თამთა ჩაჩანიძე
15.10.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, 14 ოქტომბერს საქართველოსთვის მთავარი გზვანილი გაჟღერდა - რომ ოქტომბრის არჩევნები „გადამწყვეტი გამოცდა იქნება". არჩევნებამდე კი ევროკავშირი თავს იკავებს რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილებისაგან. ბოლო ინფორმაციით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნება არჩვნების შემდგომი პრეიოდისთვის გადაიდო, 17-18 ოქტომბერს კი ევროკავშირის საბჭოს სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა „ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა 14 ოქტომბრის შეხვედრის შემაჯამებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ოცნების" ქმედებები, განცხადებები და დაპირებები საქართველოს აშორებს ევროპული გზიდან, თუმცა არჩევნებს უნდა დაველოდოთ.

რა ჩაითვლება „გამოცდის ჩაბარებად"? ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პირველ რიგში ეს იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში და სამართლიანად ჩატარება, რის შემდეგაც, „ქართული ოცნების" გამარჯვების შემთვევაშიც კი, ევროკავშირი იძულებული გახდება ურთიერთობა გააგრძელოს საქართველოსთან, თუმცა არა ძველებურად. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიოჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში „ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია.

გარდა ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი ასევე ფიქრიბ, რომ ევროკავშირი ხიდებს ბოლომდე მაინც არ წვავს და არაა გამორიცხული, რომ გაფართოების ანგარიშის არჩევნების მერე გამოქვეყნებაც ამას უკავშირდებოდეს, რათა ეს „ოცნებას" ქართველ ამომრჩევლებზე ზემოქმედების მცდელობად და შიდა საქმეებში ჩარევად არ აღექვა - „ალბათ ფიქრობენ, რომ თუ ახლა რამეს გადაწყვეტენ, ეს ბიძგი იქნება იმისთვის, რომ "ოცნება" საერთოდ ყოველგვარ ზღვარს გადავიდეს".

რას ამბობს ბორელი და რა არის დაგეგმილი 17-18 ოქტომბერს

ჯოზეფ ბორელის თქმით, მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.

„საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

„თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

„როიტერსის" ცნობით კი, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს".

„ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს", - ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში.

სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.

რა ჩაითვლება 26 ოქტომბერს „გამოცდის ჩაბარებად"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი გადასახედიდან, ერთის მხრივ, არჩევნების სამართლიანად და სერიოზული ხარვეზების ჩატარება და მეორეს მხრივ, „ოცნების" დამარცხება არჩევნებში - ეს ერთი და იგივეა.

„ჩემი შეფასებით, ეს ერთი და იგივეა - თუ არჩევნები სამართლიანად და ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩატარდა, „ოცნება" დამარცხდება. დამარცხებაში ვგულისხმობ, რომ 76 მანდატს ვერ მოიპოვებს, ექნება დაახლოებით 60 მანდატის ფარგლებში. არ ვიცი ბორელი რას გულისხმობს, მაგრამ მე ასეთი შეფასება მაქვს.

„საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით მშვიდად მიდის, რაც იმას არ ნიშნავს რომ ასე გაგრძელდება. ალბათ დაძაბულობა უფრო მოიმატებს და ბოლო ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, თუ რა და როგორ იქნება.

„პარტნიორები ცდილობენ, რომ გადაწყვეტილება არჩევნებამდე არ მიიღონ. თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, პირველ ადგილზე მაინც „ქართული ოცნება" გავა და არსებობს სხვადასხვა ვარიაციები, რომ შეიძლება მან ძალაუფლება შეინარჩუნოს. ასეთ შემთხვევაში წინასწარ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება. შემდეგ, თუ „ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება და იგივე პოლიტიკას გაგრძელებს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაგრამ ეს იქნება ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და არა არჩევნებთან.

„ოცნებას" შანსს უტოვებენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატაროს, რაც მათთვისაც და ჩვენთვისაც პრინციპულია. შედეგებზე და პოლიტიკაზე მსჯელობა უკვე შემდგომ იქნება. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ახლავე მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ თუ ახლა რამეს გადაწყვეტენ, ეს ბიძგი იქნება იმისთვის, რომ „ოცნება" საერთოდ ყოველგვარ ზღვარს გადავიდეს და ამიტომაც აძლევენ შანსს, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს.

„მათაც ალბათ აინტერესებთ, არჩევნების ნორმალურად ჩატარებისას საქართველოში რა მოხდება და მოსახლეობის განწყობა როგორი იქნება. გამოკითხვის გარდა, ესაა რეალური შეფასება იმისა, თუ რას ფიქრობს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „გამოცდის ჩაბარებად" ჩაითვლება არჩევნების სამართლიანად ჩატარება.

„ჩემი აზრით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება იქნება მთავარი ინდიკატორი. ევროკავშირსა და აშშ-ს „ქართული ოცნება" როგორც არ უნდა არ მოსწონდეს, ისინი ვერანაირად ვერ აღუდგებიან წინ ამომრჩევლის ნებას, თუ ეს იქნება გამოხატული თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს ისეთი პრინციპია, რომ მას უბრალოდ ვერავინ ვერ დაარღვევს.

„2012 წელს, როცა ამომრჩეველმა ენმ-ს ხელისუფლებაში დარჩენაზე უარი უთხრა, დასავლეთს ძალიან კი უნდოდა, რომ ისინი ხელისუფლებაში შეენარჩუნებინა, მაგრამ მერე იძულებული გახდა, რომ არსებულ გარემოებებს დამორჩილებოდა. მივიდნენ სააკაშვილთან, დაარწმუნეს და აიძულეს, რომ არჩევნების შედეგები ეღიარებინა.

