თამთა ჩაჩანიძე
14.11.2024

ოთხშაბათს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა 26 ოქტომბრის არჩევნები გააკრიტიკეს და ევროკავშირის შემდგომ შესაძლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნების "უსამართლო პოლიტიკის შედეგია".

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მოწყვლადი საკითხი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, რომელიც ფაქტიურად გამზადებულია და თაროზე დევს. შემდგომი ნაბიჯები კი დამოკიდებულია იმაზე ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები როგორ განვითარდება.

ნაწილი ანალიტიკოსებისა კი აცხადებს, რომ ევროკავშირს თავად არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის ასეთი გაწყვეტა და მკვეთრი სანქციებისგან თავს შეიკავებს.

ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად: ამა თუ იმ ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი შესაძლებელია წამოჭრას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ, ქვეყნების ჯგუფმა, ანდა თავად ევროკომისიამ.

სავიზო ლიბერალიზაცია შესაძლებელია შეჩერდეს პირველ ჯერზე 9 თვით და შემდეგ, დამატებით - 18 თვით [ჯამში 27 თვე]; 9-თვიან პერიოდში შესაძლებელია დაიშვას გარკვეული გამონაკლისები ადამიანების გარკვეული კატეგორიებისთვის; თუმცა 18-თვიანი პერიოდი „სრულ შეჩერებას" გულისხმობს.

შესაბამის აქტებს გამოსცემს ევროკომისია.

ევროკავშირის საბჭოში საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით [55%] წყდება - საკმარისია 15 ქვეყნის თანხმობა 27 წევრიდან - ხმები უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს].

შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნალი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ფაქტიურად გამზადებულია და თაროზე დევს, მისი შეჩერება-არშეჩერების საკითხი კი იმაზეა დამოკიდებული თუ საქართველოში რა პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნება.

"ეს დამოკიდებულია იმაზე, თავად ხელისუფლება როგორ მოიქცევა უახლოეს პერიოდში, რადგან პირველი პრობლემა რაც "ქართულ ოცნებას" აქვს. ესაა ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. თუ პროტესტებში წავიდა და ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, ამან შეიძლება ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს.

"ბევრი რამ დამოკიდებულია თუ როგორ მოიქცევა "ქართული ოცნება" მიღებულ კანონებთან დაკავშირებით - დაიწყებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ, თუ არა, ბევრი რამ ამაზე იქნება დამოკიდებული.

"ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჯერჯერობით შეთანხმება არაა, ამას კი გადაწყვეტს პირველ რიგში ლეგიტიმაციის ამბავი, რომ ჯერჯერობით ამ ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგრობა არ სცნობს და არავის არ მიულოცია, გარდა ხუთი ქვეყნისა. მეორეა, თუ როგორ მოიქცევა "ოცნება", რამდენად წავა რეპრესიულ ნაბიჯებზე და რამდენად გაამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს. თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით წავიდა, ბუნებრივია, მერე დადგება ეს (ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი) ჩავთვალოთ, რომ ეს გამზადებულია და თაროზე დევს.

"ქართული ოცნება" არ იმჩნევს, მაგრამ სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. იგივე პრემიერის ვიზიტი რომ ვნახოთ, ბოლოს ბუდაპეშტში რომ იყო, აშკარად ემჩნეოდა ის ფაქტი, რომ იზოლირებულია. ეს ქვეყნისთვისაა წარმოუდგენელი და უბრალოდ დიდხანს ვერ გაგრძელდება. ხელისუფლებამ კანონები სავაჭროდ დაიტოვა, კობახიძემ განაცხადა კიდეც, რომ თუ რამე, შეიძლება დისკუსია დავიწყოთო.

