ნატალია ჯვარიძე
31.08.2024

არასამთავრობო სექტორში სერიოზული დისკუსია მიდის იმასთან დაკავშირებით, უნდა დარეგისტრირდნენ თუ არა „უცხოური ინეტერესების გამტარებელთა რეესტრში". ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ მოძრაობა „სირცხვილიას" გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც ჯერ, „გამჭვირვალობის კანონის" მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირდა „უცხოური ინეტერესების გამტარებელთა რეესტრში", ხოლო მეორე დღეს, საყოველთაო კრიტიკის შემდეგ, ამ რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ შესაძლოა სხვა ცნობილმა და გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიიღონ დარეგისტრირების გადაწყვეტილება, რაც არასამთავრობო სექტორში დაპირისპირებასა და დიდ განხელთქილებას მოასწავებს.

„მე ვვარაუდობ არა მარტო იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ „სირცხვილია" დარეგისტრირდა, არამედ ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წრეებში მიდის აქტიური დისკუსიები და საკმაოდ ცხარე დაპირისპირებასაც ჰქონია ადგილი დარეგისტრირება-არდარეგისტრირებაზე", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ დაწესებული ჯარიმის გამო დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი იძულებული გახდება დარეგისტრირდეს:

„სავარაუდოდ, ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი დარეგისტრირდება, რადგან ფიქრობენ, რომ ორგანიზაციის შესანარჩუნებლად ესაა გამოსავალი".

ყველასთვის მოულოდნელად, „გავლენების კანონის" აქტიური მოწინააღმდეგე მოძრაობა „სირცხვილია" ხელისუფლების მიერ შემოღებულ წესებს თანხმდება და „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრირდება. 30 აგვისტოს მოძრაობამ თავის „ფეისბუქ" გვერდზე ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამ გადაწყვეტილების მიზეზებია ახსნილი.

ამან საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უმრავლესობისთვის „სირცხვილიას" ეს ნაბიჯი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. მანამდე ცნობილი იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ პროტესტის ნიშნად არ დაემოჩილებოდნენ „გავლენების კანონს" და არ დარეგისტრირდებობდნენ შესაბამის რეესტრში.

31 აგვისტოს კი „სირცხვილიამ" სოციალური ქსელით ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი თანამდებობას ტოვებს.

აღსანიშნავია, კანონი რეალურად 2 სექტემბრიდან შედის ძალაში და არსამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ დარეგისტრირდნენ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში", ოფიციალურად გამოაცხადონ თვითლიკვიდაცია, თუ არ დაემორჩილონ კანონს და გააგრძელონ არსებობა. უმეტესი უარს ამბობს რეგისტრაციაზე და ზოგიერთმა მათგანმა ფუნქციონირებაც შეწყვიტა.

ამის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 30 აგვისტოს პროცესზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირება.

„ამ დრომდე, ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მომართული აქვთ განცხადებით 233 ორგანიზაციას რეგისტრაციის მიზნებისთვის. ამ კანონის მიხედვით რეგისტრაციის მსურველებს მომართული აქვთ, 233 გვაქვს დღეის მდგომარეობით და კიდევ არის ვადა" - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

„სირცხვილიას" გადაწყვეტილება

ვიდეოში, რომელიც მოძრაობის „ფეისბუქ" გვერდზე 30 აგვისტოს გავრცელდა, „სირცხვილიას" წევრები გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ.

„სირცხვილიას" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ ვინაიდან კანონის ახალი რედაქციით „აგენტის" სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია ან არრეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია:

„ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, ყველა, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას და უარს იტყვის მასზე, ისედაც ხელისუფლებისთვის ყველა აგენტი იყო და ასე იქნება შემდეგშიც".

როგორც მჟავანაძე აცხადებს, რეგისტრაცია გადაწყვიტეს, რადგან ორგანიზაცია შენარჩუნებულიყო და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მზად დახვედროდნენ, ასევე არ გადაეხადათ ჯარიმები ხელისუფლების სასარგებლოდ:

„მიუხედავად იმისა, ორგანიზაციები დარეგისტრირდებიან თუ არა, ხელისუფლება იტოვებს უფლებას, იძულებით დაარეგისტრიროს რეესტრში".

„სირცხვილიას" წევრის, დაჩი იმედაძის თქმით კი, ხელისუფლება ორგანიზაციის დისკრედიტაციას წარსულშიც ეწეოდა, შესაბამისად, მათი აზრით, რეპუტაციული ზიანი უკვე მიღებულია.

„არაერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტიტრადიციონალისტები და სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. რეალურად ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ თუკი რამე ზიანი შეიძლება მოეტანა ამ იარლიყების მიწებებას, ეს ზიანი მოტანილია", - ამბობს დაჩი იმედაძე.

„სირცხვილიას" წევრის, მარიამ დოლიძის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მათ განიხილეს სხვადასხვა ვერსია და ცუდი ვარიანტებიდან აირჩიეს ნაკლებად ცუდი:

„ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის მარტივი. არ მიგვიღია ცხელ გულზე, ცივი გონებით გადავწყვიტეთ. ყველა დეტალი იურისტთან გავიარეთ, ვნახეთ, რა გზები არსებობდა და არცერთი არ იყო ჩვენთვის მისაღები".

