თამთა ჩაჩანიძე
08.11.2023

გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - „იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა". საუბარია ცხრა დათქმაზე, აქედან უმეტესობა 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია - სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, აქცენტი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ ამ არჩევნებიდან დასავლეთს დიდი მოლოდინები აქვს, შესაბამისად, მათი თქმით, ბუნებრივიც იყო ამ რეკომენდაციის გაჩენა, რომ არჩევნები სამართლიანად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საუბრები, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, „შემოგდებული თემაა". მათი თქმით, ეს დამსახურება ყველასია, როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული „ქართული ოცნების" და ოპოზიციის.

აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიში საკმაოდ ვრცელია. დათქმებს რაც შეეხება ესენია: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში; ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა; კორუფციასთან ბრძოლა; დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორი წლის წინ 60%-ს აჭარბებდა.

ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები.

"აღნიშნული მისწრაფებები უფრო კარგად უნდა იყოს გათავისებული ხელისუფლების მხრიდან, მოხდეს უფრო მეტი ჩართულობა ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. პროგრესია მისაღწევი მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე, რომელიც დადგინდა გასულ წელს.

"ევროკომისია აღიარებს რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაში. განხორციელდა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული ბიურო და ა.შ. შესაბამისად, კომისია იძლევა რჩევას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ის, რომ დათქმებში 2024 წლის არჩევნებია დამატებით ნახსენები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ამასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს.

„თუ 2024 წლის არჩევნებია მთავარი დამატებითი დათქმა, ეს ნიშნავს, რომ ამ არჩევნებიდან დასავლეთს დიდი მოლოდინები აქვს. ბუნებრივიც იყო ამ რეკომენდაციის გაჩენა, რომ არჩევნები სამართლიანად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, ამაში პრინციპში ახალი ისეთი არაფერია. შესაძლოა ვიღაცამ ამას თავისი ინტერპრეტაცია გაუკეთოს, რომ ევროპას საქართველოს საარჩევნო პროცესი ხარვეზიანად მიაჩნია და ამიტომ იძლევა რეკომენდაციასო.

„არჩევნებზე აქცენტის გაკეთება სწორედ ევროკავშირის იმ შიშებისგანაა გამოწვეული, რომ 2024 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევა არ მოხდეს და საქართველოში პროევროპული ძალები არ დამარცხდნენ. დასავლეთს სწორედ ამის ეშინია, რომ საქართველოში პრორუსულმა ძალებმა არ გაიმარჯვონ.

„მათ მეხსიერებაში ჩარჩენილი აქვთ, რომ რუსეთი აშშ-ის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის არჩევნებში ერეოდა, აქედან გამომდინარე, ალბათ ამას გაუსვეს ხაზი. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ოპოზიციის მიერ ჩაწვეთებული ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ გააკეთეს ეს დათქმა",- განაცხადა მან.

როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, საუბრები, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, „შემოგდებული თემაა".

„ეს ზუსტად ისეთივე შემოგდებული თემა მგონია, როგორც ადრე შემოაგდეს თუ ვინ დაიწყო ომი. დამსახურება არის ხალხის და იმ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის ოპოზიციის, რომელიც იმისთვისაა, რომ ხელისუფლება აკონტროლოს, შეცდომები არ დაუშვას და ამაზე მიუთითოს. არასამთავრობო სექტორი იმისთვისაა, რომ ხელისუფლებაზე მინიტორინგი განახორციელოს, რომ ვალდებულებები ზედმიწევნით შეასრულოს.

„ხელისუფლება კი იმისთვისაა, რომ რადგან მას ხალხმა მმართველობა ანდო, განახორციელოს კარგად და ქვეყნის კონსტიტუციას არ გასცდეს. ძალიან სპეკულატიურია ეს მსჯელობა, რომ ხალხი ცალკე და ხელისუფლება ცალკე. ოპოზიციის ზოგიერთ წევრს კი უნდა, რომ ასე იყოს და ეს აღქმა დამკვიდრდეს, როგორც აქ, ისე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ეს განცალკევება ლოგიკასაა აცდენილი. ანუ საქართველოს პროევრიპული საზოგადოება ჰყავს და მან პრორუსული ხელისუფლება აირჩია?!

„ამ რეკომენდაციის შემდეგ, რომ ჩვენ სტატუსი მოგვცენ, ოპიზიციას უბრალოდ აქციების ჩატარების საბაბი და მიზეზი წაერთვა. ვერანაირ აქციებს ვეღარ ჩაატარებენ და თუ ჩაატარებენ რისი მოთხოვნით და რატომ? თუ ევროპულმა საბჭომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, ან რაღაცნაირად ჩვენი სტატუსი ეჭვის ქვეშ დააყენა, რასაც არ ველოდები, მაშინ შესაძლოა ოპოზიცია აქციებზე გამოვიდეს, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში ვერ შეძლებს, რომ ხელისუფლება შეცვალოს. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს ოპოზიციურ ბანაკში სუფევს, მთავარი ოპოზიციური პარტია და სხვები დღემდე საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკომისიისგან სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა „სამართლიანობის აღდგებაა", რადგან მისი თქმით, საქართველო რეფორმების თვალსაზრისით ბევრ კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

„ევროკომისიის გადაწყვეტილება წინამოსამზადებელია, რომელზეც წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს უნდა მიიღონ. ნოტარიუსის ტექსტი შედგენილია, მხოლოდ ევროპული საბჭოსგან ბეჭედის დარტყმა დარჩა. სტატუსის მონიჭება სამართლიანობის აღდგენაა, საქართველო ნებისმიერი პარამეტრით კვლავ მოწინავეა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში, უწინარესად უკრაინასთან და მოლდოვასთან.

„ეს ამ ქვეყნების სუვერენიტეტებს არანაირად არ აკნინებს, უბრალოდ ფაქტია ხაზგასასმელი და ამას არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების თუ სხვა საკითხების მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მოწინავე ქვეყანაა.

„რადიკალური ოპოზიციის ნარატივი, რომ ეს ხალხს ეკუთვნის, დიახ, ეს ხალხს ეკუთვნის, როგორც „ქართული ოცნების", ისე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს, მაგრამ, ხალხის მანდატით მოქმედებს არჩეული ხელისუფლება. ხელისუფლება სწორედაც რომ ევროკავშირთან მომლაპარაკებელი იყო დაახლოების პროცესში.

„სპეკულაცია, რომ სტატუსი ხალხს ეკუთვნის და არა ხელისუფლებას, ეს ძალიან გულუბრყვილო და უციდინარი ადამიანების მხრიდან ნათქვამია. უცოდინრებს ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამაზე ნიშნისმოგებით ლაპარაკობენ. დიახ სტატუსი ყველასია, მაგრამ მთავარი მომლაპარაკებელი კანონიერად არჩეული ხელისუფლება იყო",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×