თამთა ჩაჩანიძე
14.11.2024

"დაიბრუნე ხმა"- ამ ლოზუნგით პარლამენტთან 17 ნოემბერს აქცია კვლავ გაიმართება. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ხალხს თავად მოუყვებიან " რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე", ასევე, იურისტები მომხდარს სამართლებრივად შეაფასებენ, აქციის ორგანიზატორები კი ხედვას და მოქმედების გეგმებს გააცნობენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს "ოცნება" დათმობებზე წამსვლელი არ ჩანს და არც აქციებს აქვს მძლავრი მხარდაჭერა ხალხისგან, რომ ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვიოს, ამიტომ ოპოზიციას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ქუჩაში მინიმუმ ერთი წელი მოუწევს დგომა.

"რთული სათქმელია, ოპოზიცია ამ გამოსვლებით რა მნიშვნლოვან წარმატებას მიაღწევს შიდა პოლიტიკაში. "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით რაღაც არ ეტყობა და არც მგონია, რომ რაიმე დათმობებზე წავიდეს. რეალობა ისაა, რომ ჯერჯერობით ოპოზიციას საპროტესტო აქციებზე ისეთი მძლავრი მხარდაჭერა არ აქვს, რომ ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვიოს.

"ოპოზიციას ბევრი მუშაობა დასჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოების კონცენტრაცია მოახდინოს და გაააქტიუროს. ახლა ამ აქციებით ოპოზიციას ერთადერთი რაც შეუძლია მიაღწიოს ისაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაააქტიუროს და ორივემ ერთად ტანდემში იმუშაონ იმისთვის, რომ"ოცნება" აიძულონ რაღაც დათმობებზე წავიდეს, თუმცა ძალიან ძნელია და მიჭირს იმის თქმა, რომ ოპოზიციამ შეძლოს და ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნები ჩაანიშნინოს, ან რაღაც ამდაგვარი. ეს ალბათ ცოტა მოგვაინებით მოხდება.

"ჯერ არ ჩამოყალიბებულა ურთიერთობები და ზოგადად პოლიტიკა იგივე შეერთებული შტატების მხრიდან, არ ვიცით იქ რა და როგორ იქნება. არ ველოდები, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება რაიმეს დათმობს, ალბათ პარლამენტიც შეიკრიბება - არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც პარლამენტი და "ოცნება" საქმიანობას გააგრძელებს.

"ოპოზიციამ უნდა გათვალოს ის, რომ მას ელოდება ქუჩა მინიმუმ ერთი წელი მაინც, სადღაც გაზაფხულზე, ან მომავალი წლის შემოდგომით შეიძლება სურათი უფრო ნათელი გახდეს. თუ ოპოზიციას შეუძლია, რომ ამ ხნის განმავლობაში ქუჩაში იყოს და იყოს აქტიური, მაშინ შესაძლებელია, რომ რეალურად რაღაცას მიაღწიოს, ისიც თუ ჩვენს პარტნიორებთან ტანდემში იმუშავებს",- განაცხადა ვახტანგ აბირაძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პერმანენტული აქციების მიზანი საზოგადოების მუდმივი მზადყოფნაა, თუმცა უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო.

"პერმანენტული აქციების მიზანი ისაა, რომ საზოგადოება ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს არ შეეგუება. ამ აქციის ინიციატორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური პარტიები, თუმცა პროტესტს პარტიებიც შეუერთდებიან.

"უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს, სამეცნიერო და სხვა წრეების წარმომადგენლებს შორის. მნიშვნელოვანია პროცესში ჯენზის თაობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა, ისინი გაზაფხულზე კიდევ უფრო ატქიურები იყვნენ. გამარჯვება ერთ და ორ დღეში არ მიიღწევა, ბრძოლაა საჭირო.

"თუმცაღა, ამ ყველაფერთან ერთად, სანქციებმაც უნდა იმუშაოს, თუნდაც ტრამპის ადმინისტრაცია რომ მოვა, სანქციები ამოქმედდეს და ზოგადადაც, შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა იქნას გამოყენებული. ქვეყანაში რაღაც მოძრაობაც უნდა შეიქმნას კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიერ, რომელიც ხალხთან ურთიერთობაზე იმუშავებდა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რა წერია აქციის ანონსში

"აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, იურისტები გაგაცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შემოგთავაზებთ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე.

"2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა მათი არჩევანი და სხვების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მიითვისა ხმები. ეს არჩევნები არ არის!

"უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან არჩევნები არ იყო ფარული და თავისუფალი. ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ათასობით საქართველოს მოქალაქესთან და თავისუფალ მედიასთან ერთად გამოააშკარავეს არჩევნების გაყალბების სქემები და შეაგროვეს მტკიცებულებები.

„შედეგად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნეს სამართლიან და თავისუფლად არჩევნებად. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებს გამოაცალოს შინაარსი - ფარულობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც საფუძველს აცლის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ცხადია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ცხადია, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც კონსტიტუციურად გვეკუთვნის - ჩვენი ხმა და არჩევანის თავისუფლება!"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აზიარებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის ენმ-ს "ფეისბუქ" გვერდზეც გავრცელდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×