ვაშინგტონი და თბილისი ერთმანეთისგან კონკრეტულ ქმედებებს ელიან
ელზა პაპოშვილი
14.08.2024

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ორივე მხარე, ორივე მხარე ამ მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს. საქართველოს ხელისუფლებას გამოსავლად „ურთიერთობების გადატვირთვა“ მიაჩნია. აშშ-ში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან „ნაბიჯები გადადგმულია“ და ოფიციალური თბილისი „მოლოდინის რეჟიმშია“.

რას ნიშნავს ყოველივე ეს და არსებობს თუ არა ამ ეტაპზე ურთიერთობების გაუმჯობესების რესურსი?

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე პრემიერმა კობახიძემ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. ეს თემა კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა გასულ კვირაში საქართველოში ამერიკული დელეგაციის ვიზიტისას.

ამერიკელი კანონმდებლები ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში პარასკევს, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ და ორი დღის განმავლობაში შეხვდნენ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ „დეტალურად უთხრა, რას ელის მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში“.

კობახიძის თქმით, მან ასევე აშშ-ის დელეგაციას გაუზიარა „იმედგაცრუება და შეშფოთება“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქართველოს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ. პრემიერის შეფასებით, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, „ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს“ და „პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა.“ 

კონგრესმენმა ტერნერმა კი აღნიშნა, რომ ვერ შეატყო კობახიძეს და  საქართველოს მთავრობას, რომ ურთიერობისს გადასატვირთად რაიმე გეგმა ან ხედვა ჰქონოდა:

„ჩვენი შეხვედრისას არანაირი მტკიცებულება ყოფილა, რომ არსებობს ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობა. პრემიერ-მინისტრს არ გამოუკვეთია ან გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი, როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. არ ჩამოყალიბებულა პოლიტიკაც“, -განაცხადა კონგრესმენმა ჟურნალისტებთან. 

საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ კი შაჰინმა და ტერნერმა ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას. 

„ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ერს, ვიდრე სარგებელს ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებას," - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი. 

13 აგვისტოს ასევე გავრცელდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება ამავე ვიზიტთან დაკავშრებით, სადაც საუბარია, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლების წინადადებას ელის.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 11 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება ამ თემაზე და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „პირველი ნაბიჯები“ უკვე გადადგმულია და ახლა ჯერი აშშ-ზეა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და ამისათვის, პირველ რიგში, მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე.

„აღარ გავიმეორებ, რას ვგულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა, მაგალითად, ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული ოთხი წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა, და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. 

„ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

რას შეიძლება გულისხმობდეს „გადატვირთვა“

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, საქართველოს ხელისუფლების აზრით, გადატვირთვა ნიშნავს იმას, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება და დემოკრატიიდან გადახვევა აშშ-მა კრიტიკის გარშე უნდა მიიღოს.

„ამერიკელები ჩვენგან იმას მოითხოვენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს და სახელმწიფო დასავლურ ყაიდაზე მოექცეს, რაც „ოცნებას“ არა თუ ხელს არ აძლევს, არამედ არ აინტერესებს. ეს ამათ გეგმებში არ შედის. ამიტომ ახლა მოიგონეს, რაღაცა პოლიტიკის გადატვირთვა. პირდაპირ იმის თქმა, რომ ისინი დასავლეთს ემიჯნებიან და ა.შ., არ შეუძლიათ, რადგან იციან ქვეყანაში მოსახლეობის განწყობა. ამიტომ თან ამერიკას ერთი ხელით ლანძღავენ,  მეორეთ კი მასთან პოლიტიკის გადატვირთვას ითხოვენ. თუმცა როგორ,  ამას არ ამბობენ. 

