
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 21 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოავქყენოს, რის შემდეგაც ათ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა უნდა მოიწვიოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს, ამასვე ამბობს ოპოზიცია და დასძენს, რომ "პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ" და არ შევლენ, ნაწილმა წერილობითაც მიმართა ცესკო-ს არ გაატაროს მათი სიები რეგისტრაციაში და პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს, თუმცა "ოცნება" ამბობს, რომ ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშეც დაიწყებს მუშაობას პარლამენტი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა, მაშინ "ქართულ ოცნებას" 90 მანდატი ჰქონდა, დღეს 89 აქვს. პირველი სხდომა წინა არჩევნებზეც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არჩევნები აღიარა და სხდომა ჩანიშნა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ პარლამენტი, მხოლოდ "ქართული ოცნების" 89 დეპუტატით მუშაობას დაიწყებს, თუმცა ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება.
"დაიწყებს, იმიტომ, რომ კანონიერებისთვის, პირველ სხდომას უნდა ესწრებოდეს ნახევარზე მეტი - მინუმუმ 76 დეპუტატი, ამდენი "ოცნებას" ჰყავს. შემდეგ მათ არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება უნდა სცნონ, არჩეულად კი ითვლებიან ისინი, ვისაც ცესკო შემაჯამებელ ოქმში შეიყვანს. კენჭი მთლიანად სიას ეყრება, "ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ ყველას უფლებამოსილება სცნოს, ან შეიძლება ყველასი არა და ვინმეზე თქვას, რომ აქ რაღაც საეჭვო არისო.
"თუ იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც სცნეს, არის ასი, ან ასზე მეტი, მაშინ პარლამენტი ამ მომენტიდან სრულ უფლებამოსილებას შეიძენს"-განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლია ასეთი სახის პარლამენტს, ხმალაძემ გვითხრა:
"შეძლებს ყველაფრის გაკეთებას, რისი უფლებაც აქვს პარლამენტს გარდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისა, რომელსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება. რომელსაც სჭირდება ხმათა სამი მეხუთედი, ანუ 90 ხმა, მაგალითად ასეთია სახალხო დამცველის არჩევის კვორუმი, ასეთია კონსტიტუციური კანონის მიღების კვორუმი, რომელსაც სჭირდება ორი მესამედის უმრავლესობა, ანუ სულ ცოტა 100 ხმა და ასეთია ასევე კონსტიტუციური კანონის მიღების კვორუმი სამი მეოთხედი, მინიმუმ 113 ხმა, ესაა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც მაშინვე ამოქმედდება - აი ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მან შეაფასა პოლიტიკური თვალსაზრისით თუ როგორ გამოიყურება პოლიტიკურად პარლამენტი თუ ის ერთპარტიულია.
"ასეთი რამ წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნები ძალიან წესიერად ჩატარდა, კანონის სრული დაცვით, რომლის შედეგად, საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ერთმა პარტიამ გადალახა და მეტი არავინ. ამ შემთხვევაში, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო, მაგრამ ზოგადი შეფასება ის იქნება, რომ ასეთი პარლამენტი ზოგადი დემოკრატიული პრინციპებისგან შორს დგას, ანუ პოლიტიკურად ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ამ ქვეყნის საზოგადოება თავისი შეხედულებით და განვითარების დიონით ასევე შორს დგას დემოკრატიულის საზოგადოებისგან.
"დემოკრატიულ საზოგადოებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისა და შეხედულებების არსებობა, აქედან გამომდინარე, პარლამენტი ერთფეროვანი არ არის ხოლმე. თუ საზოგადოებამ ერთპარტიული პარლამენტი შექმნა, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ საზოგადოებაში ნიველირებულია მრავალფეროვნება, მაგალითად როგორიცაა ჩრდილოეთ კორეაში.
