
ოპოზიცია ბრძოლას რამდენიმე მიმართულებით აგრძელებს და კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. მათი აზრით, არ უნდა შეწყდეს ქუჩაში აქციები, ასევე მოხდეს ოპოზიციური სიების ჩახსნა და გაგრძელდეს სამართლებრივი ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა.
სწორედ ამ ბრძოლის გაგრძელება იყო ცესკოსთან ქალების საპროტესტო აქცია, ლოზუნგით "დავიბრუნოთ ჩვენი ხმა". მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აღიარებენ და მოითხოვდნენ, რომ ცესკოს შენობაში განცხადება ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე დაეტოვებინათ.ცესკოს შენობასთან პოლიცია და აქციის მონაწილე ქალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას.
როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ.
აქციის მონაწილეებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლა უნდოდათ რისი საშუალებაც მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეები ცესკოსთვის ინდივიდუალური განცხადებით მიმართვას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
კოალიცია ,,ძლიერისაქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ქალების პროტესტს შეუერთდა.
“ბატონო გიორგი, თქვენი მეტსახელი იქნება მშიშარა გიორგი. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე და დღეიდან გვეყოლება გიორგი მშიშარა, რომელსაც ეშინია მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტის. ის 10 ათასი ხელფასი, რომელიც გაქვთ არის ჩვენი დანიშნული, ჩვენ გიხდით თქვენ ხელფასს. თქვენ იპარავთ საქართველოს მომავალს. პირველად ვნახე დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც ქალების აქციის შეეშინდა. ყველა კაცი კაცი არ არის, დაიმახსოვრე კობახიძევ.” - განაცხადა ანა დოლიძემ მიმართვისას.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის რატი იონათამიშვილის თქმით კი ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სინამდვილეში ოთხი პროექტია, ავტორიც და პატრონიც ერთი ჰყავს.
„ახლა ამ პარტიებზე მინდა ვილაპარაკო, რომელიც სინამდვილეში 4 პარტია კი არ არის, არამედ არის ოთხი პოლიტიკური პროექტი და ამ ოთხ პროექტს ჰყავს ერთი ავტორიც და ერთი პატრონიც. უბრალოდ ამ პატრონს ჰქონდა ერთ-ერთი მიზანი წინასაარჩევნოდ, რომ ისე შეეფუთა ეს ყველაფერი, რომ ცრუ აღქმები გაეჩინა ჩვენს საზოგადოებაზე და ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაგალითად „ლელოს“ და „გახარიების“ პარტია, არ გაეიგივებინა "ნაციონალურ მოძრაობასთან".
„ჩვენ შეგვიძლია მათი პატრონები ამაზე შევაქოთ კიდევაც, ვინაიდან მეტნაკლებად ამ ცრუა ღქმებისგანვითარებას მათი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიაღწიეს. მაგრამ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ახლა ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, ვინაიდანის, რომ ამ პარტიებს აქვთ სხვადასხვა სახელები, ეს არ ნიშანვს, რომ ისინი სხვადასხვა პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პროექტები არიან, და ისინი ერთი ავტორისა და პატრონის მხრიდან იმართებიან და აქ მახსენდება ხოლმე გრიგოლ რობაქიძის კლასიკა, რომ გველი კანს იცვლის, მაგრამ ზნეს არა. ამ ოთხივე პარტიას აქვს ერთი ზნეც და ერთი მიზანიც, ეს მიზანი რა არის - ებრძვიან საქართველოში ოჯახურ ტრადიციებს, საქართველოში გამჭვირვალობის პრინციპს და მშვიდობას", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე კი ამბობს, რომ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ერთობა, მიუხედავად მათ შორის არსებული მწვავე დაპირისპირებისა:
"ოპოზიციური პარტიების ერთმანეთზე თავდასხმების მომხრე მე არ ვარ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა და მწვავე დაპირისპირებისა. ასევე, მიუხედავად ჩემი პერსონალური დამოკიდებულებისა, მათ შორის, გახარიასა და მისი პარტიისადმი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში ოპოზიციური ერთობა.
„ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, გახარიას პარტიასაც ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ ის პარლამენტში არ შევა. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია თავისი სტრატეგია აირჩიოს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ახლა გაგვეკეთებინა ეს და თუ ცესკო უარს იტყოდა, შემდეგ პარლამენტშიც ვიზამთ იმავეს. გახარიას პარტიაში, ამ შემთხვევაში სხვანაირი წარმოდგენა აქვთ და სხვანაირად უყურებენ ამ პროცესს, უფლებამოსილების ცნობის მერე იზამენ, თუ შემაჯამებელ ოქმამდე, ეს კონკრეტულად ამ პარტიის გადასაწყვეტია.
„თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ დიდ სურათში, რასაც ჰქვია პარლამენტის არალეგიტიმაციის საკითხი, ძალიან მცირე წვრილმანებია, რაზე გამოკიდებაც არ არის მნიშვნელოვანი.
„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარლამენტში ვერავინ შევა და ყველა, ვინც ამ პარლამენტში შესვლას დააპირებს ოპოზიციიდან, ძალიან მყარად და მკაფიოდ ეცოდინება, რომ ეს არის მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა და მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული და სამუდამო აკიდება იმ იარლიყის, რასაც ჰქვია მოღალატის იარლიყი,"- აცხადებს ანა წითლიძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რა თქმა უნდა, ყველა დღე, რომელიც პოლიტიკურად ამ არჩევნების ლეგიტიმაციის მინიჭებას გულისხმობს მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელისუფლება ეცდება, რომ რაც შეიძლება ეს პროცესი დროში დააჩქაროს.
„კი ბატონო, მესმის ოპოზიციის და ვფიქრობ მათ უკეთესად იციან და ხვდებინ რას შეიძლება ხელისუფლება ცდილობდეს. ფაქტია „ოცნებას“ დასავლეთიდან ვერ მიღებული ლეგიტიმაციის ფონზე მას ძალიან ეჩქარება, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით მაინც სამართლებრივად გაიფორმოს.
„ამიტომ როგორც ჩანს, დროში ჩქარობენ. კი ბატონო, ოპოზიცია ალბათ ეცდება, რომ ეს დღე იყოს პროტესტის მხრივ გამორჩეული. ასეც უნდა იყოს, მაგრამ არ მგონი, რომ ვინმე პარლამენტში შევარდნას და რაიმე პროვოკაციას ეცადოს.
„ეს იქნება მწვავე სახის აქცია, შესაძლოა გარკვეული პატარა დაპირისპირებებიც მოხდეს პოლიციასთან, მაგრამ ოპოზიცია რა თქმა უნდა, უნდა ეცადოს, რომ ეს იყოს მშვიდობიანი აქცია. არც ის არის გამორიცხული ხელისუფლება ეცადოს გარკვეულ პროვოკაციებს და ა.შ. მაგრამ ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატოს.
„მიუხედავად ამის, მე მაინც მიმაჩნია, რომ მთელი რესურსი და პროტესტის მაქსიმალური ენერგია პარლამენტის პირველი სხოდმის დღეს უნდა იყოს მიმართული. ეს დღე მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. ტაქტიკურად გამართლებული კი ორივე დღეს აქციის მოწყობა მიმაჩნია“,-ამბობს ჩიტაძე.
მისივე თქმით, მთავარი გადამწყვეტი პროცესი დასავლეთის საბოლოო რეაქცია იქნება. „ოცნებას“ ახლა ჰაერში გამოკიდებული აღიარება პრობლემას უქმნის. თუკი ის ამტკიცებს, რომ ევროპისკენ მიდის და მისი გზა არ არის რუსეთი, მაშინ ამას დასავლეთიდან აღიარება სჭირდება. ამიტომ საბლოოდ ყველაფერი მაინც დასავლეთის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
„მე ვფიქრობ ბევრი რამ მაინც დასავლეთზეა დამოკიდებული. ამიტომ თუკი იქიდან სანქციები იქნება და რომელიმე „ოცნების“ პოლიტიკური ლიდერის დასანქცირება მოხდება, მაშინ შესაძლოა რაღაცა უკან დახევაზე იფიქრონ. სხვაგვარად ჯერჯერობით ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციონ. მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთის რეაქცია კიდევ უფრო გამძაფრდება და „ოცნება“ ასე მარტივად ვერ გამოძვრება“,-ამბობს ჩიტაძე.