
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ, რომ არ გაატაროს მათი საარჩევნო სიები რეგისტრაციაში და მათი დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს „განსახილველადაც კი". ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მანდატების ჩახსნასთან დაკავშირებით ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს. ანალიტიკოსები ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივ ნონსენსად მიიჩნევენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მმართველი გუნდის პროპაგანდის საპასუხოდ გაკეთდა, რადგან „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად იმაზე საუბრობენ, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მაინც შევა მის მიერვე არალეგიტიმურად გამოცხადებულ პარლამენტში.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" გადაწყვეტილებას მოგვიანებით „ძლიერი საქართველოს" შეუერთდა, სადაც აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით „იურიდიულად გამართულ განაცხადს" გააკეთებენ.
რაც შეეხება პარლამენტში გასულ კიდევ ერთ ოპოზიციურ ძალას, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრებმა ამ ნაბიჯს პოპულისტური და „იურიდიული ნონსენსი" უწოდეს და განაცხადეს, რომ ესაა სპექტაკლი, რაც უფრო მეტად ამომრჩევლების იმედგაცრუებას გამოიწვევს.
ამ ფაქტს მყისიერად გამოეხმაურა ცესკოც, სადაც განაცხადეს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე კანონმდებლობა პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.
ცესკოს შეფასებით, „საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია", თუმცა, „მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ".
კონსტიტუციონალისტების აზრით კი, არჩევნებში მონაწილე პარტიას მხოლოდ არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ აქვს უფლება, რომ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს კი შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
„კანონი პირდაპირ ამბობს, ხომ პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება არ აქვს, მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის გაუქმება მანამ, სანამ პარლამენტი არ ცნობს მის უფლებამოსილებას. ჯერჯერობით სტატუსი ყველა პირისა, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და ვინც, არსებული მონაცემების მიხედვით, ხდება პარლამენტის წევრი, არის პარლამენტის წევრობის კანდიდატი. კანონი არ აძლევს მათ იმის უფლებას, ამ კანონზე უარი თქვან.
„ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩეულებად თავისი შემაჯამებლი ოქმით, პარლამენტმა უნდა ცნოს მათი უფლებამოსილება და ამის შემდეგ მათ ექნებათ უფლება, გადადგნენ და უარი თქვან თავიანთ მანდატზე", - განაცხადა კოსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „პუბლიკასთან".
თუმცაღა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს, „სამართლებრივ კაზუისტიკას" თავი დაანებონ, რადგან პარლამენტი და ცესკო მისი თქმით, „სიყალბის სიმბოლო დაწესებულებებია".
„მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!
„კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებთ და არ უნდა ამას მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!
„მახსოვს 2020-შიც „არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და ჩვენი შესვლით არ მივანიჭებთ ლეგიტიმურობას" ტექსტები და ამის მერე პარლამენტში შელაგებული ამ ტექსტის ავტორებიც გადასარევად მახსოვს", - დაწერა გვარამიამ სამშაბათს, დღის ბოლოს სოციალურ ქსელში.
ვინ ამბობს მანდატებზე წერილობით უარს და ვინ - არა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ-ს სიაში მყოფი პირები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური წერილით მიმართავენ, „რათა არცერთი კანდიდატი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და მათი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს, განსახილველადაც კი".
„ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაგზავნით. ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ.
„ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება", - განაცხადა ბოკუჩავამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ ყველა, ვინც კოალიციის საარჩევნო სიაშია, „უარს აცხადებს ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში".
მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს „ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სიის ზოგიერთმა წევრმაც. მათი თქმით, ისინი ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ.
გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, რომ „განცხადების დაწერას 80-ჯერ" არ აპირებენ და მისი გაერთიანება საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით იურიდიულად გამართულ განაცხადს გააკეთებს, რაც „უპირობოდ დაკმაყოფილდება".
„პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.
„სხვათა შორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ", - წერს კუპრაძე „ფეისბუქზე" და ვიდეოს აქვეყნებს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის" ამ გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი როგორც ანა ბუჩუკური აღნიშნავს, მათი პოზიცია უცვლელია და მე-11 მოწვევის პარლამენტს მათი მხრიდან ლეგიტიმაცია არ ექნება.
პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი კი წერს, რომ ეს ენმ-სა და „კოალიცია ცვლილებებისთვის" მხრიდან ეს იურიდიული ნონსენსია, რომელიც ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას იწვევს.
„არ არსებობს არც „სიების ჩახსნა" პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131).
„როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას.
„კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.
„არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ", - წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქზე".
რა წერია საარჩევნო კოდექსში
კანონმდებლობით სიების ჩახსნა ახლა აკრძალულია და ოპოზიციას ამის შესაძლებლობა რეალურად მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა, რაც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ოფიციალურად მოხდება. საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, „არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არ აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან".
არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების რეგისტრაციის შესახებ 131-ე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ „არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ".
რას ნიშნავს ხელმოწერები იურიდიული ძალის გარეშე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამი პოლიტიკური ძალისგან ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სიებს იურიდიულადაც ჩახსნიან. გახარიას ყოყმანი კი იმის ჩვენებას ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი ძალად პოზიციონირებას ცდილობს, თუმცა, ჩიტაძის აზრით, მაინც არაა მოსალოდნელი, რომ საბოლოოდ მისი პარტია პარლამენტში შევა.
