ელზა პაპოშვილი
16.10.2024

ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ზუგდიდიდან ოპოზიციაში მისი მხრიდან წაგების დაშვების პირველ განცხადებად აღიქვეს. მათი აზრით, ივანიშვილის განცხადება, რომ თუ 4 ფლანგად გაშლილმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, ქვეყანაში სიტუაცია მძიმე იქნება. ოპოზიციის აზრით, ეს არის ღიად იმ შიშის გამოვლენა, რომელიც „ოცნებას“ არჩევნების წაგების სახით აქვს. 

ივანიშვილი კი ამბობს, რომ არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ. 

„ასევე არ გვექნებოდა არანაირი პროგრესი, რომ არა თქვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა, რომ არა ნდობა, რომელსაც ჩვენი გუნდი უპირობოდ ამართლებს ყველა მიმართულებით”,-ამბობს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. 

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის მიღწევები და სამომავლო, უაღრესად საიმედო პროგნოზები „ქართული ოცნების“ გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია.

მისივე თქმით, ოთხფლანგადგაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე თუ მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება.

„12 წლის მანძილზე, არაერთი გამოწვევის პარალელურად, მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს, გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები. კონკრეტულად ამ ადამიანებმა უზრუნველყვეს საქართველოს ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის მართვის თითქმის უშეცდომო და სწორმა მენეჯმენტმა გაგვიყვანა შედეგებზე, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს.

ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებლის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციებია დასტურებენ. ამ საიმედო მოცემულობის პარალელურად, უნდა გვახსოვდეს, რომ ოთხფლანგადგაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ თუ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელშიჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველაპროგნოზი რამდენიმე წუთშიგაქრება. თუ დანისპირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი დანგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ივანიშვილი რეალობას არის მოწყვეტილი ან სურს, რომ ასე გამოაჩინოს," - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ოლიგარქის ზუგდიდში გაკეთებულ განცხადებებს. სანიკიძის თქმით, ივანიშვილის გავლენა ქვეყანაზე სულ მალე, მოახლოებულ არჩევნებზე დასრულდება. 

„ხანდახან მაქვს განცდა, რომ ვიკიპედიაში რომ ჩავწეროთ სიტყვა „ნეპოტიზმი“, „ქართულ ოცნებას“ ამოაგდებს და ამ ვითარებაში ასეთი პარტია როდესაც საუბრობს, რომ ნეპოტიზმი თითქოს ალაგმა საქართველოდან, არის, უბრალოდ, სასაცილო და მეტიც, შეურაცხმყოფელია. 

„ვერ გეტყვით ბიძინა ივანიშვილს რა აწუხებს, რა აზრებით არის შეპყრობილი, უბრალოდ ან ის მოწყვეტილია რეალობას, ან უბრალოდ, სურს, თავი მოიწყვიტოს რეალობიდან და ეს შთაბეჭდილება დატოვოს, რომ თითქოს მეფე ატყუებენ და ბიძინა ივანიშვილი არც მეფეა, არც ხელმწიფეა და 10 დღეში მას აღარავითარი გავლენა აღარ ექნება საქართველოზე, - ამბობს ლევან სანიკიძე.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით დღეს იმ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც სერიოზულად ფიქრობენ და აქვთ შიში, რომ ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. 

ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ყველა გზავნილი რაც მათ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული, არცერთმა არ იმუშავა. ყველაფერი ჩაუფლავდათ და ჩაუვარდათ. ამიტომ ეხლა ერთადერთი დარჩათ ის, რომ საკუთარი ამომრჩეველი ასეთი ყინჩი განცხადებებით გამოკვებონ. 

„მე რასაც „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს ვისმენ, ასეთი აბსურდული და წარმოუდგენელი მესიჯები არასდროს მომისმენია. ამომრჩეველს რეალურად არ პირდებიან არაფერს. მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ აგვირჩიეთ და 12 წლის შემდეგ, გავასამართლებთ ნაციონალურ მოძრაობას, დავიჭერთ ყველას და მთელი ქვეყნის მასშტაბით რეპრესიები იქნება. 

„ერთის მხრივ ამით მომხრეების შეგულიანებას ცდილობენ, მეორეს მხრივ კი მათ დაშინებას ახდენენ. დაგიჭერთ ყველას და არ გაბედოთო ოპოზიციისთვის ხმის მიცემა. იციან, რომ საჯარო სამსახურებში დიდი რყევებია. ნორმალური ადამიანი თუ ხარ როგორ შეიძლება ამ ხალხს მხარი დაუჭირო. თუ ესენი ხალხს ამას პირდებიან, ამაზე დიდი აბსურდი ჯერ არ მომისმენია. 

„ივანიშვილმა პირველად გააჟღერა რაღაცა ბუნდოვნად წაგების დაშვება. უფრო მეტიც, მათ ამ წაგების აღიარება მოუწიოთ. კვლევებიც ამას აჩვენებს, რომ „ოცნებას“ აღარ აქვს ის მხარდაჭერა, რაც წლების წინ ჰქონდა. ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ადრე თუ „ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, მათ ეს პოზიციები რადიკალურად შეცვალეს. ეს „ოცნებამაც“ კარგად იცის და ივანიშვილმაც. კვლევებსაც ატარებენ, რომელშიც რეალურად ჩანს რა ხდება და რა განწყობაა ხალხში“,-ამბობს დავით ზურაბიშვილი. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის სჯერა შეთქმულების და მანიპულაციების. მას არ სჯერა წესიერად სოციოლოგიის. აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის 80%-ი რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერდა მაინც და მაინც ესეც არ სჯეროდა. თუმცა, ახლა დარწმუნდება, რომ უნდა დაეჯერებინა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×