ელზა პაპოშვილი
15.08.2024

სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება, ბულინგი და მუქარა - საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე სიტუაცია თანდათან იძაბება. ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები უკვე ფიქსირდება და ანალიტიკოსები პოლიიტკური ტემპერატურის მაქსიმალურად აწევას უკვე სექტემბრიდან ელიან.

ბოლო ასეთი ინციდენტი 11 აგვისტოს მოხდა. სამტრედიაში პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს იძლეოდა. ოპოზიციის შეფასებით, ეს ინციდენტი იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმებს გაახშირებს და ამისთვის ნებისმიერ ადამიანს გამოიყენებს. 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ უკვე გაარკვიეს და თავად ოპოზიციაშიც იციან ვისი ხელი მოხვდა ნიკა მელიას და რომ ეს თავდასხმა სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუგებს შორის დაპირისპირების შედეგი იყო. 

ინციდენტის შემდეგ ნიკა მელიამ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა, თუმცა არ უთქვამს იცნობს თუ არა თავდამსხმელს, ან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ოპოზიციასთან.

ირკვევა, რომ მელიაზე თავდამსხმელის ოჯახის წევრები სამტრედიის საარჩევნო ოლქში ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენდნენ. საბა ნიკოლეიშვილის დედა „სტრატეგია აღმაშენებლის“, ხოლო და „ევროპული საქართველოს“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ. ამას ოპოზიციაში პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ.  

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტები სწორედ ოპოზიციის ინტერესშია. ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება და მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალი გაირკვევა. 

ამასთან, „ოცნების“ ლიდერები მელიაზე თავდასხმას გმობენ და ყველას ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.  

ჟურნალისტების კითხვაზე, სამტრედიაში ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია.  

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიციაში კი სხვა აზრის არიან. „ხელისუფლების შიშის დემონსტრაცია“ - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ნიკა მელიაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მისივე თქმით, ეს ძალადობა მხოლოდ მოთელვაა იმასთან შედარებით, რასაც „ოცნება“ სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთებს. 

„ნიკა მელიასთვის დაპირისპირების ინსპირირება, რა თქმა უნდა, ასევე იყო დადგმული და ხელოვნური. ეს ყველაფერი არის მოთელვა იმასთან შედარებით, რაც იქნება სექტემბერში. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ვერ იგებს არ არჩევნებს და ამიტომ აჩვენებს ამ ძალას, რომ დააშინოს ამომრჩეველი, რომელიც მივა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე. ეს არის შიშის დემონსტრაცია, რომელიც მათ, ბუნებრივია, აქვთ“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ვის ინტერესშია არჩევნების წინ პოლარიზაციის გაღრმავება

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, სიტუაცია მუთ უფრო დაიძაბება. ეს კი, მისივე აზრით, ყველაზე მეტად ხელს ოპოზიციას აძლევს.

„ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ ყველაზე კარგი საჩუქარი მსგავსი ინციდენტებია და რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ყველაზე მეტად ამას ოპოზიცია იყენებს. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ამაში ყველაზე დახელოვნებული არიან. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილი, რომელიც შევარდნაძის დროს სპეციალურად აწყობდა პორვოკაციებს, რომ ან ის ეცემათ, ან მისი თანაგუნდელები. 

„ამას ყველაზე კარგად ოპოზიცია იყენებდა. მითუმეტეს ახლა, როცა საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ნებისმიერ რამეს დააჯერებენ, როგორც, მაგალითად, ის დაიჯერეს, რომ სააკაშვილს წამლავდნენ და კვდებოდა. თუმცა რეალობა რაც არის, ყველა კარგად ხედავს. ამ შემთხვევაშიც ასეა. 

„ოპოზიციას ამომრჩეველისთვის არაფერი არ აქვს შესათავაზებელი, ამიტომ ყურადღების გადასატანად მუდმივად ეცდება, რომ არჩევნების წინ სიტუაცია დაიძაბოს. ალბათ ექნებათ პატარა შეხლა-შემოხლის მცდელობა, ასევე საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა დააყენოს და ასევე პოლიცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. კაცმა არ იცის ამათ რა პროვოკაცია შეიძლება მოიფიქრონ“, - ამბობს მამრაძე. 

მისივე თქმით, ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას და არჩვენების ირგვლივ კითხვების გაჩენას. დაჩაგრულ როლში თავის წარმოჩენა კი მისთვის ყველაზე მომგებიანია. ამიტომ ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მიზანმიმართულადაც კი შევიდეს დაპირისპირებაში მოსახლებასთან და პოლიციასთან. ამიტომ მამრაძე ელის, რომ სექტემბრიდან მსგავს ინციდენტები უფრო ხშირად იქნება.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი პირიქით, მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წევრებზე და მის ლიდერებზე თავდასხმას  ხელისუფლება ე.წ. ტიტუშკების მეშვეობით ახროციელებს. მისივე თქმით, ეს უკვე დასამალი არავისთვის აღარ არის და ისინი ღიად მოქმედებენ. 

„ჩვენ ვნახეთ მაისის აქციების პერიოდში როგორ სინქრონულად და ორგანიზებულად ესხმოდნენ თავს ოპოზიციის ლიდრებს და მის წევრებს. ვნახეთ დაშინებები, შანტაჟი და დაჭერები. მიუხედავად იმისა, რომ კამერებში ჩანდა და სახეების დანახვაც შესაძლებელი იყო, სამართალდამცველებმა მათი დაკავება კი არა, იდენტიფიცირებაც კი არ მოახდინეს. 

„როდესაც მართალი ხარ და იცი, რომ შენ დაგაბრალებენ ამ დანაშაულს, ხომ შენს ინტერესშივე უნდა შედიოდეს, რომ ეს დანაშაული გამოძიებული იყოს? როგორ, ხელისუფლება თუ მართალია, ყველაზე მეტად მას არ უნდა უნდოდეს სიმართლის დადგენა? 

„გვახსოვს კორცხელის და სხვა მსგავსი არაერთი ინციდენტი, სადაც ზონდერებს იყენებენ, რომლებიც ოპოზიციონერ ლიდერებს საჯაროდ ფიზიკურად უსწორდებიან. ვინმე დასაჯეს? არავინ, რადგან ამ ხალხს თავად აორგანიზებენ და ამაში ხელფსაც უხდიან. 

„ამიტომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით სექტებრიდან, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელიც ხვდება, რომ წამსვლელია და მილევადია, უკვე ძალმომრეობაზე გადადის. ასე იქცევა სწორედ „ოცნება“, რომელიც ამას გადაყვება“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×