2024 წლის პროპორციულ არჩევნებზე „ოცნების" 22 დელეგატის ვინაობა უკვე ცნობილია, რაც შეეხება თბილისის 8 ოლქს, მათ მმართველი პარტია უახლოეს დღეებში წარადგენს. ოპოზიცია დელეგატებს „ადგილობრივ ფეოდალებს" ეძახის და აცხადებს, რომ ამ დრომდე მაჟორიტარები და ახლა უკვე დელეგატები, პირველები არიან, რომლებიც ოპოზიციის გამარჯვების მერე „ხელისუფლების რიგებს ტოვებენ ხოლმე".
„ესაა რადიკალური ოპოზიციის შავრაზმული პიარკამპანია. ფეოდალები სააკაშვილის მაჟორიტარულ სისტემაში იყვნენ და ნაცრეჟიმის დროს, ისინი იყვნენ ადგილობრივი პროკურორებიც, მოსამართლეებიც, მერებიც, გამგებლებიც და ყველაფერი. ამას „ნაცმოძრაობა", ყველაფერს საკუთარი გარყვნილი პოლიტიკური ხედვებიდან უყურებს",- ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დელეგატების ვინაობა 15 აგვისტოს დაასახელა, მისი თქმით, დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
„ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დელეგატები ის ფეოდალები არიან, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების დროს, მათ რიგებს პირველები ტოვებენ.
„ყველასთვის გასაგებია ახლა რაც ხდება. „ქართული ოცნება" აბსოლუტურად გაკოტრებულია, არჩევნებს აგებენ. მაჟორიტარული სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ მათ დანიშნეს და სიაში ადგილებს დაჰპირდნენ იმ ფეოდალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ. ამით აიძულებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა დაშინებაში, მოსყიდვაში და სხვა აქტივობებში. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად დასრულდება. მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ფეოდალები პირველები არიან, რომლებიც მერე ხელისუფლების რიგებს ტოვებენ-ხოლმე, მისი ცვლილების დროს. ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რასაც ოპოზიცია ამბობს, ყველაფერი პირიქითაა, პროპორციული არჩევნების სისტემაში დელეგატების ცნება, მმართველი გუნდის მხრიდან ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, დელეგატების ფეოდალებად მოხსენიება კი ოპოზიციის „შავრაზმული პიარკამპანია".
„უკვე მახინჯ ტრადიციად იქცა, რომ რასაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს, ყველაფერი პირიქითაა. დელეგატების სისტემასა და „ქართული ოცნებისადმი" კრიტიკა ისეთი ურეიტინგო პოლიტიკანებისგან, როგორიცაა სალომე სამადაშვილი, ძალიან სასაცილოდ აღიქმება. რომელ ფეოდალებზე ლაპარაკობს სალომე სამადაშვილი, როცა მისი პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა და რომელსაც ანაკლიის პორტში ოფშორელი რუსი ოლიგარქები შემოჰყავდა.
„ოცნების" ეს კრიტიკა ოპოზიციას უფრო აზიანებს. სამადაშვილს რა ჰგონია, რომ ამით ქართულ საზოგადოებაში რაიმე გავლენას მიაღწევს? თუ მის სიტყვას რაიმე წონა ექნება, რაც უფრო მეტ ტოქსიკურ მესიჯებს გაატირაჟირებს? იგივე ეხება სხვა რადიკალ ოპოზიციონერებსაც. „გორბის" ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პარლამენტში მათი მაქსიმალური სამანდატო რესურსი სადღაც 40-ის გარშემოა. სხვა მეტი რესურსი არ აქვთ და ეს საკუთარი კვლევებიდან თავადაც იციან, რომ მათი ე.წ. გამარჯვების მოლოდინი აუცილებლად ფიასკოთი დამთავრდება. ამიტომაც გამწარებულები ხან დელეგატების სისტემას ამუნათებენ და ხან რას.
„მმართველი გუნდის მხრიდან, პროპორციული არჩევნების სისტემაში დელეგატების ცნება ძალიან ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. მაჟორიტარი დეპუტატები არ გვყავს, მაგრამ ოლქებში უნდა იცოდნენ, რომ იმ პროპორციული სიიდან კონკრეტულად რომელი ადამიანი იქნება საკონტაქტო პირი, ე.წ. კომუნიკაციის არხი ამომრჩევლებსა და პარლამენტს შორის. ამაში ცუდი რა არის? რატომ არ შეიძლება რომ იგივე ნაცოპოზიციამაც დაასახელოს, მაგრამ ამას რაციონალურად ვერაფრით ვერ ხსნიან. რაციონალურობა და პოლიტიკური კრეატიულობა აკლიათ და მათი საქმე მხოლოდ დესტრუქცია-დეზინფორმაციაა, როგორც წინა არჩევნებზე იყო. ახლაც ტყუილებს, დესტრუქციას, მუქარას, ცრუ დაპირებებს და სამარცხვინო პოპულიზმს უფრო ჭარბი დოზით აგრძელებენ.
