
ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაში აქციებზე გადის, ამიტომ არცერთი დღე პროტესტის გარეშე არ უნდა იყოს. მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების და მოპარული ხმების დასაბრუნებლად სამოქალაქო საზოგადოება დემონსტრაციებს განაგრძობს.
15 ნოემბერს, 17:00 საათზე, "დაიტოვე" რესპუბლიკის მოედნიდან საპროტესტო მსვლელობას გეგმავს, ხოლო 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან დამკვირვებლები გადიან. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, კვირას სწორედ ის ადამიანები იქნებიან ავანგარდში, რომლებმაც საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ „გაყალბდა“ არჩევნები.
ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ. ამიტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება ქუჩიდან ბრძოლის მოწოდებას იქამდე, სანამ არჩევნები ხელახლა, თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება.
„რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და ვამბობდე, რომ აღარ შემიძლია, მაინც შემიძლია, სახლში ვერ ვჩერდები და აუცილებლად მივდივარ. თუ არ ვარ ქვეყანაში, ვიცი, რომ ჩემი მეგობრები იქ არიან და მეც მთელი გულით და სულით იქ ვარ", - ამბობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე.
დავით ქაცრავა კი ამბობს, რომ სახლში ჯდომის დრო აღარ არის.
„სახლში ჯდომის დრო ბუნებრივია არ არის. ყველამ უნდა გადავინაცვლოთ ქუჩებში, არამხოლოდ პარლამენტთან, არამედ უამრავ სხვადასხვა ლოკაციაზე. პროტესტი უნდა გაიზარდოს და მოიცვას მთელი საქართველო", - ამბობს დავით ქაცარავა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი თვლის, რომ ქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია "ქართულ ოცნებას" უკან დახევას აიძულებს.
დიპლომატი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაჟღერებული მწვავე გზავნილებს აფასებს და პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
„დღეს შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დღის წესრიგში დადგა უკვე არსებული ფორმატების, როგორიც არის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ რუსეთის სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა არჩევნების სახით, მიმართული იყო სწორედ ქართველი ხალხის ევროპული მომავლის გასაუქმებლად.
„ვემზადებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომისთვის მომავალ კვირას, ვემზადებით ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისი ტექსტისთვის, რაც შექმნის იმ ზეწოლას ივანიშვილზე, რომელიც ქვეყნის შიგნით მწვავე პროტესტთან ერთად რუსეთს უკან დახევას აიძულებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციაში აქციებთან დაკავშირებით კი ერთიანი აზრი არ არსებობს. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათ მიაწოდონ მტკიცებულებები, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამდგარი შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს პროცესი ხანგრძლივია და ის რამდენიმე დღეში ვერ მოგვარდება.
"სცენაზე კეკლუცი, ფოტოების გადაღება და იქიდან მაღალფარდოვანი შეძახილები არ არის ჩვენის საქმე. ჩვენი საქმე არის საქმის კეთება და ხალხის გვერდში დგომა, როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა იმისათვის, რომ ამ ქვეყნიდან მიაწოდონ მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რათა ამ პარლამენტმა არ მიიღოს ლეგიტიმაცია, ძალიან მარტივი საქმე ნამდვილად არ არის.
„ქვეყნის შიდა ლეგიტიმაცია არ არსებობა, ოღონდ საერთაშორისო პარტნიორებისთვის მტკიცებულებების მიწოდება, მათთან თანამშრომლობა, მათი დარწმუნება, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდა ქართველი ხალხის ნდობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ამ პროცესში თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ ნაბიჯებს აქვს მნიშვნელობა.
