საპარლამენტო არჩევნებმადე 2 თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და უკვე გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოციზიციური ძალები მთავარ აქცენტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე აკეთებენ და წინასაარჩევნო განცხადებებში საშინაო თემებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. რითია ეს განპირობებული და საბოლოოდ, რის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეები?
ანალიტიკოსები თანმხმდებიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციამ ერთგვარ რეფერენდუმად გამოაცხადეს, რომელიც სწორედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. ოღონდ, თუ „ქართული ოცნების" განცხადებაში იკითხება, რომ ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთონ არჩევანი, ოპოზიციის შეფასებით, ეს იქნება არჩევანი დასავლეთთან ინტეგრაციასა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას შორის.
„სიტუაცია ასეთია - მმართველი პარტია საკითხს ისე სვამს, რომ ეს არჩევნები არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის და იმასაც არ მალავს, რომ ომში დასავლეთი, ამერიკა და ევროკავშირი იგულისხმება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხალხმა არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის უნდა გააკეთოს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიცია შიდა საკითხებს ყურადღებას არ აქცევს, მმართველი პარტიისგან განსხვავებით", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით კი, წინასაარჩევნო კამპანიების გამძაფრების შემდეგ პოლიტიკური პარტიები საშინაო საკითხებზეც გააკეთებენ აქცენტს:
„ვფიქრობ, საშინაო პოლიტიკურ საკითხებში აქცენტირება მოხდება, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ტემპს აკრეფს და აქტიურ ფაზაში შევა, რადგან ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია".
ამ ეტაპზე „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო განცხადებების და მოქმედებების მთავარი კონტექსტი ისაა, რომ ქვეყანა ცდილობს აწარმოოს დამოუკიდებელი, სუვერენული საგარეო პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მის ეროვნული ინტერესებზე იქნება დამყარებული და რომ სწორი საგარეო პოლიტიკით ამ ხელისუფლებამ ქვეყანას თავიდან ააცილა დამანგრეველ ომში ჩათრევა.
ოპოზიცია კი, თავის მხრივ, სწორედ ამ არასწორი საგარეო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას - ამბობს, რომ მათ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად გაიფუჭეს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან და ცდილობენ ქვეყანა დააბრუნონ რუსულ ორბიტაზე; და რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ იყენებს ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიულ შანსს და პირიქით, უარს ამბობს ევროპასთან დაახლოებაზე. ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ მათი არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში სწორედ ეს შეიცვლება.
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ეს მოცემულობა მოგვიანებით შეიცვლება, როდესაც პარტიებს მოუწევთ კონკრეტული დაპირებები მისცენ მოქალაქეებს. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური საკითხები მაინც ყოველთვის პრიორიტეტია.
„ამ ეტაპზე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას მე ასეთ ახსნას იმით მოვუძებნიდი, რომ ოპოზიციამ ეს არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად გამოაცხადა ევროპასა და რუსეთს შორის, ხოლო „ოცნებამ" - ომსა და მშვიდობას შორის. თუმცა, ჩემი აზრით, ეს მოცემულობა მომავალში შეიცვლება და პარტიებს მოუწევთ კონკრეტული დაპირებები მისცენ მოქალაქეებს, თუ როგორ შეცვლიან რიგითი ამომრჩევლის ცხოვრებას ხელისუფლებაში მოსვლის და დარჩენის შემთხვევაში.
„რაც შეეხება შიდა პოლიტიკის რა მიმართულებები უფრო მეტად აინტერესებს ხალხს, პრიორიტეტების ჩამონათვალი ძალიან მკაფიოდაა მოცემული საქართველოში აქამდე ჩატარებულ სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვებში. რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო, ეს პრიორიტეტები წლების მანძილზე არ იცვლება. ეს არის სწორედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცხოვრების დონე, ფასები, ხელფასები, პენსიები და ა.შ. რომ ნახოთ „აირაის" ან „ენდიაის" ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები, ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ამიტომ ვფიქრობ, ამ მხრივ პარტიებს დიდი თავის მტვრევა არ მოუწევთ", - აღნიშნავს ანჯაფარიძე.
დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში შიდა პოლიტიკის საკითხები არც ამ ეტაპზეა დავიწყებული და ამის მაგალითად სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონკრეტული დაპირებები მოჰყავს.
„მე ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციის მხრიდან საგარეო პოლიტიკაზე უფრო ისმის ლაპარაკი. სოციალურ თემატიკას თუ ავიღებთ და „ლელოს" საარჩევნო კამპანიას მივადევნებთ თვალს, მათი მხრიდან პენსიების გაზრდის შესახებ დაპირება სულ ისმის. პარტიას „გახარია საქართველოსთვის" უმუშევრობის დაზღვევის, ასევე მინიმალური ხელფასის თემა შემოაქვთ. შესაბამისად, ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მათგან მხოლოდ საგარეო საკითხებზე ისმის საუბარი.
„ხელისუფლებას სიძულვილის და ზიზღის კამპანია აქვს. ის ცდილობს გააღვივოს ადამიანში სიძულვილის ინსტიქტები, რომ, მაგალითად, ამერიკამ და „გლობალური ომის პარტიამ" მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ომი დააწყებინა და ოპოზიცია კიდევ თუ მოვიდა (ხელისუფლებაში), იქნება ომი და ა.შ. ამ თემას მე საგარეო პოლიტიკად ვერ მოვიხსენიებ, ამას უფრო ქვეყნის სერიოზულ არჩევანის თემად აღვიქვამ.
„ყველას ყველა საკითხი აინტერესებს - როგორც განათლება, ისე უმუშევრობა, პენსიები და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება ამაზე არ ლაპარაკობს. ოპოზიციას მთავარი რაც აერთიანებს, სწორედ საგარეო ორიენტაციაა და საერთო მიზანი გააჩნიათ, თორე ისე ყველას თავისი პროგრამა აქვს. რა თქმა უნდა, შეიძლება ისინი ერთამენთისგან განსხვავდებოდეს. „ოცნებას" პროგრამა კი ის არის, რომ მე თუ არ ვიქნები, ომი იქნებაო, მეტი არაფერი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის დაპირებები ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურ ხასიათს ატარებს.
„რომ გავიგოთ სხვადასხვა დაპირებები როგორ მოქმედებს ამომრჩეველზე, ისევ და ისევ გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, სხვანაირად ობიექტურ პასუხს ვერ მივიღებთ. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთი დაპირება მანიპულაციურ ხასიათს ატარებს.
„თუნდაც „ლელოს" მიერ 1000-ლარიანი პენსია - ეს საკმაოდ კარგად ჟღერს რიგითი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით პენსიონერებისთვის, მაგრამ როდესაც ამ საკითხს ჩაუღრმავდები და „ლელოს" წარმოამდგენლებს ჩაეკითხები, ირკვევა, რომ ამისათვის საჭიროა ის გახდეს მმართველი პარტია და მან განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკა - ეს ერთი პირობა. მერე მეორე - ისინი ამბობენ, რომ პენსიის გაზრდა მყისიერად კი არ მოხდება, არამედ მომდევნო 4 წლის მანძილზე, ეტაპობრივად გაიზრდება. ანუ, ეს მთლად ის არ არის, რასაც თავიანთ დაპირებებში აჟღერებენ ხოლმე.
„ასე რომ, ჟღერადი დაპირებები ცოტა არ იყოს მანიპულაციურ ხასიათს ატარებს. ამიტომ ამომრჩეველს უფრო მეტად კრიტიკული დამოკიდებულება მართებს ნებისმიერი პარტიის დაპირებების მიმართ", - განაცახადა ზაალ ანჯაფარაიძემ „რეზონანსთან".