„დელეგატებსა და მაჟორიტარს შორის განსხვავება რა თქმა უნდა არის, სისტემურად მაჟორიტარი დეპუტატი სხვაა, რადგან ის ხმებს კონკრეტულად იღებდა კონკრეტული ამომრჩევლებისგან. შესაბამისად, პირველ ტურში 50%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში იმარჯვებდა, თუ არადა, მეორე ტურში უბრალო უმრავლესობით. ახლა კი ეს დელეგატი, რომელიც კონკრეტული ოლქიდან იქნება, ფუნქციურად მაჟორიტარი დეპუტატი არ არის, მაგრამ კომუნიკაციის გამაძლიერებელია კონკრეტული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის. რა თქმა უნდა სხვებიც არიან, მაგრამ კონკრეტული ოლქის ამომრჩეველს ამა თუ იმ პრობლემასა თუ გამოწვევაზე ეცოდინება თუ ვის მიმართოს, რომელიც იქნება კოორდინატორი კომუნიკაციაში პრობლემების მოგვარების კუთხით, როგორც კონკრეტულ ელექტორატსა და პარლამენტს შორის, ისე ელექტორატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს შორის. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, და თუ ოპოზიციას შნო, პროფესიონალიზმი და საქმისადმი საქმიანი დამოკიდებულება აქვს, მათაც ეფექტიურად უნდა გამოიყენონ ეს ახალი სიატემა. ეს ინსტიტუციური სისტემა არაა, თუმცა ქართულ პოლიტიკაში გარკვეულწილად ასეთი სიახლეა. ეს სხვა ქვეყნებშიც აპრობირებულია, სადაც სრულად პროპორციული სისტემაა", - განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, ნამდვილი ფეოდალები „სააკაშვილის მაჟორიტარულ სისტემაში იყვნენ".
„ესაა რადიკალური ოპოზიციის შავრაზმული პიარ-კამპანია - „ქართულ ოცნებას" რომ „რუსული ოცნება" დაარქვან, საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას დაარქვან „რუსეთის უკანა ეზო" და ა.შ. ახლა მოარგეს ეს ტერმინი „ფეოდალები". ფეოდალები სააკაშვილის მაჟორიტარულ სისტემაში იყვნენ. ნაცრეჟიმის დროს, ისინი იყვნენ ადგილობრივი პროკურორებიც, მოსამართლეებიც, მერებიც, გამგებლებიც და ყველაფერი. ამას „ნაცმოძრაობა" ყველაფერს საკუთარი გარყვნილი პოლიტიკური ხედვებიდან უყურებს. რეალურად გამომძალველი, მტაცებელი ფეოდალები „ნაცოპოზიციის" რიგებში არიან, მათი რამდენიმე დეპუტატი ფულის გარდა, სხვა რესურსებს არ ფლობენ, მათ შორის არც ინტელექტუალურს. გაჩნდა ინფორმაცია და არც უარყვეს, რომ რამდენიმე ბიზნესმენი დეპუტატი, რომლებიც მილიონერები გახდნენ, კვლავაც აპირებენ, რომ ენმ-ს სიაში ტოპ ადგილებზე მოხვდნენ, კეზერაშვილთან ფინანსური გარიგების შედეგად.
„შვხედოთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მათი ბექგრაუნდი მტაცებლობა, მეანაბრეების გამწარება და ღამის საათებში ქონებს წართმევის კუთხით უკანონი ტრანზაქციებია და ა.შ. ე.წ. პარტია ლელოს საამაყო რა აქვს, რომელსაც თაღლითები და გამომძალველები ჰყავს. რადიკალებში რაც თავად არიან, იმას სხვას არქმევენ. ამ დროს, ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება დიდი ხანია ამას აღარ იჯერებს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
30 ოლქიდან 22-ში დელეგატები იქნებიან:
მოქმედი დეპუტატები: დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავისა და გარდაბნის სოფლები; ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბანი; ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი; სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა; დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა-მთიანეთი; ზაალ დუგლაძე - ხაშური-ქარელი; ზაზა ლომინაძე - ქუთაისი; გივი ჭიჭინაძე - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი; პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული; გიორგი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი; ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური; გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი; ანზორ ბოლქვაძე - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო.
საჯარო მოხელეები: დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი) - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა; ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მერი) - გორი-კასპი; ზვიად შალამბერიძე (გუბერნატორი) - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული; დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) - ზუგდიდი.
ბიზნესმენები: ილია ინჯია - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ; გია ჭყონია - ქობულეთი.
ასევე „ალილოს" სოლისტი, მუსიკოსი არჩილ ბერიძე იქნება დელეგატი ბათუმიდან.