14 ოქტომბერს ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. 17-18 ოქტომბერს კი, ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება, რის შემდეგაც ლიდერები დასკვნებს შემაჯამებელ დოკუმენტში წარმოადგენენ.
მანამდე კი სხვადასხვა სწყაროებიდან ცნობილი ხდება, თუ რა პოზიციები აქვთ ევროპელ მაღალჩინოსნებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, შეხვედრებიდან კარგი მოლოდინი არაა.
ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უხელმძღვანელა.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
„მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა.
„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია", - განაცხადა ანა ლიურმანმა.
ლიურმანის ინფორმაციით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ვითარება.
"ოცნება" ლიურმანის განცხადებას გამოეხმაურა, დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ასეთ განცხადებებს "ჩალის ფასი აქვს".
„დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და Zero, ნული, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ", - განაცხადა კალაძემ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "როიტერსის" ცნობით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს".
„ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს", - ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში.
სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.
რა მოლოდინია ევროკავშირის შეხვედრებიდან
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 14 ოქტომბრის შეხვედრის შედეგი სავარაუდოდ ისეთივე იქნება, რა გზავნილებიც მანამდე ჰქონდათ ევროკავშირის ლიდერებს.
"ამ შეხვედრის შედეგი სავარაუდოდ იგივე იქნება, რაც ბოლო დღეებში ევროკავშირის სხვადასხვა ლიდერებისგან მოგვისმენია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, რომ ქართველმა ხალხმა ევროპული მომავლისკენ ნაბიჯი გადადგას.
"იმედი და მოლოდინიც არის, რომ ამ კუთხით რაღაცა შეიცვლება, ეს განცხადებაც სწორედ ამ მიმართულებით არის გაკეთებული. მემგონი უკვე აშკარად აღარავინ აღარ მალავს მაღალ დონეზეც კი, რომ "ქართულ ოცნებასთან" ევროპულ ინტეგრაციაზე საუბარს არავინ აღარ აპირებს, რადგან "ოცნების" აღარ სჯერათ.
"მათი აზრით, "ქართული ოცნება" ევროატლანტიკურ კურსს და დემოკრატიულ განვითარებას დაშორდა. ახლა ელოდებიან, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება, შემდგომ უკვე ახალ ხელისუფლებასთან საქართველო მოახერხებს, რომ უკრაინას და მოლდოვას ამ გზაზე დაეწიოს და ევროკავშირისკენ გააგრძელოს სვლა.
"შეიძლება ერთობლივი განცხადება გაკეთდეს, ან ინტერვიუების სახით იყოს გზავნილები თუნდაც ქართველი ამომრჩევნებისთვის. გაფართოების დოკუმენტი ალბათ არჩევნების შემდეგ იქნება, მანამდე არ მგონია, რომ მიიღონ, მათ სავარაუდოდ თავიანთი კალენდარი აქვთ",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძემ კი განაცხადა, რომ ამ შეხვედრიდან "კარგი მოლოდინი არაა".
"ამ შეხვედრიდან სამწუხაროდ კარგს არაფერს არ ველოდები. ზოგადად მოლოდინი მაქვს, რომ ევროპული სტრუქტურები დაფიქრდებიან, რომ საქართველოსთან ასეთი გამწარებული ბრძოლა რამდენად აძლევს ხელს მათ. ველოდები ამ დაფიქრების ნიშნებს როდის შევამჩნევ. სიტუაციის შემობრუნება ადვილი არაა, მაგრამ თუკი კავკასიაში ჩინეთის შემოსვლასთან დაკავშირებით, ამერიკული ინტერესი ცოტა განელდება, ეს ევროპასაც შეცვლის.
"ახლა ევროპას ამერიკა უჩხიკინებს გინდა თუ არა კავკასია "ააფეთქეთო", თორემ თვითონ ევროპის ინტერესში კავკასიის "აფეთქება" არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ რუსეთისკენ გვაქვს პირი შექცეული - ზოგიერთი აზრიანი უცხოელი იმას კითხულობს, რომ როგორ აქვთ რუსეთზე ორიენტაცია, როცა დიპლომატიური ურთიერთობაც არააო.
„რუსეთისკენ ორიენტაცია რაში გამოიხატება ამას ვერ ამბობენ, გარდა იმისა, რომ კანონი მიიღეთო, ამ კანონს ყველა ქვეყანა პანტა-პუნტით იღებს. ხალხმა ხომ ვიცით, რომ ქვეყანას რუსეთისკენ არანაირი ორიენტაცია არ აქვს?! ესაა პოლიტიკური კამპანია იმისთვის, რომ შიდა გადატრიალება მოახდინონ.
"ამ შემთხვევაში არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუკი არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველები თავიანთ ხელისუფლებას არ გაჰყიდიან ვიზებზე და კარგ ცხოვრებაზე და ხელისუფლების გვერდზე დადგებიან, რომ საქართველოში გადატრიალება არ მოხდეს და ისევ "ნაცმოძრაობა" არ მოვიდეს ხელისუფლებაში, თუ ეს შედეგებში აისახა და ოპოზიციას და "ოცნების" შედეგებში დიდი სხვაობა იყო, მაშინ გაყალბებაზე ვერავინ ვერ ილაპარაკებს და ევროპელებიც ეცდებიან შეცვალონ რიტორიკა, ეს ამერიკის ელჩის განცხადებაშიც იკითხებოდა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".