31 აგვისტოს კი „სირცხვილიას" „ფეისბუქ" გვერდზე ახალი განცხადება გამოქვეყნდა.

„გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.

„ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.

„ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, „სირცხვილია" არ აპირებს ჯარიმების გადახდას.

„გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის", - ნათქვამია „სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსალოდნელი განხეთქილება

ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, „სირცხვილიას" მსგავსად არასამთავრობოების გარკვეული რაოდენობა კიდევ დარეგისტრირდება. მისივე შეფასებით, „სირცხვილიას" ამ გადაწყვეტილებამ დაარღვია სოლიდარობა, რომელიც ორგანიზაციებს ჰქონდათ გამოცხადებული - რომ არც ერთი მათგანი არ დარეგისტრირდებოდა და ეს კიდევ უფრო გამძაფრდება. მისივე თქმით, ფინსანსური ფაქტორი გადაწყვეტილებაზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს.

„მე ვფიქრობ, რომ „სირცხვილიას" ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შეთანხმებული იქნებოდა მის პოტენციურ დონორებთან, რადგან ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად საერთაშორისო გრანტებით ფინანსდება, ვერ მიიღებდა ამ დაფინანსებას, თუ რეგისტრაციაზე უარს განაცხადებდა. ამიტომ, როგორც ჩანს, მათთან ეს საკითხი შეათანხმეს და ამ მხრივ შესაძლოა ეს პრობლემა გარკვეულწილად მოაგვარეს. სხვანაირად რთულია ამის ახსნა.

„ეს არის ერთგვარი „ენჯეო" ტრენდიდან ამოვარდნილი მოქმედება. მათ გადაწყვეტილებაზე პირველი რეაქციებიც ამაზე მიანიშნებს, რადგან აქამდე ყველა წამყვანი „ენჯეო", რომელიც უცხოურ დაფინანსებას ღებულობს, სოლიდარული იყო იმაში, რომ არც ერთი მათგანი არ დარეგისტრირდებოდა. ამიტომ, გარდა იმისა, რაც იუსტიციის მინისტრის მოადგილისგან მომისმენია დარეგისტრირებულთა მონაცემების შესახებ, შესაძლოა არასამთავრობოების გარკვეული რაოდენობა კიდევ დარეგისტრირდეს.

„ამის შემდეგ არასამთავრობო სექტორში შეიძლება დაიწყოს მათთვის არცთუ ისე სასურველი პროცსები. კერძოდ, დაირღვეს ის სოლიდარობა, რაც აქამდე ჰქონდათ. პრინციპში, „სირცხვილიას" ამ გადაწყვეტილებით ისედაც დარღვეულია, თუმცა მათ თუ კიდევ შეუერთდებიან სხვა მეტ-ნაკლებად ცნობადი ორგანიზაციები, ეს გამძაფრდება.

„ასევე არსებობს ფინანსური მოსაზრებებიც. მოდით პირდაპირ ვთქვათ - საქართველოში ყველა მოქმედი „ენჯეო", გარდა იმ ცნობილი მდიდარი „ენჯეოებისა", ასე უცებ ჯიბიდან ვერ ამოიღებენ 25 ათას ლარს, რომ ჯარიმის სახით გადაიხადონ. ეს ფაქტორიც მოქმედებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძის თქმით, გარკვეული პრობლემების გამო „ენჯეოებს" უწევთ დარეგისტრირდნენ, თუმცა მთავარია თავიანთი პოზიციები შეინარჩუნონ. როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო სექტორში დაპირისპირებები დაიწყება და უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, ოპოზიურად განწყობილ ადამიანებში გარკვეული უნდობლობა გაჩნდეს არასამთავრობოების მიმართ.

„მოძრაობა „სირცხვილია" თავის საქმიანობას - დღევანდელი მთავრობის კრიტიკას ისევ გააგრძელებს. ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირდება, არ ნიშნავს, რომ ისინი ამ კანონს პატივს სცემენ, ან დადებითად უყურებენ. აქ პრობლემა ფულადი ჯარიმაა და არსებობს საფრთხე, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია გაუქმდეს. ვიღაცები იქნებიან, რომლებიც ამაზე უარს იტყვიან და პრინციპში ორივე გადაწყვეტილებას გარკველწილად ვიზიარებ. მთავარია პოზიციები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, არ შეცვალონ.

„დიდი ალბათობით, არასამთავრობო სექტორში დაპირისპირება და განხეთქილება დაიწყება. ამის გარდა, შესაძლოა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებშიც გაჩნდეს რაღაც უნდობლობა გარკვეული არასამთავრობოების მიმართ, ეს უფრო უარესი შედეგი.

„დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ, გარკვეული პრობლემების გამო, „ენჯეოების" რაღაც ნაწილი დარეგისტრირდება, რაღაც ნაწილი კი - არა. თუმცა, მთავარი ეს კი არაა, არამედ მოახლოებული არჩევნები, სადაც ხმა პროდასავლურ პარტიას უნდა მისცენ. ფაქტია, რომ არჩევნებზე ხალხი ხმას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის „სირცხვილიას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×