
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ევროკომისრები ევროსაბჭოს რეკომენდაციას აძლევენ, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცაღა იქვე დათქმებია მითითებული. საუბარია ცხრა პუნქტზე, რომელიც ზოგიერთი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანასთან" აცხადებს, სტატუსი საპატიო და წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, უარყოფითი დასკვნაც ბრიუსელსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. ამბობს, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა და „მათ მიერ არჩეული „ქართული ოცნების".
„სტატუსი წინგადადგმული ნაბიჯია, კარგი და საპატიოა, მაგრამ სტატუსის მონიჭება-არმონიჭება საქართველოსა და ბრიუსელს შორის ისტორიულ ღრმა და მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაში არაფერს არ ცვლის. ფინანსურ სარგებელთან და ბენეფიტებთან დაკავშირებული არაა, რაზეც მანამდე რადიკალური ნაცოპოზიცია აპელირებდა.
„რევანშისტები ყურჩამოყრილნი არიან და სტატუსს ხალხის დამსახურებას მიაწერენ, რა თქმა უნდა საქართველომ და ხალხმა ეს დაიმსახურა, მაგრამ დემოკრატიაში ხალხი ხელისუფლებას ირჩევს და ხელისუფლება ხალხის მანდატით მოქმედებს, ესაა მმართველი პარტია „ქართული ოცნება". თუ მეხუთე კოლონას მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაშინ „ნაცოპოზიციონერები" პარლამენტში რატომ არიან?! სააკაშვილის თანაგუნდელები ყოველთვის არალოგიკურ ირაციონალიზმს აფრქვევენ.
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დიახ, სტატუსი ჯერ კიდევ 2022 წლიდან საქართველოს ხალხს ეკუთვნის და საქართველოს ხალხის სახელით მის მიერ არჩეული „ქართული ოცნება" მოქმედებს. ისევე როგორც დასავლეთში ნებისმიერი ქვეყნის ხალხის სახელით მოქმედებს ნებისმიერი მმართველი პარტია.
„შემთხვევითი არაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშილი ბრიუსელში გაემგზავრა, თუ მას ნეგატიური მოლოდინები ექნებოდა, ის ამას პირისპირ არ შეხვდებოდა. შიდა და გარე გამოწვევები ისევ რჩება, როგორც შიგნით რადიკალური ოპოზიციისგან,ისე გარეთ ოკუპანტი რუსეთისგან. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ახერხებს, რომ ბეწვის ხიდზე იაროს, რაც სამწუხაროდ ჯერ გადალახული არაა, მაგრამ, სამშვიდობოს მივაღწევთ.
„საქართველოს საგარეო კურსი დადასტურდა, რომ მშვიდობიანია სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული და მულტივექტორულია, რაც დაბალანსების პოლიტიკას ნიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რომელიმე პროსუბიექტი გახდა. ეს იმის გარანტიაა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და შემდგომი წინსვლა ნახოს და დააინტერესოს, როგორც უცხოელი ინვესტორები, ისე შიდაბიზნესწრეები",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს. სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.
„რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია აპირებს თქვას, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.გამოცემა წეს, რომ ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან" ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.
„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
კორუფციასთან ბრძოლა;
დეოლიგარქიზაცია;
ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.
წყაროების ცნობითვე, ევროკომისია გეგმავს, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე. ამ პროცესში მოლდოვას, სავარაუდოდ, სამ პირობას წაუყენებენ, ხოლო უკრაინას - ოთხს.
კიდევ ერთი წყარო, გამოცემა პოლიტიკო ადასტურებს, რომ ევროკომისია საქართველოზე კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციას გასცემს.
„მწვანე შუქი უკრაინისა და მოლდოვისათვის: ევროკომისრების კაბინეტის ხელმძღვანელები, რომლებიც ორშაბათს ჰებდოს ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, უკვე შეთანხმდნენ იმ დიდ კითხვებზე, რომლებიც გაშუქდება დღევანდელ გაფართოების ანგარიშში: ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით - იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს. კარგი ამბავია თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი",- წერს გამოცემა ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროვებს.