როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა 2012 წლის შემდეგ ატარებულ არჩევნებზე და რას უნდა ველოდოთ 26 ოქტომბერს
ნატალია ჯვარიძე
22.08.2024

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია, მაქსიმალურად ცდილობს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას. ორივე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ 26 ოქტომბერს „ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს. როგორ მოქმედებს ეს მოწოდებები და რაც მთავარია, ვის უფრო აწყობს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა - „ოცნებას" თუ ოპოზიციას?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაღალია პოლიტიკოსებისადმი უნდობლობა და ნიჰილიზმი. შესაბამისად, იგი არ ელის, რომ წლევანდელი არჩევნები ამომრჩეველთა აქტივობის თვალსაზრისით ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნებისაგან მნიშნელოვნად განსხვავებული იქნება.

„იმის თქმა, რომ ქუდზე კაცი გამოდითო, არ არის საკმარისი. ხალხის დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ ისედაც კრიტიკულია და მეორეც, ადამიანებს მსჯელობის უნარი ხომ აქვთ და ხედავენ, რომ ეს არჩევნები სხვებისგან დიდად არ განსხვავდება და ყველა არჩევნები პრინციპში რევოლუციურია", - განაცხადა საყარელიძემ „რეზონანსთან".

ამომრჩეველთა აქტივობა 2012-2020 წლებში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამომრჩეველთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა - მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა" შეცვალა. არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ამომრჩეველთა აქტიურობა 61.31%-ს შეადგენდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 85 იყო, საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეთა რაოდენობა კი - 2 215 661.

2013 წლის 27 ოქტომბრს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი უპირატესობით მოიგო. ამაომრჩეველთა აქტივობა მაშინ 46,96% იყო.

2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ხოლო მეორე ტური - 12 ივლისს. არჩევნები გაიმართა 76 მუნიციპალიტეტში. მერები და გამგებლები აირჩიეს პირდაპირი წესით 50%-იანი ბარიერით. არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 44%.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ხმების 48.68% მიიღო, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.6% შეადგინა.

2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 45.6% იყო.

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე - 28 ნოემბერს. არჩევნებში გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 46.74%, ხოლო მეორე ტურში, რომელსაც წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მოწოდება ამომრჩევლებისადმი - 56.23%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო.

გამოვა თუ არა „ქუდზე კაცი"

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საეჭვოა წლევანდელ არჩევნებზე „ქუდზე კაცი" გამოვიდეს. მისივე აზრით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა უფრო „ოცნებას" უნდა აწყობდეს, ვიდრე ოპოზიციას, რადგან ძირითადად სწორედ მმართველ პარტიას ჰყავს „გაზარმაცებული ამომრჩეველი".

„მე მეეჭვება, რომ „ქუდზე კაცი" გამოვიდეს არჩევნებზე. საერთოდ ნაკლებია ხოლმე ასეთი თავგანწირვა ამომრჩევლების მხრიდან როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში. მაშინ იყო აქტიურობის პიკი, როცა კომუნისტები იყვნენ გასაშვები და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა იყო მოსაგვარებელი.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების მხრიდან საჭიროა მოწოდებები, რომ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა აუცილებელია. ეს ამომრჩეველთა რაღაც ნაწილზე იმოქმედებს, თუმცა კარდინალური სიახლის მოლოდინი მე პირადად არ მაქვს. თუმცაღა, თუ ამგვარი მოწოდებები არ იქნება, გაცილებით ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე. სხვა თუ არაფერი, მოქალაქე მისთვის სასურველი პოლიტიკოსებისგან თუ მოისმენს - გამოდითო, გავა და ეს გაზრდის აქტიურობის მაჩვენებელს.

„საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები ძალიან მაღალია და ეს გასაკვირი არაა. ბევრ ქვეყანაშ 30% თუ მივიდა არჩევნებზე, კმაყოფილი არიან ხოლმე.

„საერთოდ, ადამიანებს არ სჩვევიათ ამ ვალდებულების აღება, რასაც არჩევნებზე მისვლა ჰქვია. თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ საქმე მის გარეშეც გაკეთდება, ამაზე მაინცდამაინც თავს არ იკლავს.

„ჩემი აზრით, მაღალი აქტივობა უფრო „ოცნებას" უნდა, ვიდრე ოპოზიციას, რადგან სწორედ მათ ჰყავთ „გაზარმაცებული ამომრჩევლები", რომელებმაც იციან, რომ „ოცნება" მაინც მოიგებს და მიაჩნიათ, რომ მათ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციას კი 20%-ის ფარგლებში ამომრჩევლები სულ ჰყავს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×