თამთა ჩაჩანიძე
14.10.2024

სულ მალე გადამწყვეტი არჩევნებია, პოლიტიკური პლატფორმები წინასაარჩევნო კამპამიაში აქტიურად არიან ჩართულები - ოპოზიცია უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მშვიდი კამპანიის საშუალება არ ეძლევა, "ქართული ოცნების" მტკიცებით კი, წინასაარჩევნო პროცესი არის უჩვეულოდ წყნარი.

"სიტუაცია უკვე დაძაბულია და გამწვავება მოსალოდნელია, არ გამოვრიცხავ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას ფიქრობდეს",- განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

"ველოდები, რომ 26 ოქტომბერს იქნება 2003 წლის არჩევნების გამეორება, ეს შესაძლოა რამდენიმეეტაპიანი იყოს - პირველ ეტაპზე, "ვარდების რევოლუციის" დროინდელი სცენარი უხეშად გაიმეორონ და შეხლა-შემოხლა სცადონ",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.

2003 წლის სცენარის გამეორება?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაძაბულობის საფრთხე ოპოზიციური ძალების მხრიდანაა მოსალოდნელი.

"უწინარესად მთავარი საფრთხე ისაა, რომ რადიკალურმა პარტიებმა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ. ცესკოს ცნობით, თუ ისინი საარჩევნო ადმინისტრაციებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ, ეს შესაძლოა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

"ის მშვიდი საარჩევნო გარემო უნდა შენარჩუნდეს, რომელიც გვაქვს და რაც ეუთო/ოდირმაც დაადასტურა. სახელმწიფო სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებენ, რომ ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირება აღიკვეთოს "ქართული ოცნების" მომხრეებსა და რევანშისტებს შორის, რომელიც მუდმივად ხორციელდება ნაცლუზერი პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან.

"მინდა შევეხო ბოლო დროს გამოქვეყნებულ რეზოლუციებს - თურმე კრიტიკულ მედიის შევიწრივება მიდის და ამავე დროს აღიარებენ, რომ უმაღლესი დონის პოლარიზაციაა, აქ ძალიან დიდი ლოგიკური შეუთავსებლობაა.

„დასავლელი აქტორები თუ პოლარიზაციაზე გველაპარაკებიან, აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე უკვე სავარაუდო მესამე თავდასხმა იყო. ასევე ევროპაში წინასაარჩევნოდ რა დაპირისპირებები ხდებოდა და ხდება, განსაკუთრებით გერმანიაში.

"იმისათვის, რომ საარჩევნო პერიოდში ძალადობა, ფიზიკური დაპირისპირება და ძალმომრეობა აღიკვეთოს, საჭიროა წინსწრები პრევენციული ღონისძიებები და როგორც კი ასეთი შემთხვევა იქნება, ძირშივე ამოიძირკვოს",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

აბაშიძე 2003 წლის სცენარის გამეორებას ელოდება 26 ოქტომბრიდან.

"მე უფრო ველოდები, რომ 26 ოქტომბერს იქნება 2003 წლის არჩევნების გამეორება. ეს შესაძლოა რამდენიმეეტაპიანი იყოს - პირველი, "ვარდების რევოლუციის" დროინდელი სცენარი უხეშად გაიმეორონ და დაპირისპირებებს და შეხლა-შემოხლას ეცადონ. ასევე, ამომრჩეველთა დაბნევას და იმის წარმოჩენას შეეცადონ, რომ თითქოს სიებიდან ვიღაც ამოღებულია, ვითომ ე.წ. მკვდარი სულებია და ა.შ.

"ობიექტური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცესკოს ბლოკირება დაიწყება, ან პარლამენტთან რამდენიმეხნიანი საპროტესტი აქციები და ა.შ. თუმცა ეს ქართული საზოგადოებისთვის სიახლე ნამდვილად არ იქნება. 2020-21 წლების არჩევნების შემდეგაც იყო პროტესტები, დაფიცებები და ბოიკოტი, მაგრამ ბოლოს პარლამენტში შევიდნენ.

„ახლაც ზუსტად ასე იქნება - იყვირებენ და იქნება საგარეო ფლანგიდანაც უნამუსო მხარდაჭერა ე.წ. შეშფოთება-აღშფოთებით, მაგრამ ობიექტურ შედეგებს, თანაც ელექტრონულად ჩატარებულს, ვერავითარი ზეწოლა ვერ გააქარწყლებს.

