ნატალია ჯვარიძე
16.10.2024

ბოლო პერიოდია „ქართული ოცნების" წარმომადგენლები 2020 წლის სცენარის სავარაუდო გამეორებაზე საუბრობენ - ამის შესახებ ბრიფინგზე „ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა.

„როცა ხელისუფლება 2020 წლის სცენარზე და მის გამეორებაზე საუბრობს, ამასთანავე, უნდა გაიხსენოს ისიც, თუ როგორი იყო ჩვენი პარტნიორების პოზიცია მაშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით კი, „ქართული ოცნების" წევრები იმიტომ საუბრობენ 2020 წლის სცენარის გამოერებაზე, რომ „რადიკალები" ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მაშინ.

„ქართული ოცნების" არგუმენტები ეფუძვნება იმ ღია და თავხედურ ფაქტებს, რაც მოდის „ნაცოპოზიციიდან" და მათთან დაკავშირებული ე.წ. დამკვირვებლებიდან, რომლებიც ერთსა და იმავეს იმეორებენ პირადი მონაცემების ჩამორთმევაზე, გაყალბებაზე და ა.შ.

რას ამბობენ „ოცნებაში"

შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა პროვოკაციები ოპოზიციის მხრიდან, რათა „ქართული ოცნების" წარმომადგენლების საპასუხო რეაქცია გამოიწვიონ.

„როგორც მოგეხსნებათ, გასულ პარასკევს 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის სადამკვირებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დეგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშში დადასტურდა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს. წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, არსებითი დარღვევების გარეშე, ასევე, კონკურენტულ გარემოში. წინასაარჩევნო თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტების სახე აქვს . ეს იყო ის, რაც აისახა ის, რაც აისახა ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში.

როგორც ჩანს, ამ ანგარიშმა აჩვენა ოპოზიციას, რომ საფრთხე ექმნება არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციისკენ გამიზნულ მათ გეგმას. შედეგად, ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე დაიწყო ოპოზიციის პარტიული მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანზაციების კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიცაა საინფორმაციო ხმაურით საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წინასაარჩევნო გარემოზე ყალბი აღქმის შექმნა.

მივყვეთ მოცემულობებს: პირველი, აღქმის შექმნა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რომელზეც ეუთო/ოდირის შუალედრუ ანგარიშში რაიმე არსებითად შენიშვნა არაა.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, პარტია „ლელოს" კუთვნილი ტელევიზია „ტვ პირველით" გავიდა რეპორტაჟი, სადაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მტკიცებულებების გარეშე იყო საუბარი, თითქოს პერსონალურ მონაცემების თუ პირად მოწმობების შეგროვება ხდება. ამ სიუჟეტზე მითითებით უკვე 14 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანზაცია ჯგუფმა „ჩემი ხმა", რომელიც საზოგადოებისთვის ნაცნობ პოლიტიკურად აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, ჩაატარა ბრიფინგი, სადაც იგივე ბრალდებები ისე გაიმეორა, რომ მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც სოციალური მედიით გავრცელა ცარიელი ბლანკის ფოტო ბრალდებით, თითქოს მოსწავლეებს წინასაარჩევნოდ ავალდებულებენ მშობლების ინფორმაციის მიტანას, რაც შემდეგ დადასტურდა, რომ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია იყო.

მეორე, აღქმის შექმნა მედიის შევიწროების შესახებ, რომელზეც ეუთო/ოდირის დასკვნებში მხოლოდ აღნიშნულია, რომ მედია პოლარიზებულია. რაიმე ფაქტი მედიის შევიწროების შესახებ ანგარიშში აღნიშნული არაა. აქაც როგორც ჩანს არის ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო სექტორში თუ ორგანიზაციებში განცდა, რომ სჭირდებათ პანიკის შექმნა ამ საკითხის გარშემო.

ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ზემოთ მოყვანილი ქმედებები, საბოლოოდ გვიმყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს: მათი პასუხუსხმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ თავის თავში მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას.

2020 წლის გამოცდილებამ, როდესაც ჯერ კიდევ პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებით, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციატა ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ისეთ ცრუ ფაქტებს ეყრდნობა, როგორიც იყო ცესკოს მიერ შედეგების დაგვიანების გამოცხადება თუ უბნების 8 პროცენტზე დისბალანსი და ა.შ. გვაჩვენა, თუ როგორი საფრთხისშემცვლელია დემოკრატიულ პროცესებთან უპასუხისმგებლო თამაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ „ოპოზიცია და მათთან დაახლოებული ორგანიზაციები და ადამიანები ზუსტად ისევ იმ სცენარებს იმეორებენ, რაც წინა არჩევნებზე იყო".

„ოპოზიციის ეს მავნებლური გზავნილები არამარტო 2020 წლის დროიინდელია, არამედ 2018 წლისაც. ეს ყველაფერი მოდის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან", „საია" და ა.შ. როდესაც მათ ტყუილები ვერ დაამტკიცეს. თვეები გადის და ამ გაყალბებზე რაღაც კრეატიული ტყუილები ვერ მოუფიქრებიათ და ერთსა და იმავე მოჯადოვებულ წრეზე დარბიან.

„ეს არჩევნები კიდევ უფრო დემოკრატიული იქნება, ვინაიდან ელექტრონულად ჩატარდება. გავიხსენოთ უკრაინაში მყოფი სააკაშვილის მოწოდებები, რომ თუ არჩევნები ელექტრონული ფორმით არ ჩატარდებოდა, მაშინ გაყალბება იქნებოდა. ახლა ელექტრონულად ჩატარდება და კვლავ გაყალბებზეა საუბარი.

„არჩევნების ეს ფორმა ცესკოს სხვადასხვა პრეზენტაციებით არა ერთმა პოლიტიკურმა აქტორმა და ჟურნალისტმა გაიცნო და შეუძლებელია, რომ რაიმე გაყალბებას ადგილი ჰქონდეს.

„მე ვხედავ, რომ ამ ე.წ. დამკვირვებლებს აქვთ სწორება იმაზე, რომ თითქოს წინასაარჩევნო გარემოა ტოქსიკური, ავტორიტეტული და სხვა. აქაც ვერ მოჰყავთ კონკრეტული ფაქტები და სადაც ფაქტები არ არსებობს, რა თქმა უნდა, ეჭვები გაქარწყლდება.

„ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაყალბებაზეც, რომ არ არსებობს არაფერი, ამაზე მითებს ვერ თხზავენ. ამას ვერც იზამენ, რადგან დაზეპირებული და მავნებლური გზავნილები აქვთ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, თუკი ყველაფერი ნორმალურად ჩატარდება არანაირ არეულობას ადგილი არ ექნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები მაინცდამაინც თავისუფალ გარემოში არ ტარდებოდა, ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ის კი არ თქვეს, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, არამედ ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რათა ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და პარლამეტში შესვლას არ აპირებდა, მათ ქუჩიდან გაიყვანეს და პარლამენტშიც დააბრუნეს.

„ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ მარტო ოპოზიციაზე არაა დამოკიდებული რა და როგორ უნდა. უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი განწყობა იქნება მოსახლეობაში. ამასთან, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ლეგიტიმურად ჩატარდება ეს არჩევნები. ასევე, ჩვენი პარტნიორებისგან როგორი შეფასება იქნება და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც.

„თუ ეს ყველაფერი ნორმალურად ჩატარდება, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ქვეყანაზე ვერავინ ვერც არეულობას მოაწყობს და ვერც სცენარს გაითამაშებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×