არჩევნებამდე ათი დღით არდე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების წინა დღეებში, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებულ "ფალსიფიცირებულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ", რომლის მიზანია, ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გაღვივება, ასევე შუღლის ჩამოგდება ხელისუფლება-ელკესია, ხელისუფლება-დასავლეთს შორის.
აღნიშნულს ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა, მათი შეფასებით, "ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ". პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ამ ინფორმაციაში იგულისხმება ოპოზიცია და "მათი უცხოელი მფარველები", თუმცა, მისი თქმით, ამას არჩევნებზე "ვერავითარი გავლენა ვერ ექნება".
"აშკარად თავიანთი თავი გაყიდეს და აშკარად ეს მოგონილი და შეთითხნილი არ იქნება და იქნება ის რეალობა,რაც მათ არ უნდათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს"- განაცხადა "რეზონანსთან" ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.
"სავარაუდოა, რომ თუკი ძლიერი სიუჟეტი იქნა, ეს ადამიანებზე გავლენას იქონიებს. ასეთი სიუჟეტის გამოქვეყნება ორივე მხრიდან მოსალოდნელია, ორივეს გამარჯვება უნდა, მაგრამ დიდი ხანია ველოდები რეალურ კომპრომატებს ხელისუფლების მხრიდან",- ამბობს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
რას აცხადებს სუს-ი
"სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება".
„ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
პოლიტიკური გამოხმაურებები
"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ.
„სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან" და „პოსტ ტვსთან" ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. „ოცნება" დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით „იმედის" და „პოსტ ტვ"-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს.
"ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ.
"ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც „ოცნების" პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
სუს-ის განცხადებას "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა.
„მეტი რა მხილება სჭირდება „ქართულ ოცნებას"? ამერიკა, ევროპა: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი - მასთან ურთიერთობა ყველას შეწყვეტილი აქვს. აი, კიდევ რით უნდა ამხილო, მართლა ეს მავნებელი ძალა? ახლა მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ. კითხვა დავსვათ, რას აკეთებს სუს-ი საქართველოში? რომ იცოდეთ, თქვენც გაკონტროლებთ, მარტო ჩვენ კი არა. ვისაც სამთავრობო მედია ჰქვია, იმათაც აკონტროლებს, თქვენც გისმენთ, ხომ იცით,რომ გისმენთ? ხომ იცით, რომ რამეს სხვანაირად თუ იტყვით, მერე შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოთ, ეს რატომ თქვიო.[ამიტომ] ვის ვატყუებთ? სუს-ი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს.
"იარსებებს მხოლოდ კონტრდაზვერვა, დაზვერვის სამსახური, ანტიტერორისტული სამსახური. სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გარშემო ახლა ფოტოებს გვიღებენ. ის აღარ იარსებებს. აღარავინ მოგისმენთ თქვენ (ჟურნალისტებს), ტელეკომპანია „იმედის" წარმომადგენელს, თქვენც კი, არავინ მოგისმენთ.იცოდეთ, თქვენც გისმენენ. ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას ამ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, სუს-მა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარუდგინა.
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან.
"რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით კი, არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება.
„მიზანი მარტივია, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათ ვერ შეძლეს, რომ ისტერია შემოეტანათ წინასაარჩევნო გარემოში, ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშიც და ზუსტად ეს შეიძლება იყოს მიზანი, რომ შემოიტანონ ისტერია საზოგადოებაში, დააბნიონ საზოგადოება, არჩევნებზე მოახდინონ უკანონო გავლენა და ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ გავლენა.
"რაც შეეხება მეთოდებს, ორშაბათიდან მოყოლებული, რაც ეუთო/ოდირის ანგარიში გამოქვეყნდა, რაც იყო დიდი იმედგაცრუება ოპოზიციისთვის, მიზანმიმართულად ხდება საინფორმაციო ხმაური და ისეთი საინფორმაციო ველის შექმნა, რომ შეუქმნან აღქმა დამკვირვებლებს, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოში, ადმინისტრაციული რესურსის სახით, ძალადობის სახით თუ რაიმე ასეთის სახით. ასეთი ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად მოახდენს გავლენას მათ ნებაზე," - განაცხადა პაპუაშვილმა.
რას ნიშნავს სუს-ის განცხადება და რა მოლოდინებია
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სუს-ის ამ განცხადებით უფრო მეტად მყარდება ეჭვი, რომ მართლა არსებობს რაღაც ნამდვილი ჩანაწერები, თავად თანაგუნდელებისგან გამოტანილი, რომელმაც შეიძლება საზოგადოებას დაანახოს, რომ თავად "ოცნებაშია" დაპირისპირება, ან ამ ჩანაწერებში გამოჩნდეს მათი პრორუსული ნარატივი.
