ელზა პაპოშვილი
18.01.2024

შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციოანლური მოძრაობის“ გარეშე და რა გადაჯგუფებებია მოსალოდნელი თებერვალში? ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია ასეთი ფრაგმენტული სახით წარსდგება 2024 წლის არჩევნებისთვის, მაშინ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების დიდი შანსი აქვს. მისი აზრით, თებერვალში უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, ვინ ვისთან თანამშრომლობს და რას სთავაზობენ ამომრჩეველს. 

რაც შეეხება ამ ეტაპზე ახალ გადაჯგუფებას ოპოზიციაში, პოლიტიკურ სუბიექტებთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ ნიკა მელიას თანაგუნდელები. ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები გრძელდება, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ არ აქვს პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა გვარამია მელიას ახალი პარტიის ყრილობაზე. 

რაც შეეხება „ლელოს“, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ამ პარტიასთანაც გეგმავენ თანამშრომლობას.  

მელიას კიდევ ერთი თანაგუნდელი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ახალი პარტია თებერვალში დაფუძნდება და ყრილობაც რამდენიმე კვირაში იქნება.   

ნიკა მელიასა და გვარამიასთან მოლაპარაკებებს ადასტურებს ხატია დეკანოიძეც, რომელიც ვარაუდობს, რომ გაზაფხულამდე ოპოზიციურ სპექტრში ახალი კონტურები გამოიკვეთება. 

რაც შეეხება ნიკა გვარამიას პასუხს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ამიტომ უფრო ფართო გაერთიანების მომხრეა, მზად არის კომპრომისებისთვისაც, ხოლო მიზნების მიღწევისთვის ესაუბრება ყველას.   

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ არავისთან აპირებენ გაერთიანებას. 

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან გაერთიანდება, ვინ ვისთან შეუღლდება. არ გვაინტერესებს,“ - ამბობს  პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილი. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი პარტია არავისთან გაერთიანებას არ აპირებს.

„არავისთან არანაირ გაერთიანებას არ ვაპირებთ 2024 წლის არჩევნებისთვის. ჩვენი მიდგომა ასეთია და გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის სწორი სტრატეგია“, - განაცხადა დაუშვილმა. 

ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს დარჩენილი საპარლამენტო ოპოზიცია. 

„გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, რაც მეტი 1 და 2-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ნაცმოძრაობის წიაღში, მით უკეთესი", - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. გვარამიას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ამომრჩევლის მაღალ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი 1 და 2-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ნაცმოძრაობის წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის,“ - ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე და მისი თანაგუნდელები კვლავ იმეორებენ, რომ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები გუშინ ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ შეძლებს.   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძააბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკური ტანდემი ნამდვილად საინტერესოა და დიდი ალბათობით 5%-იან ბარიერსაც გადალახავენ, მაგრამ ეს არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას რაიმე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. 

„დავუშვათ მელია და გვარამია, ასევე დეკანოიძე  ახალი  პარტიით ერთ გუნდად მოგვევლინონ, რა შანსები აქვს ამ ხალხს, ვინ არის მათი  ამომრჩეველი და შეძლებენ თუ არა ისინი  შუაშისტების მიმხრობას, რომელთაც არც „ოცნება“ უნდათ და არც „ნაციონალური მოძრაობა“?! რა თქმა უნდა, ვერა, რადგან გვარამია არის წარსული 9-წლიანი რეჟიმის სახე, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორია. მას თუ რამის გაკეთება უნდოდა ან შეცვლა, აქამდეც შეძლებდა პოლიტიკაში მოსვლის გარეშე. ის როგორც პოლიტიკოსი ნანახიც გვყავს და ასევე ვნახეთ, რომ ჩამოაქვეითეს სააკაშვილის ხელისუფლების  დროსაც. 

„ამიტომ ის ცალკე აღებული საზოგადოებაში არანაირი ავტორიტეტის მატარებელი არ არის. კი ბატონო, შესაძლოა კარგი მენეჯერული თვისებებით გამოირჩევა და ჭკვიანი ადამიანიც არის, მაგრამ პოლიტიკოსობისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. ხალხის მხარდაჭერა და ავტორიტეტია საჭირო. ჩვენს ოპოზიციურ სპექტრს ეს სჭირს ზუსტად, რომ ხალხის გარდა ყველასი და ყველაფრის იმედი აქვთ. მათი ამომრჩეველი ისევ და ისევ, ნაციოანლური მოძრაობის ამომრჩეველი იქნება, რომელბიც უნდა გადაიბირონ. დაარწმუნონ, რომ იმ ნაციოანლებს სჯობიან“, - ამბობს ძაბირაძე.  

რაც შეეხება მელიას, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მელია გვარამიასთან ერთად ენმ-ს ფაქტია ამომრჩეველს გაუყოფს და 5%-იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ ეს არ იქნება ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეძლებს და ხელისუფლებას რაიმე მნიშვნელოვან მეტოქეობას გაუწევს. 

„ძალინ კარგია და არავინ დავობს იმაზე, რომ პოლიტკურ სპექტრში ახალი ძალის გამოჩენა კარგია, მაგრამ ამ ძალის მიზანი რა არის და რისი შესაძლებლობა აქვთ, ამაზეა საუბარი. ასე ფრაგმენტულად წარმოდგენილი ოპოზიცია ხელისფლებას ვერ დაამარცხებს. ერთადერთი შანსია, რომ ნაციონალების გარდა მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს. ახლა არ არის იმაზე ფიქრის დრო, ვინ ვისთან უფრო ტკბილად ითანამშრომლებს და ა.შ. მთავარი მიზანი მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ უნდა იყოს. თუ მათი მიზანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს ქვეყანაში, მაშინ დროზე თებერვალში უკვე ხალხს უნდა აჩვენონ, ვინ სად არის და რა უნდა. სხვაგვარად იგივე სურათი გვექნება, რაც ახლა გვაქვს, ან უფრო უარესი“, - ამბობს ძაბირაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×