„თუ არჩევნები სუფთად ჩატარდა და ამაში ყველაფერი იგულისხმება, დასავლეთი იძულებული იქნება, რომ ხალხის არჩევანს შეეგუოს. ახლა კი ყველაფერი კეთდება - ინგლისის ელჩის ბოლო განცხადებაც ერთ-ერთი ბოლო აკორდი იყო და დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ასეთი პირპდაპირი თუ ირიბი ზეწოლის მაგალითები კიდევ იქნება. მაგრამ თუ ხალხმა სამართლიან არჩევნებში მხარი ისევ „ოცნებას" დაუჭირა, დასავლეთი იძულებული იქნება ამას შეეგუოს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს, მაშინ უნდა ადგეს და საერთოდ საქართველოზე უარი თქვას. სხვა რა ბერკეტი გააჩნია მას აქ სიტუაციაზე ზემოქმედება რომ მოახდინოს, თუკი უმრავლესობამ თქვა, რომ მე მინდა ხელისუფლებაში ეს პოლიტიკური ძალა იყოსო?!

„მგონია, რომ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების გადადება სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ არ უნდათ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავონ. მაინც არჩევნების შედეგებს ელოდებიან. როგორც ჩანს, მაინც იმედი აქვთ, ან საკუთარ თავს არწმუნებენ იმაში, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

გახდა თუ არა „ოცნება" დასავლეთისთვის ტოქსიკური

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დასავლეთისთვის „ოცნება" თავისი რიტორიკით გარკვეულწილად მიუღებელია, თუმცა მაინც არჩევნების შედეგებს ელოდება და ხიდებს ბოლომდე არ წვავს. „ოცნება" კი რიტორიკას არ შეცვლის, რადგან ეს თავად მას კატასტროფულ შედეგს მოუტანს არჩევნებზე.

„ოცნება" ახლა რიტორიკას ვეღარ შეცვლის, ალბათ ეცდება, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს. ახლა იმ რიტორიკის შეცვლა, რასაც მთელი წელი მიუძღვნა თუ მეტი არა, მისთვის ამ არჩევნებზე კატასტროფის მომტანი იქნება. ამიტომ ეს რიტორიკა გაგრძელდება. თუმცაღა, ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი დაელოდება არჩევნების შედეგებს. პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, თუ, რამდენად ჩათვლის დასავლეთი ამ არჩევნებს ლეგიტიმურად.

„მეორე მომენტია, რომ შესაძლოა მთავრობა ამ არჩევნების შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, იმ პირობებშიც კი, თუ „ქართული ოცნება" გამარჯვების მოპოვებას შეძლებს (რაც ნაკლებ სავარაუდოა, მიზერული შანსია და ფაქტიუყრად გამორიცხულია). თუ პოლიტიკა შეიცვლება, მისთვის (დასავლეთისათვის) სულერთია რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. თუ რიტორიკა შეიცვლება, თუ დასავლურ ვექტორს დავუბრუნდებით და ის პრობლემები, რასაც დასავლეთი „ქართული ოცნების" პოლიტიკაში ხედავს, აღმოიფხვრება და შეიცვლება, ყველაფერი ნორმალურად გაგრძელდება.

„ისინი „ოცნების" წინასწარ ჯვარზე გაკვრას არ აპირებენ და ჩემი აზრით, ეს სწორია, მაგრამ აფრთხილებენ იმაზე, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარონ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ „ოცნებამ" არჩევნებში ლეგიტიმურად გაიმარჯვა, დასავლეთი იძულებული გახდება მასთან გარკვეული ურთიერთობა ჰქინდეს, თუმცა, ეს ისეთი აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო.

„ეს ძალიან დელიკატური საკითხია - თუ „ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა და მისი შედეგები ლეგიტიმურად იქნა ცნობილი, არჩეულ ხელისუფლებასთან, უნდათ თუ არ უნდათ, რაღაცნაირად ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. მაგრამ მეორე საკითხია, ეს ურთიერთობა რა მასშტაბით და რა დონეზე ექნებათ. ვიცით ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ათწლეულების მანძილზე ჰქონიათ და წინ ვერ წასულან.

„ჩემი ვარაუდოთ, ურთიერთობები რა თქმა უნდა იქნება, შესაძლოა რაღაც საკითხებზე დალაგდნენ, მაგრამ არ მგონია ევროკავშირი დათანხმდეს თავისი პრინციპული მიდგომების შეცვლას. მაშინ რა გამოდის - რომ ის არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და თუკი მისთვის არასასურველი შედეგი დადგა, მოთხოვნებს უკან წაიღებს? ეს ევროკავშირის პოლიტიკის სტილი არ არის. იქნება ურთიერთობები, ოღონდ არა ისეთი, როგორიც უნდა იყოს მაგალითად კანდიდატის სტატუსის შემდგომ ეტაპზე გარდამავალ ქვეყანასთან.

„შესაძლოა სურათს ვამუქებ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ევროპარლამენტის ახალი არჩევნების შედეგად ევროსტრუქტიურების ხელმძღვანელობაში მოვიდნენ, თავიანთ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში სამაოდ მკაცრად და ნეგატიური კუთხით აფიქსირებდნენ და არ მგონია, რომ ეს მიდგომები მკვეთრად შეცვალონ. ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი პესიმისტურია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×