"როგორც ჩანს, მართლა არსებობს რაღაც ჩანაწერები, ნამდვილი, რეალური, რომელიც შიგნით "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ახდენს. მაგალითად, შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" წევრებს შორის რაღაც საუბრები, სადაც უკმაყოფილონი არიან ივანიშვილის, კობახიძის, ან ღარიბაშვილი პოლიტიკით.
"ალბათ არსებობს რაღაც ჩანაწერები, სადაც შიგნით ერთმანეთს აკრიტიკებენ შეიძლება რუსულ კანონზეც, ან იმაზე, "ოცნება" როგორ ცუდად იქცევა, რომ არჩვნებში გამარჯვება დაკვაკარგინესო. როგორც ჩანს, რაღაც შიდაკრიტიკული ჩანაწერები არსებობს, რომელიც ალბათ თვითონ გამოიტანეს. მანდ ხომ ყველას ერთმანეთის ეშინია და თუ არჩევნები წააგეს, ყველა სურს, რომ თავი გაიმართლოს.
"არაა გამორიცხული, რომ თავად "ქართული ოცნების" მომხრეებიდან იყოს გამოტანილი ჩანაწერები, ამის შესახებ ცნობილი გახდა და ახლა სურთ პრევენციის სახით ეს საკითხი გადაფარონ, რომ თითქოს, რასაც თქვენ ხვალ და ზეგ მოისმენთ, ეს ყველაფერი მოგინილი და შეთითხნილია. აშკარად თავიანთი თავი გაყიდეს და აშკარად ეს მოგონილი და შეთითხნილი არ იქნება და იქნება რეალობა, რაც მათ არ უნდათ, რომ საზოგადიებისთვის ცნობილი გახდეს.საქართველო მეცოდება მათ ხელში, მაგრამ მართლა საცოდავად გამოიყურებიან.
"ეს თუ გამოქვეყნდება, ხალხი ნახავს, რომ პრობლემა "ქართულ ოცნებაში" შინგით არსებობს და არა მხოლოდ ოპოზიოციასთან და ევროპა-აშშ-სთან ურთიერთოიბებში. ეს კი რეიტინგებზე უარყოფითად აისახება. მეტიც, შესაძლოა ჩანაწერში იყოს პრორუსული ნარატივები, რომ რუსეთზე არიან ორიენტირებულები. ამის ეშინიათ, რომ არჩევნებამდე ეს ინფორმაცია არ გასკდეს, რომ რუსეთისკენ მიდიან.
"შეიძლება ის იყოს, რომ დაპირისპოირება და უკმაყოფილება პარტიის შიგნით არსებობს, რომ არასწორად იმართება სიტუაცია. სხვა საკითხი, რაც შეიძლება იყოს და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ ამ ჩანაწერებში გამოჩნდეს მათი პრორუსული ნარატივი და რუსეთისკენ სწრაფვა",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კომპრომატების გამოქვეყნებას ორივე მხრიდან ელოდება, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოქვეყნებული მასალა ყალბი არ იქნება.
"მე ყველა მხრიდან ველოდები რაიმეს გამოქვეყნებას და დადებას. ოპოზიციის რეაქცია ვერ გავიგე, სუს-ის ასეთი ინფორმაცია რატომ უნდა იწვევდეს მოსახლეობაში შიშს? ლოგიკურად გაუგებარია თუ რატომ შიში.
"თუ რომელიმე მხარემ კომპრომატი გამოქვეყნა, ეს რეიტინგებზე აისახება, თუმცა გააჩნია რა იქნება მისი შინაარსი. თუ კომპრომატი მძაფრი შინაარსის იქნა, გავიხსენოთ ციხის კადრები, იქ რეაცქია იმაზე, რომ ეს ყალბია თუ ნამდვილი, ხალხს აღარ ექნება, პირდაპირ შეიძლება პროტესტი გამოხატონ.
"სავარაუდოა, რომ თუკი ძლიერი სიუჟეტი იქნა, ეს ადამიანებზე გავლენას იქონიებს. ასეთი სიუჟეტის გამოქვეყნება ორივე მხრიდან მოსალოდნელია. ორივე მხარეს გამარჯვება უნდა, მაგრამ დიდი ხანია ველოდები კომპრომატებს ხელისუფლების მხრიდან, ოღონდ არა გაყალბებულს, არამედ რეალურს, ყველამ იცის კასრების მასალები. მასალებს ორივე გამოავქყენებს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყალბი კომპრომატები არ იქნება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".