ნატალია ჯვარიძე
13.11.2024

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე, ჯემალ გამახარია 15 ნოემბერს აფხაზეთში დიდ წინააღმდეგობასა და შეტაკებას ვარაუდობს. ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით კი, „პარლამენტში" ორმხრივი წინააღმდეგობაა - სადავო კანონის მიღება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების არ გამორიცხავს, რაც მისივე აზრით, აფხაზურ ეკონიმიკას საერთოდ ჩამოშლის.

„ეს კანონი პირველი მოსმენით ე.წ. პარლამენტის სხდომაზე არ გავიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „პარლამენტის" ზოგიერთი წევრი წინააღმდეგია, დიდი ალბათობით, ახლა გავა, რადგან „პარლამენტზე" ძალიან სერიოზული ზეწოლაა, როგორც მოსკოვიდან, ისე ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით პრეზიდენტის აპარატიდან", - აღნიშნა არეშიძემ.

ჯემალ გამახარიას განცხადებით კი, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მოხდება თუ არა დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა, თუ ასე იქნება, გამახარიას აზრით, ამას მინიმუმ, დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლების დაკარგვა მოჰყვება.

„ასეთი წინააღმდეგობა იშვიათად მახსენდება, კანონის გატანის წინა დღეებში რომ იყო, იმაზე დიდი უკმაყოფილებაა ახლა. ველოდები ძალიან დიდ შეტაკებას, წინააღმდეგობას ზეგ 15 ნოემბერს. ძნელია იმის თქმა, ეს მიღებული იქნება თუ არა, მაგრამ მიღების შემთხვევაშიც, ამას განხორციელება სჭირდება.

„განხორციელების ეტაპზეც დიდი წინააღმდეგობა იქნება. დე ფაქტო არჩევნები მოდის და ოპოზიცია ამას კარგად გამოიყენებს. ოპოზიცია ბჟანიას სთავაზობს, არჩევნებს დაელოდოს, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს და ამ პროგრამით გავიდეს არჩევნებზე - კანონი ინვესტიციების შესახებ, საკონსტიტუციო კანონი, აპარტამენტები.

„ამით გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და თუ მხარდაჭერას მიიღებს, წინააღმდეგობა შეწყდება. ამიტომ, თუ ეს ყველაფერი მიღებული იქნება, მინიმუმ მოხდება ის, რომ ბჟანია ხელისუფლებას დაკარგავს. წინასაარჩევნო ფონი ამ დოკუმენტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენთან რომ იდგა ახლა საკითხი - ევროპა თუ რუსეთი, რაც ჩემი ღრმა რწმენით მოგონილი იყო და რეალურად არ იდგა, აქ, სინამდვილეში დგას საკითხი ყოფნა-არყოფნის.

ყველა შეთანხმება, კანონი, რუსეთის ზეწოლით იღებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, მიმართულია ანექსიისკენ. ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას კიდევ ამ მიმართულებით და ამას ეწინააღმდეგება საზოგადოება", - აღნიშნა გამახარიამ.

გარდა ამისა, ჯემალ გამახარიას თქმით, რუსულ მედიაში გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ თუ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, ის რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი.

„აფხაზები ინვენსტიციების წინააღმდეგები კი არა, იმ პირობების წინააღმდეგები არიან, რა პირობებითაც ისინი შემოდის. წარმოიდგინეთ, ვითომ ვიღაც დიდ სიკეთეს გიკეთებთ, თქვენ წინააღმდეგი ხართ და რადგან წინააღმდეგი ხართ, გსჯიან. მუქარებია (რუსულ მედიაში) - რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რაღაც ზომები მიიღოს ამ აბუნტებული ხალხის წინააღმდეგ და ჩააცხროს ეს ყველაფერი.

„გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი, თუ ეს ასე გაგრძელდება. კარგად ჩანს, ვის ინტერესებშია ეს ე.წ. ინვენსტიციები, რომელიც აფხაზეთში უნდა შემოვიდეს და ვითომ ამით აფხაზეთი აშენდება, ცხოვრების დონე ამაღლდება, ბიუჯეტი გაიზრდება და ა.შ. ამას იარაღით და ძალის გამოყენებით გააკეთებს რუსეთი - ამასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ", რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატაიფიცირებას ეწინააღმდეგება.

ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის" ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა გუშინ, ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა.

მამუკა არეშიძის შეფასებით, თუ აფხაზების სიჯიუტე გაგრძელდება, მაშინ მათ გაცილებით მძიმე სანქციები დაეკისრებათ. თუმცა, მისივე თქმით, კანონის მიღებაც გაანადგურებს აფხაზურ ეკონომიკისა და ბიზნესს.

„მოსკოვმა აფხაზები ულტიმატუმის წინაშე დააყენა იმ თვალსაზრისით, რომ თუ მათი სიჯიუტე გაგრძელდება, მაშინ იმ სანქციების გარდა, რომელიც უკვე შემოღებულია, ვგულისხმობ ტრანშების შეჩერებას, დენის მიწოდების გაძვირებას, უფრო უარესიც დაემატება.

„აქ განიხილება რამდენიმე ადამიანისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და კიდევ სხვა საქნციები - საზღვრის ჩაკეტვა, პროდუქტის არშესყიდვა და ა.შ. როგორც თბილისი განიცდის ზოგიერთი დასავლური ქვეყნიდან ზეწოლას, ისე განიცდის აფხაზეთი მოსკოვიდან.

„აფხაზეთი სხვანაირად მოწყობილი რეგიონია. რადგან ისინი ცოტანი არიან, იქ ძალიან აქტიურია კლანური ცხოვრების წესი. აქედან გამომდინარე, ბარიკადის ორივე მხარეს ერთმანეთის ნათესავები არიან და არავითარ შემთხვევაში საქმეს იქამდე არ მიიყვანენ, რომ ადგილი ჰქონდეს შეიარაღებულ დაპირისპირებას.

„იმის მიუხედავად, რომ ასლან ბჟანია აფხაზური საზოგადოების თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, მე ეჭვი მეპარება, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ის ხელისუფლებას დაკარგავს, რადგან ამ გამოწვევის გასამკლავებლად მას მაინც აქვს ძალა.

„მას მოსკოვი უჭერს მხარს. ამიტომ თითოეული აფხაზი აცნობიერებს, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა მათ მკაცრად მოექცეს. მათ კარგად იციან, რომ ამ ზამთარში ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩებიან.

„ფინანსური დახმარება ხომ შეწყვეტილია და ახლა ამას დაემატება დენის საკითხი. აფხაზეთის ენერგოსისტემა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მტერს არ ვუსურვებ. 30 წლის განმავლობაში კომპანია „ჩერნომორენერგოს" მდგომარეობის გამოსასწორებლად თითი არ გაუნძრევია.

„კერძოდ, ამ სადენების 80% სავალალო მდგომარეობაშია. დენის უზარმაზარი რაოდენობა, 25-30-% სადენების სიძველის გამო იკარგება. თანხის ამოღება სულ არის 45%, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძირითადად გალის რაიონიდან ხდება. დანარჩენი აფხაზეთის ტერიტორიიდან ამოღება ძალიან დაბალი პროცენტითაა.

„საბოლოო ჯამში, ისეთი მდგომარეობაა, რომ აფხაზური ენერგეტიკა სულს ღაფავს. ამიტომ თუ ისინი გაჯიუტდებიან და ეს მათ ძალიან კარგად იციან, დეკემბრის პირველი რიცხვებიდან უკვე დარჩებიან უდენოდ, ამას პლუს პენსიებისა და სოციალური ტრანშების გარეშე იქნებიან.

„მეორე მხრივ, თუ კანონი მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზური ეკონომიკა და ბიზნესი საერთოდ ჩამოიშლება, რადგან იმ ახალი კანონით განსაკუთრებული შეღავათები აქვს რუსულ ბიზნესს, რომელიც აფხაზეთშინიმუშავებს.

15 ნოემბერს, „პარლამენტთან" აქციას ველოდები, თუმცა ძალიან დაბალი შანსია, რომ თავისი გაიტანოს ამ ოპოზიციამ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×