„არ მინდა, მოქალაქეებს მოლოდინი შეუქმნა, რომ არსებობს ისეთი წამალი, რომელსაც ხვალ მოვიგნებთ და ამ პროცესს, ამ პრობლემას გადაწყვეტს და მოარჩენს. ეს არის გრძელვადიანი საკითხი, რამდენიმეთვიანი საკითხი, სადაც ჩვენ არ უნდა დავიღალოთ. ჩვენ კი არ უნდა დავიღალოთ, ჩვენ უნდა დავღალოთ ხელისუფლება. ამიტომ, სამოქალაქო პროტესტს, აქციებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მოქალაქეების აქტიურობაც და მხარდაჭერაც", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რამდენად ყალბია ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები, რადგან, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, პროკურატურაში მტკიცებულებების წარდგენა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
"ქვეყანაში არ არსებობს მუხტი იმისა, რომ რევოლუცია მოხდეს, გადატრიალება. ამის საფუძველი უნდა არსებობდეს. და როდესაც ეს ყველაფერი ყალბია, რაზეც საუბრობენ, რაზეც მიუთითებენ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს გაყალბების. ხალხი ამას ხომ გრძნობს, ხომ უყურებს ამას, იგივე ის უცხოელებიც, ხომ უყურებენ ამას?“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციას არანაირი გეგმა არა აქვს და ეს არაერთხელ უკვე გამოჩნდა. შესაბამისად, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას და ფუჭი იმედის მიცემას აგრძელებენ.
„ოპოზიცია ერთ რამეს ვერ ვხდება, რომ „გაბრაზებულ“ ხალხს, როგორც თავად ამბობენ, ასე მალე არაფერი დაშლის. უმეტესწილად ძნელია თავმოყრილი ხალხის დაშლა, იმდენად უნდათ ხოლმე ერთად ყოფნა. 11 ნოემბერს კი, როგორც თავად ოპოზიცია აპიარებდა, ამხელა ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ჩამოვიდნენ მხარდასაჭერად და იმ ხალხის რაოდენობის 1%-იც კი ვერ გამოიყვანეს, რომლებმაც ოპოზიციას არჩევნებზე ხმა მისცა.
„ეს ყველაფერი ხომ უკვე ოპოზიციისთვის ცუდია და ხედავენ რომ საპროტესტო მუხტი დაბალია. შესაბამისად, ოპოზიცია ცდილობს გეგმების შეცვლას, რადგან შიში აქვს, რომ რაც უფრო დროში გაიწელება ეს პროცესი, ხალხი მით უფრო შემოეფანტებათ. ამიტომ ხან პარლამენტის პირველ სხდომამდე გეგმავენ დიდი აქციას, ხან შემაჯამაბელი ოქმების დროს, ხანაც 15 ნოემბერს და ა.შ. ხალხის ასეთი უზარო ტარებით , საპროტესტო მუხტი საერთოდაც გაიფანტება, განიავდება“,-ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ხნის განმვლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის კიდევ უფრო დიდი რაოდენობა გამოეყვანათ ქუჩაში, პირიქით, მათი რაოდენობა შემცირდა.
„გაურკვევლობა, რომელიც თავად ოპოზიციის შიგნით არსებობს, ამის აღიარება არ უნდათ და სულ იძახიან, რომ გეგმა აქვთ, მაგრამ არ ამბობენ. ჩვენი ოპოზიციის პირველი შეცდომა ის არის, რომ ყველაზე დიდ ფსონს დებენ აქციებზე, ხალხის პროტესტზე. არადა ჯერ აქციები ასეთი უნივერსალური საშუალება არ არის იმისთვის, რომ პოლიტიკური ძვრები გამოიწვიოს, მითუმეტეს, როცა გარეთ ხალხის საკმაოდ მცირე რაოდენობა გამოდის.
„არჩევნების დღის შემდეგ ხალხის გაბრაზება კი არ გაიზარდა, კიდევ უფრო შენელდა. ამიტომ ოპოზიცია არის ჩამოკიდებული იმ რესურსზე, რომელიც რეალობაში არ არსებობს.
„ცესკოს შემაჯამებელი დღე იქნება, თუ პარლამენტის პირველი სხოდმა, ისევე ჩაივლის, როგორიც აქამდე გვინახია. ოპოზიცია ცოტა სიტუაციის დაძბვას შეეცდება, იქნება გაქაჩვა - გამოქაჩვა, მაგრამ ვერაფერს შეძლებენ“,-ამბობს საყვარელიძე.