„ქართულ ოცნებას" ისევ იმედი აქვს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს შედგება, აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, ხოლო საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება დროებითი მოვლენაა. თუმცა, თავად აშშ-ში აცხადებენ, რომ „დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა".
როგორი იქნება დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით და რა ფაქტორები იმოქმედებს მის ფორმირებაზე?
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ტრამპის გადაწყვეტილებაზე გარკვეულწილად ორი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა, მისივე ვარაუდით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სტრატეგიული პარტნიორობა ასე უცებ ვერ აღდგება:
„ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეულწილად იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა დასკვნას დადებს ეუთო/ოდირი ჩვენს საპარლმენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე, რას იტყვის საბოლოოდ 16 დეკემბერს ევროკომისია. თუმცაღა მინდა გითხრათ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს ერთგვარი მემკვიდრეობითობა. ეს მემკვიდრეობითობა მდგომარეობს იმაში, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასე ერთი ხელის მოსმით არ იცვლება. შესაბამისად, ეს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა ასე ერთი ხელის მოსმით ვერ აღდგება".
პრემიერი ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება დროებითია. მისივე თქმით, „ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას".
„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებითაც, თუმცა, ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა პრემიერმა.
ოფიციალური განცხადებები
თუმცაღა თავად აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელების პოზიციაზე განსხვავებული განცხადებები კეთდება. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ცნობილი „მეგობარი აქტის" ინიციატორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, ამბობს, რომ დონალდ ტრამპიც „ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც, შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა".
„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც, შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა", - აცხადებს უილსონი.
მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს".
„ნამდვილად შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ განაგრძობს ქართველი ხალხი პროტესტს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად. ეს ერთგვარი ტრადიციის გაგრძელება გახლავთ, რაც წარსულში ბუქარესტში, აღმოსავლეთ გერმანიასა, ბუდაპეშტსა, თუ სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. გვახსოვს, როგორ წამოდგა მაშინ სრულიად საზოგადოება ფეხზე საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ, წინ აღუდგა ბოროტებას და თავისუფლებაც მოიპოვა.
„ხალხის ძალას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. საბოლოოდ, აუცილებლად თავისუფლება იმარჯვებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მომავლის დაცვის გზაზე წარმატებას მოიპოვებს და გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი", - აცხადებს ჯო უილსონი.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, უილსონი ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის.
„ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს.
„საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად", - განაცხადა ჯო უილსონმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა.
„ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებით ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებების უგულებელყოფა მოახდინა. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
ამასთან, ამერიკელი სენატორები თავიანთ განცხადებაში ქართველი ხალხის მიმართ კონგრესის მხარდაჭერის შესახებაც საუბრობენ.
„აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისა და იმ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის, პასუხისმგებლები არიან", - აღნიშნავენ სენატორები.
სენატორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის ამჟამინდელი გამოყენების შესახებ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და გარკვევით გამოხატვისკენ მოუწოდებენ
„ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს მოვუწოდებთ, რომ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ვალდებულება აიღონ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ამ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება", - აღნიშნავენ სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი.
რა შეიცვლება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, რადგანაც დღესი მდგომარეობით საქართველო აშშ-ის საგარეო პრიორიტეტებში წამყვანი ადგილი არ უჭირავს, მოკლევადიან პერსპექტივაში ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მითუმეტეს, რომ, მისივე თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ერთგვარი მემკვიდრეობითობა ახასიათებს.
„როცა ტრამპის ინაუგურაცია შედგება და მისი ადმინისტრაცია დაკომპლექტება, არ მგონია მათთვის საქართველო იყოს მაინცდამაინც პრიორიტეტული საკითხი, რომელზედაც დაუყონებრივი გადაწვეტილებები მიიღება, თუ რა თქმა უნდა, აქ სიტუაცია ძალიან არ აირია. ასე რომ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ გარკვეულ პერიოდს დაიჭერს. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენს, თუმცა ტრამპისთვის ჯერ პრიორიტეტია უკრაინა, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი და ა.შ.
