ნატალია ჯვარიძე
12.11.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების გაგრძელების შემთხვევაში - თუ ისინი „გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას", ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას არ გამორიცხავს. თუმცა მეორე მხრივ, კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რიგი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხებოდა, შესაძლოა, ოპოზიციის სისუსტის გამო, აღარც დადგეს დღის წესრიგში.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, დღეს არც ერთი პარტიის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მათი ნაწილის აზრით, პრემიერის განცხადება პრევენციული ხასიათისაა და ოპოზიციის გაფრთხილებას ისახავს მიზნად.

„ვერ გეტყვით კონკრეტულად რა მიზნით და რა განზრახვით აკეთებს კობახიძე ამ განცხადებას. ვფიქრობ, ამას უფრო პრევენციული ხასიათი ჰქონდა - რომ ოპოზიცია თავისი ქმედებებით წითელ ხაზებს არ გადავიდეს და ისეთი რამ არ ჩაიდინოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი ქმედებები. მე ყოველ შემთხვევაში ეს განცხადება/გაფრთხილება ასე მივიღე და ასე აღვიქვი", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

როგორც პრემიერმა სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც მხოლოდ დეპუტატების მცირე რაოდენობა სჭირდება. ამის პარალელურად, კობახიძე ამბობს, რომ მეორე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება ასეთი ზომების მღება აღარც გახდეს აუცილებელი.

„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას. თუმცა, თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი.

„თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ ამის რესურსი ნაკლებად აქვთ. შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან. შესაბამის ინსტრუქციებსაც მიღებენ და არ ვიცი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე.

„აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ სიარულს, შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. თუმცა, მეორე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის," - განაცხადა კობახიძემ.

რა შემთხვევაში და როგორ ხდება პარტიის აკრძალვა

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელია. მისივე თქმით, კანონით ასევე განსაზღვრულია, თუ რა შეიძ₾ება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი და მათ შორის ნახსენებია „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა". თუმცა, ხმალაძის შეფასებით, დღეისათვის რომელიმე პარტიის აკრძალვისათვის სამართლებრიი საფუძველი არ არსებობს.

„პარტიის აკრძალვის საფუძვლები პირდაპირაა განსაზღვრული კონსტიტუციაში. კონსტიტუციის 23-ე მუხლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ორგანული კანონით დადგენილი წესით. ხოლო საფუძვლები იმავე მუხლით არის განსაზღვრული, რომ აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა; ან (ისეთი პარტიის) რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

„ეს ყველაფერი გამეორებულია პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, იქაც არის განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია და დამატებული აქვს კიდევ ერთი საფუძველი - ეს არის შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ან შეიარაღებული ფორმირების ქონა. სხვა საფუძვლით პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არ შეიძლება.

„რისთვის სჭირდებოდათ კონსტიტუციური უმრავლესობა, არ ვიცი, თუმცა ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეტყობა მათ უნდოდათ ამ საფუძვლებისთვის ისეთი რაღაცის დამატება, რომლითაც შემდგომ შეძლებდნენ პარტიის აკრძალვის დასაბუთებას, რადგან დღეს მე რაც ვიცი, ეს საფუძვლები არც ერთი პარტიის მიმართ არ შეიძლება გამოიყენონ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

„ამით კობახიძემ ოპოზიცია გააფრთხილა..."

ზაალ ანჯაფარიზეც ასევე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.

„პარტიის აკრძალვისთვის რაღაც იურიდიული საფუძველი უნდა არსებობდეს, მათ ქმედებებში დანაშაული უნდა იკითხებოდეს, ან კიდევ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში ხდება ეს. მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება პარტიის საქმიანობის შეჩერება და თუკი პარტია პარლამენტში არ შევა, ბოიკოტს გამოაცხადებს, გასაგებია, რომ ამის გამო ვერ აკრძალავენ.

„პარტიას მყარი მტკიცებულებებით უნდა დაუმტკიცდეს, რომ მან ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ანტიკონსტიტუციური ქმედება. ამის საფუძველზე იქნება შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, ან, ვთქვათ, შეიძლება დაიწყოს მის მიმართ რაღაც მუხლით საქმის წარმოება. ჯერჯერობით ასეთი რაღაც სახეზე არ გვაქვს და როგორ წარმოუდგენიათ პარტიების აკრძალვა, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციას შეუძლია ეს აქციები უსასრულოდ გააგრძელოს. მთავარია კანონის ჩარჩოებს არ გასცდეს. მე ვვარაუდობ, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება ესეც ყოფილიყო. ანუ ამით კობახიძემ ოპოზიცია გააფრთხილა, რომ თქვენ გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×