„ოპოზიციის მხრიდან ეს ნაბიჯი იმის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა, რომ სიებს საბოლოოდ ნამდვილად იურიდიულადაც ჩახსნიან. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი, 2020 წელსაც ამბობდა ოპოზიცია, რომ პარლამენტში არ შევალთო, მაგრამ შევიდნენ. ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
„გახარიას ყოყმანი იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მესამე პოლუსი და დამოუკიდებელი მოთამაშეა. აქციებზეც გახარიას წარმომადგენლები სიტყვით არ გამოდიან და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი პარლამენტში შესვლა მოსალოდნელი არაა.
„ვფიქრობ ამ სამი ძალის ხელმოწერები ავტომატურად იძლევა იმის პირობას, რომ პარლამენტში არ შევლენ და ლეგიტიმაციას არ მისცემენ", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან სიების ჩახსნის არაოფიციალური გადაწყვეტილება ერთგვარი პასუხია ხელისუფლების იმ განცხადებებზე, რომ „ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა".
„გადაწყვეტილებას ახლა მიიღებენ თუ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მათ უფლებამოსილებას სცნობს, ჩემი აზრით, ამას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლება სხვადასხვა საშუალებებით მუდმივად მუშაობს, რათა საზოგადოებაში ასეთი აზრი დაამკვიდროს, რომ ესენი პარლამენტში მაინც შევლენ და ალბათ, ამის გასაქარწყლებლად გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადებები, რომ ისინი სიებს ხსნიან. თავისთავად ეს იმ პროპაგანისადმი დაპირისპირებაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს.
„მე არ ვიცი ოპოზიციას სხვა რა მოტივი ჰქონდა, მაგრამ რეალურად, „ესენი პარლამენტში მაინც შევლენ" - ამ აზრის დროზე გაბათილება ალბათ მაინც საჭიროა, მით უმეტეს, ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ მასშტაბური აქციები უნდა ჰქონდეთ.
„რა თქმა უნდა, სიებს მხოლოდ მაშინ ჩახსნიან, რაც პარლამენტის უფლებამოსილებას სცნობენ. თუმცა, როგორც არ უნდა ვთქვათ, მანამდე ხელისუფლების ეს მესიჯი მაინც მუშაობს და ამ პროპაგანდის დასაპირისპირებლად ეს ნაბიჯი სწორია.
„არ ვიცი გახარია რას და როგორ ფიქრობს და რას აპირებენ. შესაძლოა ის თვლიდეს, რომ ასეთი პროპაგანდისთვის დაპირისპირება საჭირო არაა და მოვლენებს მივყვეთო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ახლა იძულებული იქნება მუდმივად ამტკიცოს, რომ ის პარლამენტის შესვლას და მის ლეგიტიმაციას არ აპირებს", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
განმეორდება თუ არა 2020 წლის სცენარი
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამჯერად 2020 წლის სცენარი არ განმეორდება, როდესაც ოპოზიცია ჯერ არ სცნობდა ახალარჩეული პარრლამენტის ლეგიტიმურობას, საპროტესტო აქციებსაც მართავდა, მაგრამ შემდეგ, დასავლეთის შალავლობის შედეგად, პარლამენტში შესვლას დათანხმდა.
„2020 წლის სცენარის განმერების რისკი დღეს არ დგას. მაშინ არჩევნებს დასავლეთიდან ლეგიტიმაცია ჰქონდა. ოპოზიცია ჯერ არ შედიოდა, თავის პრინციპულობა გამოავლინა. უბრალოდ მერე პროცესში შარლ მიშელი ჩაერთო და საერთო ჯამში დასავლეთმაც მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესულიყვნენ და შევიდნენ, რამაც, სიმართლე გითხრათ, ოპოზიცია არ დააზიანა.
„დღეს დასავლეთიდან ასეთი მოწოდება არაა და ამიტომაც, თუ ოპოზიცია შევა, ბუნებრივია, დაზიანდება", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ 2020 წლის სცენარი განმეორდა, ოპოზიცია უბრალოდ განულდება.
„ახლა საქმე იმ დონეზეა მისული, რომ თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და პარლამენტში შევა, არანაირი პარტიების გაუქმება, რაზედაც ხელისუფლება ლაპარაკობს, აღარ დასჭირდება - ოპოზიციას ისედაც ექნება იმ 800 ათასი ამომრჩევლისგან სრული დისკრედიტაცია, ვინც მათ მხარი დაუჭირა.
„2020 წელს ვთვლიდი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო და იქ ებრძოლათ, მაგრამ დღეს მგონია, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ. თუმცა უნდა იცოდნენ, რომ თუ პარლამენტში არ შედიხარ, მაქსიმუმ ოთხი წელი იქნები ქუჩაში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" წავა იმაზე, რომ პარლამენტი იყოს „კოჭლი", მაგრამ მაინც იყოს. ამ ეტაპზე „ოცნება" პარლამენტს ლეგიტიმაციას მისცემს და მუშაობას დაიწყებს.
„ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ მაქსიმუმ ოთხი წელი ქუჩაში იქნება. ოპოზიციას დღეს მის ამომრჩეველთან თავის რეაბილიტაცია სჭირდება. გარკვეული უნდობლობა ყოველთვის იყო და დღესაც არის.
„ცესკო მათ ლეგიტიმაციას მისცემს და მანდატებს გადასცემს. ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ისინი პარლამენტის წვერები არ არიან და ჩახსნა კიდევ ერთხელ მოუწევთ. 2020 წლის სცენარის განმეორება ოპოზიციისთვის დამღუპველი იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".