ელზა პაპოშვილი
15.10.2024

ჰყავს თუ არა რეალურად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი და როდის დაასახელებს მას? პრეზიდენტი ამის გაკეთებას საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ 10 დღეში გეგმავს, თუმცა მისი ამ გადაწყვეტილებას „ქართული ქარტიის“ ხელმომწერთა ნაწილი სკეპტიკურად აფასებს. სამშაბათს ექსპრემიერ ნიკა გილაურის მოულოდნელი სტუმრობა ათონელის რეზიდენციაში, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.

გასულ კვირას პრეზიდენტსა და „ქართული ქარტიის“ ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებს შორის უშედეგო კონსულტაციების შემდეგდ გაჩნდა მოსაზრება, რომ ოპოზიციამ დაიწუნა ზურაბიშვილის მიერ შერჩეული ე.წ. ტექნიკური მთავრობის მეთაური და ამიტომაც პრეზიდენტი ახლა იძულებულია პრემიერობის ახალი კანდიდატი მოძებნოს. 

15 ოქტომბერს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური პრეზიდენტს ათონელის სასახლეში შეხვდა. ამან კი გააჩინა ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეული ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი სწორედ გილაურია. 

ნიკა გილაურს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, მანამდე კი ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. 

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ არჩევნებამდე დაასახელებს მის მიერ შერჩული პრემიერობის კანდიდატის ვინაობას და ტექნიკურ მთავრობის შემადგენლობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა სალომე ზურაბიშვილისა და ნიკა გილაურის შეხვედრის ფაქტი, თუმცა, მათივე ინფორმაციით, გილაური პრემიერობის კანდიდატი არ არის. თუმცა, ძნელი სათქმელია სხვა რა თემაზე შეიძლებოდა შეხვედროდნენ პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი. 

„პრეზიდენტი  შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.    

პოლიტიკური შეფასებები 

ოპოზიციაში გილაურთან დაკავშირებით პოზიციები ორად იყოფა. „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მსგავს საკითხებზე არჩევნების შემდეგ შედგება დისკუსია.

„შესაძლებელია ნიკა გილაურიც იყოს, სხვა კანდიდატებიც არსებობდეს, მაგრამ ამის განხილვისთვის შესაფერისი დრო იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ. ახლა „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ თანამდებობისა და კონკრეტული პორტფელების შესახებ განხილვებში არ შედის. ყველა კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენს ამ „ქარტიით“, იქნება განხილული, იქნება დისკუსია და მსჯელობა“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლელა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნიკა გილაურის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია.

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია, არც პრეზიდენტისგან და არც სხვა ფორმით, არ გვქონია, რომ შესაძლებელია ის იყოს ტექნიკური მთავრობის კაბინეტში წარმოდგენილი თუ განსახილველი კანდიდატურა. თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი მისი წარსულიდან გამომდინარე. ჩემთვის მისი ბიოგრაფია უკავშირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავრობაში ყოფნას. თუ ეს იქნება სიმართლე და დაადასტურებს თავად პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ,“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.  

„ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო, მერე ნიკა გილაური არ არის საერთოდ საინტერესო, რომელიც თავის დროზე სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს გილაურისა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიკა გილაური თავის დროზე აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს.

„ასეთი გამონათქვამი არსებობს - იყავი და გაგეკეთებინა. ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. მან როცა დატოვა საკუთარი თანამდებობა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც არ იყო, როცა ჩვენ 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურები არიან ეს ადამიანები.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თქვენ იცით, რომ მას უწევს იმპიჩმენტის წესით თანამდებობის დატოვება ნოემბრის ბოლოს, ან მაქსიმუმ დეკემბრის დასაწყისში. ეს ქალბატონი არის სრულიად არარელევანტური, ერთ თვეში ტოვებს იმპიჩმენტის წესით თანამდებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.    

რა მიზანი აქვს პრეზიდენტს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის, რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს, პირველ რიგში არის საერთოდ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა. მისივე თქმით, ოპოზიცია იძულებულია, რომ, რადგან ზურაბიშვილს ისევ პრეზიდენტი ჰქვია, მასთან შეხვედრაზე მივიდეს და უარი საჯაროდ არ თქვან. თუმცა ცდილობენ ყველა მხრიდან მიახვედრონ, რომ მათთვის ბევრი რამ ამ „ქარტიაში“ მიუღებელია.

„ახლა სერიოზულია იმაზე საუბარი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს და რა მასკარადებსაც ათონელის სასახლეში აწყობს? ამას აკეთებს ყურადღების მისაქცევად და საკუთარი მნიშვნელობის გასაზრდელად. ფაქტი სახეზეა, რომ თავად მისი „ქარტია“  და იქ მოცემული პუნქტები ოპოზიციას სასაცილოდაც არ ჰყოფნის. მიუხედავად ამისა, იძულებული არიან საჯაროდ ამაზე თავი შეიკავონ. 