"გაცილებით მძიმედაა საქმე იმ დროს, როცა ერთპარტიულობა ხელისუფლების ძალადობრივი მოქმედებებითაა გამოწვეული. ძალადობრივში ვგულისხმობ ყველაფერს, იქ მოსყიდვასაც, ტექნიკურ სიყალბეების ჩადენასაც და უამრავ სხვადასხვა რამესაც. თუ პირველი შემთხვევა საზოგადოების განუვითარებლობის შედეგია, მეორე შემთხვევაში ასეთი შედეგის მიზეზი ხელისუფლების არაკონსტიტუციური მოქმედებაა, ანუ ბრალი ხელისუფლებაზე გადადის.
"ორივე შემთხვევაში პოლიტიკური შედეგი ისაა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს ასეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სურვილიც უქრებათ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ერთპარტიულობა ხელისუფლების არაკონსტიტუციური მოქმედების შედეგია. ასეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობას პრაქტიკულად წყვეტენ და საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში, ასეთი ხელისუფლების მიმართ იყენებენ სხვადასხვა სახის სანქციებს - ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევას აჩერებენ და ქვეყანა პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება ხოლმე",-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო და პარლამენტიც კანონიერად დაიწყებს მუშაობას.
"საქართველოში მეორედ ხდება, რომ მრავალპარტიული პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პირველად ეს 2003 წელს იყო, როცა პარლამენტში შვიდი პარტია შედიოდა, მაგრამ მიშა სააკაშვილის ე.წ.-მა და გარედან დაფინანსებულმა რევოლუციამ გააკეთა ის, რომ ქვეყანა სწორი რელსებიდან გვერდზე გადაიყვანა და გააკეთა ის, რაც მთელი 9 წლის მანძილზე აკეთებდა.
"ახლა, როცა ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი უნდა შედგეს. რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. უნიკალური ელექტრონული არჩევნები ჩატარდა. ბაში-აჩუკის არ იყოს - "გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე ეგ შენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო", ანალოგიური სიტუაცია აქვთ დევანდელ ოპოზიციას, რომელიც 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ბეჭებზე დასცა და ახლა კოტრიალობენ.
"ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხისგან ლეგიტიაცია აქვს და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებასაც წარმართავენ. ვაცადოთ ცოტა ხანი და ოპოზიციონერები "ქართულ ოცნებას" შეასწრებენ პარლამენტში",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ექნება საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია. როგორც ბეჟაშვილი „ფეისბუქზე" წერს, კონსტიტუციით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი, დეპუტატები კი ცესკო-მ უნდა დაარეგისტრიროს. მისივე თქმით, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკო-ს, არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ.
„კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი.
დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ხდება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე - ცესკო-მ უნდა დაარეგისტრიროს/დაადასტუროს მინიმუმ 100 დეპუტატის არჩევა.
რა არის ჩვენი მიზანი? მიზანია არჩევნებს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია.
შესაბამისად, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკო-ს არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ.
ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების" 89 დეპუტატი მარტო, პარლამენტი კი ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება.
სხვა შემთხვევაში ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმს და ამ ოქმის საფუძველზე მოხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ამის შემდეგ მანდატებზე უარის თქმა, იქნება მხოლოდ უარი მანდატებზე და არა გაყალბებული არჩევნების საფუძველზე დაკომპლექტებული პარლამენტის დელეგიტიმაცია.
ვინც ამბობს, რომ ასეთი პროცედურა არ არსებობს - ტყუის.
პასუხი კონსტიტუციაშია (არაა აუცილებელი ყველაფერი საარჩევნო კოდექსში ეწეროს) სწორედ კონსტიტუციური პრინციპია, რომ ადამიანს ვერ დააძალებ რაიმე თანამდებობის დაკავებას, მისი ნების წინააღმდეგ. შესაბამისად ვერ ცნობ მის უფლებამოსილებას თუ ის წინასწარ აცხადებს უარს.
ასე, რომ ვაჩვენოთ ერთიანობა და მოვახდინოთ გაყალბებული პარლამენტის დელეგიტიმაცია",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.