"ეს ავაზაკური პოლიტიკური ძალები "ქართული ოცნების" ამა თუ იმ ცნობილ მხარდამჭერს თუ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრს შეურცხყოფას აყენებენ, რათა პროვოცირება გამოიწვიონ და ამას ჩხუბი და დავიდარაბა მოჰყვეს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა უნდა გამოიჩინონ თავშეკავება და არ აჰყვნენ ამ ბინძიურ ლუზერებს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი დაპირისპირება მმართველი პარტიის ოფისებთან თუ სხვა საჯარო სივრცეში"- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

"სიტუაცია უკვე დაძაბულია და გამწვავება მოსალოდნელია"

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ადამიანებზე ზეწოლა უკვე დაწყებულია "ქართული ოცნების" მხრიდან და სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელია.

"სიტუაციია უკვე დაძაბულია და გამწვავება მოსალოდნელია, პირველ რიგში საფრთხე, რომელიც უკვე გამოვლენილია, ესაა ის, რომ საჯარო მოხელეებზე ხდება ზეწოლა. საჯარო სამსახურებში კადრები ამიტომაც გაზარდეს, შარშანდელი მონაცემებით, უშტატო თანამშრომლებზე 400 მილიონი ლარი გასცეს, შტატიანებზე კი პრემია-დანამატები. ზეწოლაა ბიზნესმენებზეც.

"თავად "ოცნების" შიგნით რეალურ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებენ და კარგად იციან რა მხარდაჭერაც აქვთ, ამიტომ მიდის ზეწოლა სხვადასხვა კატეგორიებზე, "გორბის" ის შედეგები, რაც საჯაროდ ქვეყნდება, ეს უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოქმედებაა ხალხზე და არა რეალური კვლევა.

"ზეწოლაა არა მხოლოდ საჯარო მოხელეებზე. განსაკუთრებით სამეგრელოში ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. რეგიონების კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე ფიზიკური თავდასხმაც მოხდა, მათ შორის გახარიას პარტიის წვერზე მანქანის დაჯახებას ცდილობდნენ, მანამდე ენმ-ს წევრებს დაესხნენ თავს.

„ამასობაში "ოცნება" ცდილობს წარმოაჩინოს წინასაარჩევნო გარემო, როგორც მშვიდი, რადგან თითქოს დემოკრატიულად ატარებენ არჩევნებს. მაგალითად, რა საჭიროა პოლიციის მობილური ჯგუფები?",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" არჩევნების შედეგები გააყალბოს, ეს კი საბაბი გახდება იმის, რომ ოპოზიცია აქციებს გამართავს.

"არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნება" არჩევნების შედეგის გაყალბებას ფიქრობდეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 90% ელექტრონულად ტარდება, შესაძლოა სხვა მექანიზმი ჰქონდეთ შემუშავებული, თუნდაც იმ დარჩენილ 10%-ზე, სადაც ძველი წესით ტარდება. იქაც შეეცდებიან დამატებით ბიულეტენების ჩაყრას. პლიუს ზეწოლა იქნება ყველაზე, მანამდე შეიძლება კრიმინალების მეშვეობით ხალხი დააშინონ, ეს კი თავისთავად სიტუაციას დაძაბავს.

"ოცნებისგან" წინასწარ იმის საუბარი, რომ შესაძლოა ოპოზიცია რევოლუციას შეეცადოს, ალბათ გათვლა აქვთ იმაზე, რომ გააყალბებენ შედეგებს და ამას ოპოზიცია ყველა ვარიანტში გააპროტესტებს.

„გარდა ამისა, სიტუაცია დაძაბა "ქართული ოცნების" განცხადებებმაც, რომ თითქოს ჩვენ კონფლიქტის მოგვარების ფარგლებში, ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ და ყველაფერზე მიდიან.

"12 წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" იმდენი ცუდი რამ აქვს ჩადენილი, რომ ის მალევე უნდა შეცვლილიყო. როცა ბევრჯერ მოგატყუეს, არც ასი ქარხანა აგიშენეს, არც უფასო ფული მიიღე, არც ტარიფი შეგიმცირეს და პირიქით რუსეთისკენ მიჰყავხარ და ამასობაში კიდევ რომ ხმას აძლევ, ოტია იოსელიანს აქვს კარგი ნათქვამი - თუ ერთხელ მოგატყუეს, ადამიანი ხარ, ენდე და ეს თავად მატყუარას ბრალიაო, თუ მეორედ მოგატყუეს, ეს უკვე შენი ბრალიც არისო, მესამე და მეოთხედ თუ მოგატყუეს, ან ბრიყვი ხარ, ან უბრალოდ თავს იბრიყვებ და გაწყობს, რომ მოგატყუონ რაღაც მიზეზთა გამოო",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×