„სათქმელი პარტნიორებთან „ოცნებას“ არაფერი აქვს. ვნახეთ სენატორი და კონგრესმენი ჩამოვიდნენ და ორპალატიანი ვზიტი იყო. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მჯეროდა, რომ მათი ვიზიტის მიზანი კობახიძესთან შეხვედრა სულაც არ იყო. აქ მათ ივანიშვილთან საუბრის იმედი ჰქონდათ, მან კი უარი უთხრა, რადგან  სულაც არ უნდა საყვედურების მოსმენა და არც სენატორ შაჰინისგან იმის გაგება, თუ ვინ იყო და როგორ მოხდა მისი შუამავლობით 2012 წელს ხელისუფლების უმტკივნეულოდ გაშვება“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ამ ურთიერთობის მოსაგვარებლად, ძაბირაძე ამბობს, რომ აშშ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ფრთხილია. ამიტომაც არის, რომ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ასე ღიად და საჩქაროდ დასანქცირებას არ ახდენს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ისინი მაინც ცდილობენ ბოლომდე ხიდები არ დაწვან. 

„ოცნება“ რომ არანაირი ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, ეს  უკვე ვთქვი. ფაქტია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას ამერიკელები ჯერ კიდევ ცდილობენ და კონგრესმენის და სენატორის ჩამოსვლა ამის ნათელი მაგალითია.

„მე სულაც არ მგონია, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში რამე რეალურად შეიცვლება. ვნახეთ ორპარტიული ვიზიტი, სადაც ორივე -კონსერვატორებიც  და რესპუბლიკელებიც საქართველოსთან დაკავშრებით ერთ აზრზე არიან.

„ამიტომ მთავარი არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც უნდა შეცვალოს მიდგომა, დაანებოს ამერიკის ლანძღვას თავი და გააუქმოს გამჭვირვალობის კანონი. ეს არის ამერიკელების მოთხოვნა. ტყუილია იმაზე საუბარი, რომ თითქოს აქ ვინმე მეორე ფრონტის გახსნა უნდა და ა.შ.“, - ამბობს ძაბირაძე. 

რა „პირველი ნაბიჯს“ ელის აშშ

ანალიტიკოსი რამაზ სავარელიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-საგან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიონ და გადატვირთვაშიც პირველ რიგში ეს იგულისხმება. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ადრე აღმოაჩინა, რომ ქვეყანა გადატრიალების საფრთხის წინაშე იდგა, ხოლო ამ გადატრიალების იმპულსები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დემოკრატების ფრთის მხრიდან მოდიოდა.

„იმ სამხედრო სამრეწველო-კომპლექსის მქონე ძალას, რომელიც დემოკრატების მხარეს ამერიკაში მოქმედებს და უკრაინის ომს იარაღით ამარაგებს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ჰქონდა. როგორც მმართველმა გუნდმა ეს არა ერთხელ თქვა, ამაზე უკრაინის ომის დაწყების დღიდან „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ არნახული ზეწოლა მიდიოდა. მათ აქვთ კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ იგეგმებოდა ქვეყანაში რევოლუციური სცენარი და ჩვეენ ვნახეთ კიდეც ეს არაერთხელ აქციების დროს ამ ორი წლის განმავლობაში. 

„ოცნებას“ არ სურს ქვეყანაში არც ომი და არც შიდა დაპირისპირება. ის მოქმედებს ისე, როგორი დაკვეთაც  ქართველ ხალხშია. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციას პირდაპირი ინტერესი აქვს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს და სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდეს. მათი ინტერესი ღია და დაუფარავია. არაერთხელ თქვეს, რომ ვნახოთ რა იქნება 26 ოქტომბერს და ა.შ. ისინი უკევ დაუფარავად ოპოზიციას გულშემატკივრობენ. ეს ხდება სახელისუფლებო დახმარების გაყინვით და მესამე სექტორისთვის თანხის გადარიცხვით. იმ ონლაინ მედიებისთვის, რომლებიც ოპოზიციასთან არიან აფილირებულები. მაშ, რა გამოდის - ემზადება ამერიკა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ამისთვის რესურს, ფულს და პოლიტიკურ აქტიურობასაც აღარ მალავს“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ურთიერთობის დალაგებისთვის და შეიძლება იგულისხმებოდეს ამაში, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ოცნება“ პირველ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ის მოთხოვნები, რაც ამერიკელებს აქვთ, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცოხვრებაში პირდაპირი და ღია ჩარევაა და მეორეს მხრივ, ხელისუფლების საკუთარი ნებით დათმობა გამოდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×