თამთა ჩაჩანიძე
08.11.2023

ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე თბილისიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ქართველი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამჯერადაც დაფიქსირდა განსხვავეული მოსაზრებები - ოპოზიციის შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, ხოლო მმართველი პარტია კი ამბობს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების" მუშაობის შედეგი, „ოცნება" კი „ქართველი ხალხის არჩეულია".

რეკომენდაციას მოჰყვა დათქმები, ეს პროცესი კი ბრიუსელის შეფასებით უნდა იყოს ინკლუზიური - როგორც „ოცნება" ამბობს, პარლამენტმა ჯერ კიდევ შარშან, როცა ევროკავშირის მხრიდან 12 რეკომენდაცია გაიცა, შექმნა თითოეულ რეკომენდაციაზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი და „კარი ყველასთვის ღია იყო". თუმცა, ოპოზიცია აპირებს თუ არა „ოცნებასთან" შემდგომ თანამშრომლობას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილების მერე პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირობა დადო, რომ საქართველოს ხელისუფლება „ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს". ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება 8 ნოემბრის ევროკომისიის გადაწყვეტილება.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპისკენ დიდი ნაბიჯია და გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთნის, რომელიც ათეული წლებია თავისუფლებისთვის იბრძვიან.

დასკვნას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - წერს, რომ შეასრულებს პროევროპელი ლიდერის როლს, რათა გატარდეს რეფორმები.

„მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შევასრულებ ჩემს პროევროპელი ლიდერის როლს, რათა გატარდეს და მივუახლოვდეთ კვლავ საჭირო რეფორმებს",- წერს პრეზიდენტი.

გზავნილები ბრიუსელიდან

8 ნოემბერს თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე ბრიუსელში პრესკონფერენცია გაიმართა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარეიმ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში წარადგინეს, სადაც ითქვა, რომ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა.

ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და გადაწყვეტილებაა, მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად.

„პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მიენიჭა ქვეყანას. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ, ან ვუწევთ რეკომენდაციას ამ სტატუსის მინიჭებას, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. ეს დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციებში. ეს ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის, ასევე, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად",- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.

„რაც შეეხება საქართველოს, აქ სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს რა თქმა უნდა უფრო მკვეთრად უნდა იქნას ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით.

„ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის დათქმები 9 პუნქტს მოცავს და შემდეგია: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში; ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა; კორუფციასთან ბრძოლა; დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

„თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს ასევე იმის დემონსტრირებაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში არსებობს პროგრესი. წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ", - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ევროკომისრის განმარტებით, ახალი გეგმა და გაფართოებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს. მისივე თქმით, პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

ამასთან, ევროკომისიის აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი.

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ახალი ნაბიჯია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, გაფართოება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთსულოვნად არის გადაწყვეტილი.

„ამისთვის ჩვენ ახლა ცხრა ნაბიჯისგან შემდგარი კომპლექტი გვაქვს. ზოგიერთი მათგანი ძალიან ნაცნობია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი 12 პრიორიტეტიდანაა, რომლებიც ჯერ კიდევ პროგრესში იმყოფება. სხვები ახლებია. ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება. ყველა დემოკრატიაშია განსხვავებული ხმები, ყველა დემოკრატიაში განსხვავებული ხედვები, მაგრამ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიული დღე და საქართველოს ხელისუფლების ერთიანი მიშაობის შედეგი.

„ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა - საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი, ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

„ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე დროში დავხურეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოცემული იყო ევროპელი პარტნიორების მხრიდან - ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მადლობა გადაუხდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

როგორც პრემიერი აცხადებს, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ არის შესრულებული, თუმცა „ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი პროცესი", მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება „ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს". ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება 8 ნოემბრის ევროკომისიის გადაწყვეტილება.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა ანგარიშში როგორც წერია - მე მინდა გითხრათ, რომ ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ წერია, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს. შედეგი ბუნებრივია დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ ანუ იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის ამომრჩევლის მიერ.

„ასე რომ, ეს ყველა სპეკულაცია, რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა ძალიან გადაჭარბებული და მცდარია", - განაცხადა პრემიერმა.

მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი იქნება 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაც.

„20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა - სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

„ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს.

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს - ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი.ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!",- წერს კობახიძე.

რას ამბობს ოპოზიცია

პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი.

„ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო "ქართულ ოცნებას". ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი. ახლა უკვე გვაქვს გასავლელი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ერთხმად გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ჯაფარიძე.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქართველი ხალხის დამსახურებით ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა, ვაშაძე სტრატეგიულ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველო „რუსეთთან პირისპირ არ დატოვა".

„აი, ესაა მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს. საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, საქართველოს გზა არის განვითარებისკენ, არასდროს რუსეთი საქართველოში არ იქნება და რაც მთავარია, დეკემბერი - დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ჯერ მხოლოდ დასაწყისია, გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, რომ ვთქვათ - ფუნდამენტი შექმნა ევროკომისიამ, ახლა კი უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან ხელის შეშლა არ მოხდეს და მთავარია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა „პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას". მისი თქმით, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა.

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა. მე მინდა ეს პირველი წარმატება და ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს.

„„მინდა ასევე მივულოცო უკრაინის მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს, მოლდოველებს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ, მთავარი ევროპული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა", მთავარია ხალხის ურყევი ნება, რომელსაც სურს ევროკავშირში. ახლა ჯერი არის ჩვენზე. ევროპამ გადაწყვიტა და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, საქართველო არ დატოვოს და მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×