსაც ეს ეჭვი გაუჩნდა.

„მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესების მხარეს იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ - თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

„საბოლოოდ, ეს მაინც პატარ-პატარა ნაკადულებია, რომელიც ერთ მდინარეში შეერწყმება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" თავად არის ძალიან მძლავრი ნაკადი და მე „ნაციონალურ მოძრაობაში" ვრჩები, მაგრამ აბსოლუტურად გახსნილი ვარ ყველა სხვა ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

„აუცილებლად მოხდება დიდი ცვლილება. ყველამ თავისი გზა იპოვეთ - რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი საკმარისად ძლიერია. ამიტომ ყველამ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს. საბოლოო ჯამში, გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. მე ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამის საპასუხოდ 3 ნიემბერსვე ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდა, რაც რამდენიმე ქალაქში ელექტორატის აზრს გაიგებდა.

„გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როცა რამდენიმე ქალაქში ჩავატარებ შეხვედრას თანამოაზრეებთან. სააკაშვილის განცხადება ჩემს გეგმებს არავითარ შემთხვევაში არ ცვლის. მე მართლა მაინტერესებს პარტიის წევრების მოსაზრება - როგორ მიაჩნიათ მათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.

„ჩემთვის სიმართლე ერთია და ამ სიმართლეს ჰყავს გარე და შიდა მოწააღმდეგეები. ამ სიმართლის მოწინააღმდეგეები უნდა დამარცხდნენ. მე არა, პარტიის წევრებს ჰკითხონ, ვინ არის დღეს ვანო მერაბიშვილი, ვინ არის დავით კეზერაშვილი, უკეთესი ალტერნატივაა ივანიშვილის?", - განაცხადა მელიამ ტვ „პირველთან".

„სააკაშვილი არ შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი? - ასე უპასუხა „ენმ"-ის წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი თავისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა კეზერაშვილ-მერაბიშვილს.

„სააკაშვილი არის ტყვე, მაგრამ მე მითქვამს, რომ ჩემი შეფასებით, ის არის ორმაგ ტყვეობაში, ბევრი თვალსაზრისით. მე მასთან დებატებში რა უფლება მაქვს შევიდე, ალბათ გვისმენს ახლა. ჩემთვის სიმართლე არის ერთი. სააკაშვილი არ შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი? მითუმეტეს დატყვევებული ადამიანი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

5 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა „ფეისქბუქზე" საკუთარი განცხადება განმარტა და თქვა,რომ ის არა მელიაზე, არამედ პარტიის შიდა მდგომარეობაზე საუბრობდა და, რომ ნიკა მელიაზე „მაღალი წარმოდგენისაა".

"იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პარტიაში ასეთ გაუგებრობას, სჯობს ვინც წასასვლელია წავიდესო, სახელი კონკრეტულად არ უთვქვამს, თუმცა, დიდწილად მელიასკენ იყო ნასროლი სიტყვა და მან საკუთარ თავზე მიიღო. ამის მერე მელიამ თქვა, რომ ჯერ რეგიონებში ამომრჩეველს შევხვდები და ისე გადავწყვეტ წავალ თუ დავრჩებიო, ამის მერე სააკაშვილმა პოსტი დადო, რომ მე მელიაზე არ მითქვამსო - რას დაკარგავს ენმ თუ მელია და მისი ფრთა გავიდა,

რატომ შეცვალა სააკაშვილმა რიტორიკა და რა დააკლდება ენმ-ს მელიას წასვლით

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთნ" აცხადებს, სააკაშვილის მტკივნეული ფრაზები ენმ-ს ახალი მენეჯმენტის მისამართითაც აქვს „ნასროლი" და ყოველთვის მის განცხადებებში ღრმა აზრის ძებნა, მითუმეტეს პატიმრობაში ყოფნისას „გამართლებული არაა"

„სააკაშვილს მტკივნეული ფრაზები ახალი მენეჯმენტის მიმართაც არაერთხელ აქვს ნასროლი. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ როცა-რაღაცეებს ამბობს, ყოველთვის ღრმა აზრის ძებნა გამართლებული არაა. იმ მომენტში რაღაც განწყობაზეა და ამბობს. ფორმულირება ვინც წასასვლელია „სჯობს გავიდეს", მელიას გარდა სხვას არავის არ ერგებოდა, მას ასეთი რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

„უბრალოდ, სააკაშვილი იმ დღეს მაგ ხასიათზე იყო და ეგა თქვა, დღეს სხვა ხასიათზეა და სხვა რამეს იძახის, ასეთი ადამიანია და სააკაშვილის ყველა ფრაზის იქით ჩანაფიქრის ძებნა მემგონი გამართლებული არაა ბევრი მიზეზების გამო - საერთოდ იმპულსური ადამიანია და მითუმეტეს ამ მდგომარეობაში, როცა ის თავისივე პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებასთან კონტაქტში არაა, მან შესაძლოა განწყობილებების მიხედვით ილაპარაკოს და არა ჩანაფიქრების მიხედვით",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, მელია თუ ენმ-ს გამოეყო, მისი წასვლა პარტიის რეინტინგზე როგორ აისახება, საყვარელიძემ გვითხრა: „მელიას წასვლა პარტიის რეიტინგზე არ აისახება, რადგან ენმ-ს რეიტინგი მისით არაა, ამ რეიტინგს უმეტესწილად როგორც ჩანს სააკაშვილი ქმნის.

„დანარჩენის წასვლა-წამოსვლა დიდად არ აისახება, ხომ ვნახეთ მაგ პარტიიდან რამდენი წავიდა და ვერცერთმა დიდი რეიტინგი ვერ მოიპოვა და მათი წასვლით დიდად არც პარტიას დაჰკლებია არაფერი, რადგან მაგ რეიტინგების ძირითადი დონორი სააკაშვილია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან". 

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი თავის ხმაურიან განცხადებაში მელიას სულაც არ გულისხმობდა.

„ახლა პარტიას ერთიანობა სჭირდება და ჩემი აზრით, სააკაშვილი ერთიანობის შერნარჩუნებას გულისხმობდა. შესაძლოა არა უშუალოდ მელიას, არამედ იმ ადამიანებსაც გულისხმობდა, ვინც კონფლიქტის ინიციატორია, რომ ასეთი ადამიანების ადგილი პარტიაში არ უნდა იყოს. ფაქტია, რომ მას ის ამბავი აწუხებს, რომ პარტია ერთიანი არაა", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, თუ მელია პარტიიდან წავიდა, რას დაკარგავს ამით პარტია, ჩიტაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ელექტორატის რაღაც ნაწილი დაკარგოს, კონკრეტულად კი მისი ფრთის მომხრეები.

„შესაძლოა ენმ-ს მომხრეთა ნაწილმა მელიას ფრთიდან, ხმა სხვა რომელიმე პროევროპულ ძალას მისცეს ხმა და არა „ქართულ ოცნებას". მელია ცუდი და ურეიტინგო პოლიტიკოსი არაა, მაგრამ თუ პარტიიდან წავიდა, 2024 წლისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა ცოტა გაუჭირდება ისევე, როგორც თავის დროზე „ევროპულ საქართველოს" გაუჭირდა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×