საქართველოს ხელისუფლება ლომისის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიასთან მომხდარ მკვლელობაში დამნაშავის გადაცემას ითხოვს. მისი ოპონენტები კი კითხვას სვამენ - როგორ უნდა შეფასდეს რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკა, თუკი საოკუპაციო რეჟიმი სულ უფრო სასტიკი ხდება და ოკუპაციის ხაზიდან მათ გატაცებასთან ერთად უკვე მკვლელობაც ხდება?
ადგილობრივების ინფორმაციით, 3 ადგილობრივი მცხოვრები ორშაბათს შაღამოს სოფელ კირბალთან სასაფლაოზე იმყოფებოდა სანთლების დასანთებად. ამის შემდეგ მათ იქვე მდებარე ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს და მკვლელობა სწორედ იქ მოხდა. ადგილობრივებმა 5 გასროლის ხმა გაიგეს. ამის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა კირბალის მცხოვრები თამაზ გინტური. ერთი მოქალაქე - ლევან დოთიაშვილი - ოკუპანტებმა დააკავეს. მესამემ კი გაქცევა მოახერხა და სწორედ მისგან გახდა ცნობილი მომხდარის შესახებ.
სუს-ის ინფორმაციის თანახმად, „2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე". შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დე ფაქტო ხელისუფლება კი მომხდარში ქართველებს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, „მესაზღვრეები" შემთხვევით წააწყდნენ ორ მოქალაქეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მანქანით გადაადგილდებოდნენ. მათივე ცნობით, „საზღვრის დამრღვევები" ჯერ ნაჯახით დაემუქრნენ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ „მესაზღვრეებს", შემდეგ კი მათზე მანქანის დაჯახება და გაქცევა სცადეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე დამნაშავის გადაცემას მოითხოვს, რათა ის საქართველოს კანონმდებლობით გასამართლდეს.
„კონკრეტული ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ორ ტერიტორიაზე ხორციელდება. ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიებული იქნას და გადმოცემული იქნას დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა და დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერჯერობით ტყვეობაშია.
„დღეს სპეკულირება და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა, მითუმეტეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ვიხილეთ, არის სრული უზნეობა და პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც მომხდარა ასეთი ტრაგიკული ფაქტები, 2010-2011 წლებში და არასდროს იმდროინდელ ოპოზიციას არ გაგვიხდია ასეთი სპეკულირების საგანი ოკუპანტების ჩადენილი დანაშაულები.
„ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ვინც ხელისუფლებისგან „რაღაც მეტს" ითხოვს, უნდა აცნობიერებდეს, რომ ამას მეტი ესკალაცია მოჰყვება, რაც, შეიძლება, უმართავ პროცესებში გადაიზარდოს.
„ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ერთეული შემთხვევებია ასეთი ტრაგედიების და ვიღაც რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას მეტი ესკალაცია მოყვება და რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს ოპოზიციიდან?! მათი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით დადგება საკითხი, რომ პირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლა, საქართველოს გადმოეცეს, რათა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს. მისივე თქმით,, „აღნიშნული საკითხის პოლიტიკური შეფასება ისაა, რომ ეს იყო მკვლელობა".
„საკითხი ასე დადგება, რომ საქართველოს გადმოეცეს ის ადამიანი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, შესაბამისად, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მედიატორის ჩართულობით; იმ მხარის ჩართულობით, რომლის მედიაციითაც გაფორმდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ სხვა ბერკეტი და ხაზი რუსეთთან ურთიერთობებში არ გვაქვს. ერთადერთი ეს არის ჟენევის ფორმატი და ის შეხვედრები, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე იმართება ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად", - განაცხადა სამხარაძემ.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი სულ უფრო სასტიკი ხდება და ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ არჩეული პოლიტიკის ეფექტურობა სერიოზულ კითხვებს იწვევს.
„ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს, აქ არაფერი ახალი არ არის. სამწუხაროდ, საშინელი ტრაგედია მოხდა, რომელიც შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერ დროს. ახალი არის ის, რომ კაცი მოკლეს, თორემ ადრეც აკავებდნენ. შეიძლება სხვებიც მოეკლათ, მაგალითად, გახელაძე.
„ეს მოხდა და მე კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან - რის ფასად? თუ საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობებს აუმჯობესებს რუსეთთან, სად არის შედეგი? შედეგი არის მკვლელობები? სად უნდა დავინახოთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის შედეგები? დაგვანახონ.
„უფრო და უფრო რთულდება ვითარება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კიდევ უფრო სასტიკი ხდება, ადამიანებს იტაცებდნენ, ახლა უკვე კლავენ...
„სად არის ურთიერთობის გაუმჯობესების დინამიკა - ჩვენ ვაუმჯობესებთ და რუსები კიდევ უფრო სასტიკები ხდებიან? რუსეთს სულ არ აღელვებს საქართველო. ის საქართველოს საერთოდ ვერ ხედავს, მას თავისი ინტერესები გააჩნია და მისი ინტერესები არანაირად ჰარმონიაში არ მოდის საქართველოს მავნებლურ პოლიტიკასთან. რუსეთს რომ არ ადარდებს, გასაგებია, მაგრამ ადარდებს თუ არა საქართველოს ინტერესები „ქართულ ოცნებას"? ეს არის მთავარი - თუ ადარდებთ, რაში გამოიხატება? თუ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ...", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.