„ახლა წარმოვიდგინოთ ოპოზიციის ადგილას თავი - ამდენ რესურს ხარჯავენ, ამხელა ფულს და ენერგიას დებენ ამ არჩევნებში; დავუშვათ მოიგეს. ზურაბიშვილი მათ ეუბნება, რომ მიუხედავად ამისა, მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაუთმოთ ჩემს მიერ შერჩეულ პირებს. პრემიერიც მე უნდა დაგინიშნოთ. მიუხედავად თქვენი მოგებისა, ყველაფერზე უარი უნდა თქვათ. მერე კიდევ ერთ წელიწადში არჩევნები უნდა დანიშნოთ, სადაც ან მოიგებენ, ან არა. აი, ასეთ აბსურდზე შესაძლოა თავად ოპოზიცია თანახმა იყოს? 

„(პრეზიდენტს) ეუბნებიან, რომ მიუღებელი ე.წ. ტექნიკური მთავრობა, მიუღებელია ერთ წელიწადში არჩევნების ჩატარება. ასევე გაუგებარია, რატომ უნდა იყოს პრემიერი აპოლიტიკური ფიგურა. ან ვინ ეკითხება პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას? მე მგონია, რომ ამ ყველაფერს უკვე ერთი სახელი აქვს - ეს არის რევოლუციური სცენარი. თან  პრეზიდენტი ამბობს, რომ ამაში მხარს დასავლეთშიც უჭერენ. ის არის რამდენიმე თვეში წარმავალი პრეზიდენტი. დეკემბერში აღარ იქნება ამ სტატუსის მატარებელი და აი, დასავლეთშიც ვინ შეიძლება მას სერიოზულად აღიქვამდეს?“ - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება გილაურის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, საყვარელიძე ამბობს, რომ ეს ზურაბიშვილის „ქარტიაში“ მოცემულ პუნქტებს პირდაპირ ეწინააღმდეგება - თუ აპოლიტიკური უნდა იყოს პრემიერი, მაშინ ყოფილი პრემიერი რატომ უნდა გახდეს ამ ე.წ. ტქნიკური მთავრობის მეთაური? მეორეც საყვარელიძე ეჭვობს, რომ ოპოზიციაში გიალურის კანდიდატურას მხარდაჭერა არ ექნება. ამის მიზეზი კი მისი წარსულია. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თამაში აქვს წამოწყებული და ამის კონკრეტული მიზანიც აქვს. ჩიტაძის აზრით, ზურაბიშვილის სურვილია ისევ პრეზიდენტად დარჩეს. ამიტომ ცდილობს შექმნას განცდა ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, რომ ის ოპოზიციის ლიდერი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა.

„მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილს საკუთარი თამაში აქვს წამოწყებული. ისძალაუფლების მოყვარული ქალბატონია. მე მასთან პირადი ურთიერთობა მქონდა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მისი გულწრფელობის არ მჯერა. დიდი ალბათობით, ოპოზიციაშიც არ არის „ქარტიასთან“ დაკავშირებით ერთიანობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საბოლოო ჯამში ამ ე.წ. ტექნიკურ მთავრობასაც და მის მეთაურსაც პარლამენტი ამტკიცებს. ზურაბიშვილი კი წარადგენს, მაგრამ ამ კაბინეტს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომაც ამბობენ ოპოზიციის ლიდერები, რომ მოდი, ჯერ არჩევნებში გავიმარჯვოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ რა ვქნათ. სადღაც სამი კვირაა მერე ამისთვის საჭირო, რომ პრემიერობის კანდიდატი დასახელდეს.

„ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილის ეს მცდელობა მხოლოდ პირადი მიზნებით და ინტერესებით არის განპირობებული. მას სურს ქვეყნის შიგნით და  მის გარეთაც საკუთარი პოლიტიკური მომავალი დააზღვიოს. ამიტომაც ცდილობს წარმოაჩინოს თავი, თითქოს ის არის პირი, რომელსაც შეუძლია ოპოზიციურ პარტიებთან კორდინაცია და რაღაცას თაობს. 

„მე მის გუწრფელობაში ეჭვი მეპარება. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ამომრჩეველზე და ფუჭ მოლოდინებს ქმნის. ამიტომ მეც ვეთანხმები ოპოზიციას, რომ სჯობს არჩევნების შემდეგ იყოს ამაზე საუბარი“, - ამბობს ჩიტაძე.

რაც შეეხება ნიკა გილაურის კანიდიდატურს, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ის კარგი პრემიერი იქნება და მისი მენეჯერული თვისებები ქვეყნისთვის ნამდვილად გამოსადეგია, თუმცა ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურას გიორგი გახარია და მისი პარტია არ დაუჭერენ მხარს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×