ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, შეწუხებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ნატოს ქვეყნების არჩევნებში ყოველგვარ ჩარევას ვგმობთ. გვაწუხებს ის რაც მოლდოვაში მოხდა, კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ აშკარაა, რომ ჩარევა იყო. ამავდროულად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნების მათი დემოკრატიული პრინციპის შესაბამისად ჩატარება შეძლო", - განაცხადა მარკ რუტემ.
„რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც თავად საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ საჭიროა საქართველომ პირველ რიგში შიდა საქმეები მოაგვაროს. მისივე თქმით, ფაქტობრივად, საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობა გაწყდა.
„პირველ რიგში, კონსტიტუციური სამართალი უნდა უნდა აღდგეს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ნატოს გენერალური მდივანი სწორია. ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უკვე აღარავინ საუბრობს. შეიძლება ხელისუფლება გაკვრით ახსენებს, მაგრამ ნატოში ინტეგრაცია უკვე დიდიხანია ტაბუდადებულია მათი მხრიდან.
„ალბათ, ეს საკითხი ნატოს გენერალურ მდივანს აღელვებს, რადგან საქართველოს ჰქონდა საკმაოდ კარგი მდგომარეობა, ჩვენ ახლოს ვიყავით, რომ ნატოს კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, თუმცა, დაახლოებით სამი წელია ეს პროცესი საერთოდ გაიყინა. ასე რომ, ამ მიმართულებით სიტუაცია საგანგაშოდაა.
„ნატოში დიდი ხანია სამხედრო წვრთნები არ იმართება და ასევე, არცერთხელ არ გამართულა ნატო-საქართველოს კომისია. ახლა, რომ ჩატარდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იქაც არ ესწრებოდა ჩვენი ე.წ. მინისტრი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაწყდა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ნატოს გენერალური მდივნის კომპეტენციაში შედის საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების შესახებ პოზიციის დაფიქსირება.
„როგორც მოგეხსენებათ, ნატო გახლავთ დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოება. კი ბატონო, ის არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომლის ძირითადი პრინციპი კოლექტიური უსაფრთხოებაა, თუმცა, ნატოს წევრობისთვის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უპირველესი მოთხოვნა არის ის, ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, დემოკრატიულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თუ საქართველოს სურს დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარდტები, პირველ რიგში აღნიშნული საკითხები უნდა მოგვარდეს დემოკრატიული თვალსაზრისით.
„აქედან გამომდინარე, ნატოს გენერალური მდივნის კომპეტენციაში ასევე შედის დემოკრატიის საკითხები და საქართველოში პოზიციის დაფიქსირება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებათა დაცვის შესახებ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".