"კანონები დისკუსიის გარეშე მიიღეს, რა ახლა დროს ესააა? ჯერ დისკუსია უნდა გამართულიყო და მერე მიეღოთ თუ საჭირო იყო. ჯერ მიიღო და მერე ივაჭრო, ეს ნაკლებადმისაღებია. თან არა მგონია კანონების გაწვევა სავაჭრო საგანი გახდეს, რადგან ხელისულფებას, რომელიც ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილი, თუ ერთხელ გაუვიდა, მეორეჯერაც გააკეთებს. ეს კანონები სულ რომც გაიწვიონ, ეს ხელისუფლება დემოკრატიული რომ ვერ გახდება, ყველამ ვიცით და არც ბიძინა ივანიშვილი იქნება დემოკრატი. ეს ევროკავშირშიც მშვენივრად იციან.

"ბევრი რამ დამოკიდებულია საზოგადოება როგორ მოიქცევა უახლოესი თვეების განმავლობაში. სავარაუდიდ, კულმინაციური მომენტი მაშინ დადგება, როცა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება და ქვეყანაში მოვლენები როგორ განვითარდება",- განაცხადა კაკაჩიამ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ყველაზე მოწყვლადია, თუმცა ევროკავშირი ამაზე დიდი ალბათობით არ წავა.

"რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი სახიფათო თემაა, ნეტარი ცხოვრების უფლება არ გავქს. სირთულეები იქნება, თუმცა ეს რამდენად სერიოზული იქნება, ახლა ამის თქმა ძნელია. თუნდაც იმიტომ, რომ ევროპარლამენტში ქალების კრიტიკული გზავნილების გარდა, სადაც ერთი კაციც ერია, იყვნენ გამონაკლისებიც საკმაოდ მკაფიო პოზიციით, რომელთა შეჯერებით შესაძლოა არ მივიღოთ ისეთი რადიკალური პოზიცია, რომელიც ერთი შეხედვით ჩანს. რეპლიკები იყო, რომ ევროკავშირიც დამნაშავეა, რომ ასეთ მდგომარეობაშია და ა.შ.

"ეს რეპლიკები იმას გულისხობს, რომ იმ პოზიციების ულაპარაკოდ გაზიარება კარგი არ იქნება, რომელიც ქართული ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. გავიხსენოთ, რომ ევროპარლამენტში გამომსვლელი ქალები სწორედ ისინი არიან, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერდნენ მხარს და მათი მხრიდან ეს ხაზი ახლაც გრძელდება, განსაკუთრებული არაფერია.

"ქართული საზოგადოება კრიტიკულადაა განწყობილი თავად სააკაშვილის მიმართ და ამიტომაც მგონია, რომ არ მივლენ იმ პოზიციამდე, რომ ეს საზოგადოება ანტიევროპულად განაწყონ. თუკი ევროკავშირი მთლიანად სააკაშვილს უჭერს მხარს, მაშინ არც ჩვენ ვიქნებით ევროკავშირთან ურთიერთობით დიდად აღფრთოვანებული - ასეთი საკითხის დაყენება თავად ევროკავშირს არ აწყობს და თუ თავისი ინტერესით იხელმძღვანელა, საქართველოს არ უნდა დაუპირისპირდეს",- განაცადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რა თქვეს ევროპარლამენტში დებატებზე

„საჭიროა გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნების კანდიდატად. მეტად ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამას სევდით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ", - თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპის პასუხი ძლიერი უნდა იყოს.

"საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ორ საკვანძო პრინციპს უნდა გავყვეთ.

"პირველი - მასიური საარჩევნო თაღლითობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, რომლებიც ძალიან კარგად დოკუმენტირებულია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მძიმე დარღვევაა. შედეგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ხალხის ნება დამახინჯებულია და საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

"მეორე - პლურალისტური დემოკრატია გარდაუვალად მოიაზრებს ორივე - ოპოზიციისა და პოზიციის - არსებობას დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. ამასობაში, დემოკრატიული ძალების პროტესტის შემდეგ საქართველოს ახალი პარლამენტი ერთპარტიულ ორგანოდ რჩება. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ შეიძლება აღიარებულ იქნას ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

"ჩვენი პასუხი ძლიერი უნდა იყოს. პირველი - მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და მოვითხოვოთ საარჩევნო თაღლითობისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. მეორე - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს ჩვენი შესაძლებლობაა დავიცვათ საერთო ევროპული ღირებულებები და მხარში დავუდგეთ თავისუფალ ქართველ ხალხს," - განაცხადა ჟალიმასმა.

ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა კი განაცხადა, რომ ქართველები ჭკვიანი და ამაყრი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ „არ სურთ ბრიუსელის ცისარტყელას" დღის წესრიგისთვის დანებება".

„საპარლამენტო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი, იქ ვიყავი ადგილზე, ვიგრძენი, რომ იქ ზეწოლის არანაირი გრძნობა არ იყო.

"ოპოზიციას თავისუფლება ჰქონდა არჩევნებში გამოსულიყო და საშუალება ჰქონდა მთავრობის თავისი კრიტიკა წარედგინა. ეუთოს დილის ბრიფინგი ამბობდა, რომ იყო დაძაბული, მაგრამ ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნები. რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ არცერთი, რომელიც არჩევნების საერთო სამართლიანობაზე მოახდენდა გავლენას.

"ქართველები ჭკვიანი ხალხია, მათ იციან, რომ მათი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია. მათ არ სურთ ძალების ბლოკებს შორის კონფლიქტში ჩათრევა. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ არ სურთ ბრიუსელის "ცისარტყელას" დღის წესრიგისთვის დანებება.

"პატივი ვცეთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს, პატივი ვცეთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ვისწავლოთ საქართველოსგან, რომ მსოფლიო წესრიგში ჩვენს პოზიციაზე ზედმეტი წარმოდგენა არ შევიქმნათ", - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

"საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა, ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული" , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას, „მმართველმა პარტიამ ისინი ამ მიზანს დააშორა".

„მან რუსული სტილის კანონები მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციების „იარლიყის მიკერებასა" და ე.წ. "გეი პროპაგანდაზე".

"მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა. ძალიან ბევრი ცნობა იყო ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის, ორჯერ ხმის მიცემისა და ძალადობის ინციდენტების შესახებ ბოლო საარჩევნო პროცესის დროს. საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა. ეს ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული. არჩევნების სამართლიანობა ძირეული ევროპული ღირებულებაა.

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. თუ მას მისი ხალხის ევროპული ინტეგრაციის სურვილის პატივისცემა სურს - მან უნდა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და შეაბრუნოს თავისი კურსი," - განაცხადა ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა.

როგორ ეხმიანებიან ევროპარლამენტის დებატებს საქართველოში

"ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცილურ ქსელში დასავლეთის მისამართით წერს.

"საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ;

"გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას;

"ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.

"ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე", - წერს შალვა პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი შედეგი არ მოაქვს ხოლმე და მთავარი კომისიების გადაწყვეტილებებია.

„არაერთი ქვეყნის ოფიციალურ პირს არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები არის ცალკეული პარლამენტის წევრების განცხადებები და მათ არავითარი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. მთავარი არის კომისიების გადაწყვეტილებები. დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები და მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია.

"ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე პოლიტიკოსს და პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხალხს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და ხმამაღლაა უნდა დააფიქსიროს პოზიცია, როდესაც ემუქრებიან, რომ თქვენ ამ ბენეფიტს, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ არ აირჩიეთ ის ძალა, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ორმაგი, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი, რომელიც არ არის მისაღები ორ თანასწორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში," - განაცხადა გორდულაძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტში გამართული დებატები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

„ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როდესაც ჩვენ ევროპელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს ევროკავშირის კარი არის ღია თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების" პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივიღეთ ის, რომ გუშინ ევროპარლამენტში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი.

"ევროპარლამენტარები დეტალურად საუბრობდნენ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც, მათ შორის, საკუთარი თვალით იხილეს. ამომრჩევლის დაშინებაზე, ზეწოლაზე, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე, ბიულეტენების ჩაყრაზე, ფარულობის პრინციპის ტოტალურ დარღვევაზე - ამ ყველაფერზე დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, განვითარების შანსი და ეკონომიკური კეთილდღეობის შანსი, რომელიც თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო მიმართული", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×