თამთა ჩაჩანიძე
16.10.2024

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს განმარტებისთვის უწყებათაშორისი კომისიების სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებს, საქმე ეხება ზურაბიშვილის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწყობილი იქნება "საკოორდინაციო პლატფორმა", რაც 26 ოქტომბრის პროცესს მონიტორინგს გაუწევს და "შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება".

"მან თქვა - "ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", თუმცა, ვისთან ერთად, არც ეს უთქვამს. ერთი წუთით, ფანტასტიკის სფეროდან, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ იმ საკოორდინაციო შტაბში "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი პირები მივიდნენ და წარმოვიდგინოთ, რომ "ოცნებამ" გაიმარჯვა, მაშინ ვისი გამარჯვების ზეიმზე იქნება საუბარი?"- აცხადებს "რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

"არ აქვს მნიშვნელობა ზურაბიშვილის წარმომადგენელი პირველ ჯერზე გამოცხადდება თუ არა იუსტიციის სამინისტროში. მეორე ჯერზე თუ არა, მერე მაინც მოუწევს მისვლა. აქ უკვე ჩანს, რომ ეს დადასტურებულად ექსტრემისტული ქმედებაა, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ",- აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან".

რას ამბობს იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ კომისიის სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა და მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით დამატებითი წერილი გაეგზავნება.

ბრეგაძე, ზურაბიშვილის წარმომადგენლის დაბარების მიზეზად ასახელებს იმას, რომ შესაძლოა პრეზიდენტის ინიციატივა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით გავუგზავნეთ, რომელიც შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება ვთხოვეთ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა.

"თუმცა მათი მხრიდან წერილობითი განმარტება გაკეთდა, რაც კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ წერილს გავუგზავნით და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდგომ სხდომაზე აუცილებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოცხადდეს და განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით გააკეთოს, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ „საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება". ეს განცხადება შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას შეიცავდეს", - განაცხადა ბრეგაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება 7 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა.

"არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ექნება შექმნილი საარჩევნო შტაბი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება.

„წარმოიდგინეთ, პარლამენტში შევქმნა „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად და გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ასე შემდეგ; ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნას „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბები.

"წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? დღისით, მზისით პირდაპირ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დარღვევა ხდება, ესეც ერთ-ერთი მოწმობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები - და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით - თავიანთ ანგარიშებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცრუ ბრალდებებს „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და პირდაპირ ხელს აფარებენ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"პრეზიდენტის წარმომადგენელს მერე მაინც მოუწევს მისვლა"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდეტი კანონს არღვევს და მის წარმომადგენელს განმარტების გაკეთება მოუწევს.

"ეს მორიგი კანონდარღვევაა ფსევდოპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ მე მის გაჭენებულ ამგვარ თავაშვებულობას ვუყურებ, როგორც ფსიქოლოგიურად არამდგრადი ადამიანის მოქმედებას. შეუძლებელია ისეთი გაუგონარი კანონდარღვევებით დაუპურისპირდე ხელისუფლებას და ხალხს, რაც არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

"გვახსოვს, 2020 წელს, მაშინდელმა ნაცორგანიზაცია "სირცხვილიამ" - გიგა მაქარაშვილმა და სხვა მისნაირმა უწიგნურებმა, ალტერნატიული საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგვიდგინეს. ახლაც ასე სამარცხვინოდ იქცევა პრეზიდენტი, ამით კი საქართველოში მის ბიოგრაფიას ძალიან ტრაგიკულად ამთავრებს. მისი ეს გამომწვევი ნაბიჯები, რეაგირების გარეშე არ დარჩება.

"არ აქვს მნიშვნელობა მისი წარმომადგენელი პირველ ჯერზე გამოცხადდება თუ არა იუსტიციის სამინისტროში. მეორე ჯერზე თუ არა, მერე მაინც მოუწევს მისვლა. აქ უკვე ჩანს, რომ ეს დადასტურებულად ექსტრემისტული ქმედებაა, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამას ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს აფიქსირებს.

„იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ, როგორც ამ უკანონობას, ისე იმ სამარცხვინო და არაკაცურ დეზინფორმაციას, რაც "ნაცმოძრაობამ" გაავრცელა ზუგდიდიში ვითომ სცენიდან გადმოვარდნილი ადამიანის სიკვდილზე.

"ეს ადამიანები, თავად არიან სვავები ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობის სპეკულანტები და ზურაბიშვილმაც იმ ჭაობში დაიმკვიდრა ერთ-ერთი საპატიო ადგილი, რომლის ქმედებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

არღვევს თუ არა კანონს პრეზიდენტი - კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტი ამ ინიციატივით და განცხადებით, არც კონსტიტუციას არღვევს და არც საარჩევნო კოდექსს.

"კონსტიტუციაში არანაირი აკრძალვა არაა იმისა, რომ მსგავსი რამ გააკეთოს პრეზიდენტმა. ამიტომ აქ კონსტიტუციის დარღვევაზე ვერ ვილაპარაკებთ. საარჩევნო კოდექსში კი აღნიშნულია ვის არ აქვს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, ამ ჩამონათვალში პრეზიდენტი არ შედის.

„საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია თუ სად არ შეიძლება გაიმართოს საარჩევნო აგიტაცია, ესაა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები და ა.შ. იქაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისევე, როგორც პარლამენტი არცერთია მანდ ნახსენები. ე.წ. კონკრეტულ შენობაში შეიძლება იყოს.

"საარჩევნო აგიტაცია რომც იყოს, პრეზიდენტს არ ეკრძალება, მაგრამ დავსვამ კითხვას - არის თუ არა პრეზიდენტის განცხადება ეს სარჩევნო აგიტაცია? და თუ არ არის, მაშინ საერთოდ რის დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი?

"ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი არჩევნების დღეს აპირებს თავის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო პლატფორმა მოაწყოს, სადაც ყველაფერი აღირიცხება, რაც არჩევნების დროს მოხდება - ეს შეიძლება იყოს ის თუ, როგორია ამომრჩეველთა აქტიურობა, როგორ მიდის პროცესი, არის თუ არა სადმე რაიმე შეფერხებები, სადღაც ობიექტური მიზეზით გამოწვეული - მაგალითად თუ სადმე ბიულეტენების მთვლელი აპარატი გაფუჭდა და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოგროვდეს ინფორმაცია სად რა დარღვევები ხდება.

„თუ ეს თითოოროლა იქნა, ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ თუ ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, ამან შეიძლება შედეგებზე გავლენა იქონიოს და არჩევნების შეფასებაც უარყოფითი იყოს.

"ყველა ამ ინფორმაციის კოორდინაციაზეა საუბარი, ეს ინფორმაცია შეიძლება მიდიოდეს, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რადგან არჩევნების დღეს საქართველოში მყოფი მედიები ყველა აქტიურად მოქმედი იქნება, მათ საშუალება აქვთ არჩევნების პროცესს დააკვირდნენ, მათ შორის, დარღვევების ფაქტები ვიდეოკამერებზე აღბეჭდონ და ეს ინფორმაცია მიაწოდონ, ვთქვათ, პრეზიდენტის საკოორდინაციო ჯგუფს.

"პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ეს საარჩევნო შტაბიაო, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს ამ საკოორდინაციო ჯგუფის ფუნქციების აშკარად გადაჭარბებაა. საარჩევნო შტაბის ფუნქცია სრულიად სხვა რამაა, ვინც პროცესში ჩართულა, ძალიან კარგად იცის რას აკეთებს საარჩევნო შტაბი. აქ საუბარია ინფორმაციის მოგროვებაზე.

"აქვე საინტერესოა ისიც, რომ პრეზიდენტს არ უთქვამს რას მიიჩნევს თავად გამარჯვებად. მისი პოზიცია კარგად ჩანს და არ გაგვიჭირდება ვთქვათ თუ ამ ფრაზაში რას გულისხმობს, მიმაჩნია, რომ ის ოპოზიციის გამარჯვებას გულისხმობს, მაგრამ მან თქვა - "ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", თუმცა, ვისთან ერთად, არც ეს უთქვამს.

"ერთი წუთით, ფანტასტიკის სფეროდან, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ იმ საკოორდინაციო შტაბში "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი პირები მივიდნენ და წარმოვიდგინოთ, რომ "ოცნებამ" გაიმარჯვა, მაშინ ვისი გამარჯვების ზეიმზე იქნება საუბარი? პრეზიდენტის განცხადება იყო მრავლის მთქმელიც, მაგრამ საკმაოდ ფრთხილიც იმ თვალსაზრისით, რომ მან არ თქვა ვინ იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამ პროცესს ვინ დაესწრება და ა.შ.

"ერთი რამ ცხადია, რომ ამას მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან, ბუნებრივია ისიც, რომ არანაირი შეზღუდვა არ იქნება პროსახელისუფლებო თუ პროოპოზიციური მედიებზე.

„ყველას ექნება შესაძლებლობა მივიდეს, დაესწროს, თავად ნახოს და გაეცნის იმ ინფორმაციებს, რომელიც პერიოდულად შევა ხოლმე საკოორდინაციო ჯგუფში. ასე, რომ საარჩევნო კოდექსში ზუსტადაა განსაზღვრული რისი გამოყენება შეიძლება, ვის რისი უფლება არ აქვს და ამ აკრძალვებში მე ვერ დავინახე პრეზიდენტის ასეთი მოქმედების აკრძალვა",- განაცხადა მან.

კითხვაზე, მაშინ რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ განცხადებებს და პრეზიდენტის წარმომადგენლის დაბარებას, ხმალაძემ გვითხრა:

"რა მიზანიც ჰქონდა და აქვს მაგალითად იმპიჩმენტის პროცესს. იმპიჩმენტის პროცედურა იმ საფუძვლით, რომ პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე სადღაც წავიდა და ვიღაცეებს შეხვდა, ერთხელ უკვე იყო.

„კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს, იმ შემთხვევაში თუ იმპიჩმენტი არ შედგა, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. თუმცაღა მაინც ამბობენ დავიწყებთ და გადავაყენებთო, ანუ გავაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია კრძალავსო, იგივე მიზანი აქვს ახლა ამ განცხადებებსაც",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×