„მე ვფიქრობ, უფრო გრძელვადიან ან საშუალო ვადიან პროგნოზისკენ რომ წავიდეთ, საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა დაეფუძნება აშშ-ის ინტერესებს რეგიონში. შესაბამისად, საქართველოს მოსთოხვენ მკაფიო პასუხს იმაზე, შენ ბოლომდე ერთგული ხარ პროდასავლური ორიენტაციის თუ არა? ამიტომ ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციისგან ასეთი მესიჯები წამოვა.
„საერთოდ კი მინდა გითხრათ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს ერთგვარი მემკვიდრეობითობა. ეს მემკვიდრეობითობა მდგომარეობს იმაში, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასე ერთი ხელის მოსმით არ იცვლება. შესაბამისად, ეს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა ასე ერთი ხელის მოსმით ვერ აღდგება, მაგრამ საქართველოსგან მოითხოვენ ახსნა-განმარტებებს. შეიძლება შედგეს გარკვეული კონტაქტები და ისინი მოითხოვენ ცალსახად იმის დადასტურებას, რომ საქართველო მყარად დგას პროდასავლურ რელსებზე და ხელს უწყობს აშშ-ის ინტერესების გატარებას რეგიონში.
„ამიტომ, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება", მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, ამაზე ინფორმირებულია და შესაძლოა ემზადებიან, თუ რა პასუხები დაახვედრონ იმ კითხვებს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციიდან წამოვა.
„თუმცა, აქ საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ზოგადად, ქართულმა საზოგადოებამ ჯერ უნდა განვლოს ის ძალიან რთული პერიოდი, რის წინაშეც ვდგავართ. მართლია, მე ჯერ სერიოზული კრიზისის ნიშნებს ვერ ვხედავ, მაგრამ კრიზისის წინაპირობები არსებობს. ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული როგორ გაუმკლავდება ამ კრიზისს. ამას თვალყურს ვაშინგტონიდანაც ადევნებენ და შესაბამისად, თუკი ეუთო/ოდირმა ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მისცა, ამის შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება" დაელაპარაკოს ტრამპის ადმინისტრაციას.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: პირველი, ეს არის რას იტყვის საბოლოოდ ევროკომისია 16 დეკემბერს საქართველოზე და რასაკვირეველია, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება ჩვენს საპარლამენტო არჩევნებზე. დიდწილად სწორედ ეს განსაზღვრავს ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას საქართველოსთან და ჩვენი ხელისუფლების პოზიციასაც", - აღნიშნა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
მისივე თქმით, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კი შეაჩერა, თუმცა საქართველოს ბოლომდე ხელს ვერ ჰკრავს.
„სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ იმ პროგრამებზე, რაც ამ სტრატეგიული პარნტიორობის ფარგლებში ხორციელდებოდა, ფინანსები აღარ გამოიყოფა; აღარ განხორციელდება ღონისძიებები, რაც დაგეგმილი იყო. ეს შეჩერება გასტანს მანამდე, ვიდრე ოფიციალური თბილისი და ვაშინგტონი არ მიაღწევენ ურთიერთგაგებას იმ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც გაწერილია ამ შეთანხმებაში.
„სხვათა შორის, შევახსენებ ყველას, რომ საქართველო მოიაზრება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პარტნიორად, ქვეყნად, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს. ასე რომ, ეს ყველაფერი კომპლექსურად განიხილება და საქართველოს მოსთხოვენ პასუხებს, თუ რამდენად მზად არის ჩაჯდეს იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია და მისი მიმყოლი ევროკავშირი გაატარებს უკრაინასთან მიმართებაში, ზოგადად რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში, რადგან საქართველო არაა მსოფლიო დღის წესრიგისგან და უსაფრთხოების არქიტექურიგან იზოლირებული ქვეყანა. ამიტომ საქმე არაა ისე, რომ საქართველოს ხელი ასე მარტივად ჰკრან, სჭირდებათ მათ ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლებამ ეს იცის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".